როგორ შევარჩიოთ სპორტული ტანსაცმელი?

ვარჯიშის აუცილებელი ატრიბუტია სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. თუ სერიოზულად აპირებთ ვარჯიშით დაკავებას, მათ შერჩევას ყურადღებით მოეკიდეთ.  მოსახერხებელი და სწორედ შერჩეული სპორტული სამოსი კომფორტულია, გიადვილებთ ვარჯიშს, ამაღლებს მოტივაციას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გიცავთ ტრავმებისაგან – ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ფეხსაცმელს ეხება.

ტანსაცმელი

აღიარებულია, რომ ხელოვნური ბოჭკოს სამოსის ხმარება უფრო მოსახერხებელია ვარჯიშის დროს, ვიდრე ნატურალური ქსოვილისგან შეკერილის, მით უმეტეს თუ აქტიურად ვარჯიშობთ. სპორტული თეთრეული არ უნდა შედგებოდეს 100% ბამბისგან, რადგან მართალია ბამბა კარგად იწოვს სისველეს, მაგრამ შემდეგ საკმაოდ დიდი ხანი უნდება მის აორთქლებას. სველი ტანსაცმელი არასასიამოვნოა, მძიმდება და დისკომფორტს იწვევს. გარდა ამისა, ნესტიანი ბამბის ტანსაცმელი აქვს კანის გადახეხვის თვისება – კიდევ ერთი არასაურველი ფაქტორი. თანამედროვე სპორტული ტანსაცმელი მზადდება სპეციალური სინთეტიკური ქსოვილებისაგან, რომლებიც არ იწოვენ ნესტს, შეუძლიათ „სუნთქვა“ და სწრაფად შრებიან. ისინი მსუბუქი, რბილი და ელასტიურია, აქვთ მაღალი გამძლეობა და დიდი ხანი ინარჩუნებენ თავდაპირველ ფორმას.

სტანდარტული სპორტული ტანსაცმლის კომპლექტი შედგება სპორტული თეთრეულისაგან, მოკლე ტოპისგან, შორტებისაგან ან ბრიჯის სიგრძის ელასტიკებისაგან, კურტკის და შარვლისგან. ეს ნაკრები სავსებით საკმარისია ნებისმიერ ამინდში სავარჯიშოდ.

სპორტული სამოსის არჩევისას მნიშვნელოვანია მათი გარეგნული ფორმაც, რადგან ის უნდა გიხდებოდეთ და მოტივაციას გიმაღლებდეთ. თუმცა მხოლოდ გარეგნული ეფექტებით ნუ გააკეთებთ არჩევანს, სპორტული ტანსაცმელი სხეულზე როგორც მეორე კანი ისე ზუსტად უნდა გეჯდეთ, არსად გიჭერდეთ და არც გიხეხავდეთ სხეულს – თქვენ თავისუფლად და შეუზღუდავად უნდა მოძრაობდეთ მასში.

არასწორედ შერჩეული ტანსაცმლის ფორმა შეიძლება ტრავმების მიზეზიც კი გახდეს, რადგან სატრენაჟორო დარბაზში უამრავი რკინის გამოშვერილი დეტალებია, რომელსაც შეიძლება ტანსაცმლით გამოედოთ ან დაგეცეთ.

აქტიური ვარჯიშის დროს მოსახერხებელია თავზე შემოსაკრავის ხმარება, რადგან ოფლი საკმაოდ აღიზიანებს კანს. აქ ერთადერთი მოთხოვაა, შემოსაკრავი ძლიან არ გიჭერდეთ თავზე. სპეციალური სპორტული შემოსაკრავის გარდა შეგიძლიათ ჩვეულებრივი ბენდენაც წაიკრათ თავზე.

ბიუსტჰალტერი

ფიზიკური დატვირთვა გავლენას ახდენს მკერდზე, რადგან ვარჯიშის დროს მკერდი მოძრაობს. ეს როგორც უხერხულობას ქმნის, ასევე ტკივილსაც იწვევს. ხშირი ასეთი ზემოქმედების შედეგად კი შეიძლება მკერდის ფორმამ დაიწიოს, რაც ბუნებრივია არასასურველია. სწორედ ამ არასასიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლადაა შექმნილი სპეციალური სპორტული ბიუსტჰალტერები, რომელთა ხმარება ხსნის დისკომფორტს და მტკივნეულ შეგრძნებებს მკერდის არეში და იჭერს მას ბუნებრივ ფორმაში.

არსებობს სამი ტიპის ბიუსტჰალტერები, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ფიზიკური აქტიურობის დონისათვის:

  • მსუბუქი – იოგა და პილატესის მსგავსი მშვიდი ვარჯიშსათვის;
  • საშუალო – უფრო აქტიური ფიზიკური მოქმედებებისათვის – აერობიკა, სირბილი, ძალოვანი ტრენენგი;
  • მტკიცე – საკმაოდ მაღალი აქტიურობის ვარჯიშისათვის, როგორიცაა ტაი-ბო, ინსანიტი და მისთ.

სპორტული ბიუსტჰალტერების ჩაცმა პირდაპირ მაისურის სახითაც შეიძლება, ისინი ხარისხიანი ქსოვილისაგან იკერება, რომელიც კარგად იწოვს სისველეს და ცოტა აგრილებს სხეულს.

