აფერხებს თუ არა წონის კლების პროცესს ღამე ჭამა?

დღესდღეისობით ძალიან პოპულარულია კალორიების დიეტა, ანუ დიეტა, რომლის დროსაც ხდება ადამიანისათვის საჭირო დღიური კალორაჟის გამოთვლა, შემდეგ ამ რაოდენობას ამცირებენ ისე, რომ შეიქმნას კალორიების დეფიციტი, რაც ხელს უწყობს წონის კლებას.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ ყოველდღიურად წონის შესანარჩუნებლად გჭირდებათ 1800 კალორია, 1500 კალორიის მიღების შემთხვევაში იქმნება 300 კალორიის დეფიციტი. ორგანიზმი ამ დეფიციტს ცხიმის მარაგებიდან მოიხმარს და წონა იწყებს კლებას.

საკმაოდ გასაგები სქემაა, თუმცა დღეს მინდა შევჩერდე იმ შეცდომაზე, რომელიც მსგავს დიეტას ახლავს – ეს არის კალორაჟის გადანაწილება. ბოლო დროს ხშირად მხვდება მოსაზრება, რომ არა აქვს მნიშვნელობა თუ როდის მიიღებ შენთვის საჭირო კალორიებს, თუ გჭირდება წონის დასაკლებად 1500 კალორიის მიღება, შეჭამ შენ ამ ენერგეტიკული ღირებულების საკვებ პროდუქტებს დილით, საღამოს, თუ ძილის წინ – არა აქვს მნიშვნელობა. ორგანიზმს ეს 1500 კალორია ესაჭიროება საარსებოდ, მას ცხიმად არ შეინახავს და წონის კლების პროცესი არ შეჩერდება.

საკმაოდ მარტივი განსაზღვრებაა. დაახლოებით ასე, მე თუ მანქანაში ჩავასხავ 20 ლიტრ ბენზინს, დილით ვივლი თუ ღამით, ამ რაოდენობის საწვავი მაინც 100 კილომეტრს გამატარებს. ძალიან სწორხაზოვანია არა? მაგრამ ადამიანი რომ უფრო რთულადაა მოწყობილი და გარდა ენერგო დანახარჯებისა, მის ორგანიზმში სხვა პროცესებიც რომ მიმდინარეობს? ან იგივე კითხვა სხვანაირად დავსვათ, თუ ვიძინებთ ძილისთვის განსაზღვრულ 8 საათს დღისით და ღამით ვიფხილზლებთ, რა პრობლემაა? ხომ შეიძლება ასეც არსებობა? – შეიძლება, თუმცა ადამიანის ბიორიტმების და ჯანმრთელობის დარღვევის ხარჯზე, მუდმივი სისუსტის და დაღლილობის შეგრძნებით.

რატომ არ არის კარგი ღამე ჭამა? რა ხდება დღისით, როცა არ ვჭამთ და ღამე რა პროცესებს ვუშლით ხელს? როგორ მოქმედებს ჭამის რეჟიმი ორგანიზმზე და ცხიმის წვაზე?

რა ხდება, როცა დღისით არ ვჭამთ?

გავიხსენოთ, რომ წონის კლება მარტო ცხიმის კლების ხარჯზე არ ხდება. დღის საათებში, როცა არ ვჭამთ, ორგანიზმი საჭირო ენერგიას პირველ რიგში, უფრო ადვილად ხელმისაწვდომი ქსოვილებიდან იღებს – ეს არის კუნთოვანი ქსოვილები. ამის გამო, კუნთოვანი ქსოვილები ამ დღის პერიოდში უფრო მეტად ზარალდებიან, ვიდრე ცხიმოვანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმში ცხიმის პროცენტული რაოდენობა მატულობს. ანუ კუნთების რაოდენობა უფრო მეტად მცირდება, ვიდრე ცხიმის რაოდენობა. კუნთები კი თავის მხრივ ცხიმის ყველაზე დიდი მომხმარებელია და ნივთიერებათა ცვლა მათი შემცირების შედეგად უფრო ნელდება.

ამიტომ საჭიროა, რომ კალორიები დღის განმავლობაში თანაბრად იყოს განაწილებული.

ახლა კი მეორე მიზეზის შესახებ,

რა პროცესები მიმდინარეობს ღამე ადამიანის ორგანიზმში?

ბევრჯერ გვსმენია, რომ ძილის წინ ჭამა არ არის კარგი და დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე უნდა მოვრჩეთ კვებას, რადგან ეს მავნებელია ნივთიერებათა ცვლისთვის და ხელს უწყობს წონის ადვილად მომატებას.

ძილის დროს ორგანიზმი ძალების აღდგენის და დასვენების რეჟიმში გადადის. ეს პროცესი მიმდინარეობს გარკვეული ჰორმონების გამომუშავების დახმარებით, რომელთა შორის ძირითადია ზრდის ჰორმონი – სომატოტროპინი (ხომ გაგიგიათ გამოთქმა – ადამიანი ძილში იზრდებაო?). ღამე სომატოტროპინის გამოყოფა სისხლში მაქსიმალური რაოდენობით ხდება. ამ ჰორმონს არა მარტო სიმაღლეში ზრდის დაჩქარების ფუნქცია აქვს, სომატოტროპინი აძლიერებს ცილების სინთეზს და ანელებს მათი დაშლის პროცესს, აფერხებს კანქვეშა ცხიმის დაგროვებას და მონაწილეობს ცხიმის წვის პროცესში.

თუმცა, ამ ჰორმონის გამოყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა სისხლში შაქრის დონე დაბალია. თუ ძილის წინ დანაყრდებით, ორგანიზმში იზრდება შაქრის კონცენტრაცია და იწყება ჰორმონ ინსულინის გამოყოფა. ეს ორი რეაქცია ერთად, აფერხებს ზრდის ჰორმონის გამოყოფას. გასაგებია რომ, ასეთ მდგომარეობაში ღამე ცხიმის წვის პროცესები არ ხდება.

გარდა ამისა, ეს პროცესები იწვევს დაღლლილობის შეგრძნებას, ადვილად დაქანცვას, ცუდ ძილს, წონის მატებას, ორგანიზმს აცლის სასიცოცხლო ენერგიას.

ამიტომ საჭიროა გაითვალისწინოთ, რომ ძილის წინ კვება ხელს უშლის სასიცოცხლო პროცესებს, რომელიც ბიორიტმებითაა განსაზღვრული. თუ ძილის წინ კუჭი არ იქნება სავსე საკვებით, ზრდის ჰორმონის გამოყოფა სრული მოცულობით მოხდება და ადამიანის ჰორმონალური ფონიც უკეთესი იქნება. შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირება თქვენი ჯანმრთელობის და კარგი აღნაგობის გარანტიაა.

გვსურს წონის კლება? ნუ შევუშლით ხელს ორგანიზმის ბუნებრივ პროცესებს, ნუ შევჭამთ ძილის წინ და რაც უფრო ცოტა დრო რჩება დაძინებამდე, მით უფრო მსუბუქად და ადვილად მოსანელებელი საკვები მივიღოთ, რომ კუჭმა მათი გადამუშავება დაძინებამდე მოასწროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.