ფეხსაცმელი

ფეხსაცმლის არჩევას დიდი ყურადღებით მოეკიდეთ. სპორტული ფეხსაცმელი მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ყოველ მათგანს თავისი განსაზღვრული დანიშნულება აქვს. ამიტომ, სანამ არჩევანს გააკეთებდეთ, წინასწარ ჩამოყალიბდით როგორ ვარჯიშს აპირებთ. მაგალითად, თუ იწყებთ სირბილს, მისთვის სპეციალური ბოტასების შეძენაა საჭირო. მათ სპეციალური ზამბარისებრი ლანჩა აქვთ და ვენტილირებადი ჩანართი. ისინი იცავენ ტერფებს ტრავმებისაგან და უზრუნველყოფენ კანის ვენტილაციას. თუ სავარჯიშოდ სპორტულ კლუბში მიდიხართ, მაშინ ნებისმიერი სპორტული ფეხსაცმელი გამოგადგებათ. მთავარია მოსახერხებელი იყოს, არ უნდა ჰქონდეს მოლიპული ლანჩა, არ სრიალებდეს და ფეხს კარგად აფიქსირებდეს.

სირბილისათვის ბოტასის შერჩევისას მთავარი ყურადსაღები ფაქტორია ამორტიზირება, რათა სირბილის დროს ფეხზე დარტყმითი დატვირთვები შეამცირონ. ამორტიზატორები ძირითადად განლაგებული ქუსლთან და ფეხის წვერებთან.

ჩაიხედეთ ბოტასებში. როგორც წესი სარბენ ბოტასებს აქვთ შიგნით პატარა ბორცვაკი – ეს სუპინატორია, რომელიც სხეულის მასას თანაბრად ანაწილებს ფეხსაცმელში, რაც თავის მხრივ ხსნის დატვირთვას ხერხემალზე.

თუ ბუნებაში დარბიხართ, მაშინ ბოტასის ძირი უფრო აგრესიული უნდა იყოს, სხვადასხვა სპეცეფექტებით ძირებზე, მოჭიდების გასაზრდელად. მასალა, რომლისგანაც დამზადებულია ბოტასის ზედა ნაწილი, უნდა სუნთქავდეს, იყოს რბილი და მყარი. ფეხი რომ შიგნით არ სრიალებდეს, უმჯობესი ნატურალური მასალის ბოტასების შერჩევა – ბამბის და ტყავისგან. კარგია თუ ბოტასის ზედა ნაწილი ბადისებრი მატერიისგანა და ტყავის ნაჭრებისგანაა დამზადებული.

გარდა ამისა, სირბილისათვის საჭირო ბოტასების არჩევის დროს გასათვალისწინებელი ფაქტორია ტერფის პრონაცია (ტერფის შებრუნება შიგნით), ის ამცირებს დარტყმით დატვირთვებს, რომელიც თან ახლავს ფეხის მიწასთან კონტაქტს და ანაწილებს დარტყმას ტერფის მთელ ზედაპირზე.

ტესტი პრონაციის შესაფასებლად შემდეგნაირად ტარდება: დაისველეთ ფეხი და დადგით ის მშრალ ქაღალდზე. მიღებული სველი გამოსახულება გვიჩვენებს ტერფის პრონაციას.

ტერფის მაღალი თაღი – ეს არასაკმარისი პრონაციაა (ანუ სუპინაცია). ასეთ შემთხვევაში დიდი დატვირთვა მოდის წვივებზე და გჭირდებათ ბოტასები მაქსიმალური ამორტიზაციით. (კატეგორია: «flexible» – მოქნილი , «cushioned» – ამორტიზაცირებული)

 

 

ტერფის ნორმალური თაღი – ამ ტიპის ტერფის შემთხვევაში ყველაზე სირბილის ბიომექანიკა ნაკლებად პრობლემატურია. ფეხსაცმელი უნდა შეირჩეს სტაბილური და ტერფის დასაფიქსირებელი კატეგორიიდან. (კატეგორია:«neutral»– ნეიტრალური)

 

 

 

ტერფის მცირე თაღი – ბრტყელტერფიანობაა. მაღალი პრონაციის შემთხვევაში სირბილის დროს ხდება ტერფის შიგნით ჩატრიალება, რაც ხელს უშლის ბუნებრივ ამორტიზაციას და შეუძლია სხვადასხვა ტრავმების გამოწვევა. უპირატესობა უნდა მიენიჭოს სუპინატორიანი მოდელის ფეხსაცმლის არჩევას, რომელიც დაიცავს ტერფს დარტყმითი დატვირთვების დროს. (კატეგორია : «motion control» მოძრაობის კონტროლი, «stabillity» – სტაბილურობა)

სირბილისათვის ბოტასების არჩევისას ყურადღებას აქცევენ მის წონას. პროფესიონალი მორბენლები და მარათონელები ეკიპირების წონას  და ბოტასების თითოეულ გრამს აკონტროლენებ, თუმცა თუ თქვენ დიდ მანძილზე არ დარბიხართ, 50-100 გრამიან სხვაობაში განსხვავებას დიდად ვერ იგრძნობთ. შეარჩიეთ თქვენი მოთხოვნილებების მიხედვით.

და ბოლოს, წარმატებული შენაძენის შემთხვევაში, არ დაივიწყოთ გარკვეული დროის შემდეგ ბოტასების შეცვლა – ისინი ძველდება, კარგავს ფეხების დამცველ ფუნქციას და ტრავმების გამოწვევა შეუძლია. სამწუხაროდ, თავის დროზე მეც ყურადღება არ მივაქციე ამ საკითხს და ჩემი საყვარელი, საკმაოდ ხარისხისნი, მაგრამ უკვე მოძველებული ბოტასები მყესის სერიოზული დაზიანების მიზეზი გახდა, რის გამოც 2 თვე სირბილისთვის თავის დანებება მომიწია. არსებობს ასეთი პრაქტიკა – სირბილისთვის განკუთვნილ ბოტასებს ცვლიან 500-650 კილომეტრის გარბენის შემდეგ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *