რა არის ცელულიტი და მისი გაჩენის მიზეზები

ცელულიტი მუდამ არსებობდა, მაგრამ ისტორიის მანძილზე მის მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობდა. როცა ის გრძელი ფუშფუშა კაბების ქვეშ საიმედოდ დამალული და უცხო თვალისთვის მიუწვდომელი გახლდათ, ის თითქოს არც არსებობდა და არავის აღელვებდა. თუმცა, როგორც კი საკუთარი სხეულის გამომზეურება მოდური გახდა, ცელულიტი ჭარბ წონასთან ერთად ნომერ პირველ პრობლემად იქცა, ხოლო ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად კოსმეტიკურ სალონებში ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა ფიგურის კორექცია – წონაში დაკლება და ცელულიტის მოშორება გახდა.

როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ქალების 85% ამ პრობლემას კარგად იცნობს. ცელულიტი არა მარტო კოსმეტიკური, არამედ სამედიცინო პრობლემაცაა. „ფორთოხლის კანის“ არსებობს ხშირად მიგვითითებს ორგანიზმის არაჯანსაღ ფუნქციონირებაზე და გარკვეული დარღვევების არსებობაზე.

ცელულიტის წარმოშობის მიზეზები:

ცელულიტი შეიძლება ჰქონდეთ როგორც ჭარბწონიან, ასაკიან ქალბატონებს, ასევე ახალგაზრდა და გამხდარ გოგონებს. ცელულიტის ჩამოყალიბების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს ჰორმონალური დისბალანსი, სისხლის მიმოქცევის შემაფერხებელი მოვლენები, არასწორი კვება (ფასთ-ფუდი, არასაკმარისი მცენარეული საკვები, უმოძრაო ცხოვრების წესი, სტრესი, მავნე ჩვევები (ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება, სიგარეტი), მემკვიდრეობითი მიდრეკილება და ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობაც კი.

როგორც ხედავთ, მიზეზები უამრავია. ამიტომ არ არსებობს ერთიანი პანაცეა ცელულიტის მკურნალობისათვის. თუმცა გონივრულად შერჩეული კომპლექსი არა მარტო მის გარეგნულ მხარეს მოაწესრიგებს, არამედ მის წარმომშობ მიზეზებსაც.

როგორ ჩნდება ცელულიტი? 

როცა ცხიმოვანი უჯრედები იწყებენ ზრდას, მოცულობაში გაფართოებას და კაფსულირდებიან შემაერთებელი ქსოვილის ვიწრო შუალედებში, ირღვევა ლიმფური და სისხლის მიმოქცევა, რომელიც წყლის შეკავებას უწყობს ხელს. ჩნდება პრობლემები დაზიანებულ უბნებზე ჟანგბადის და საკვები ნივთიერების მიწოდებაში და რთულდება იქიდან შლაკების და ტოქსინების გამოდევნა. ამ დარღვევების შედეგად ჩნდება ცელულიტის ნიშანთვისებები – კანის რელიეფი ხდება არათანაბარი და ბურცოვანი, ემსგავსება ფორთოხლის კანს.

ექსპერიმენტალურად დაადგინეს, რომ ცხიმოვან ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის პროცესები დამოკიდებულია სისხლის მიწოდების და მისი მიმოქცევის ინტენსივობაზე. ცხიმოვან ქსოვილებში შემაფერხებელი ფაქტორების არსებობისას ადიპოციტების (ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედი) ლოკალური ჰიპერტროფია შეიძლება ნორმალური წონის პირობებშიც კი განვითარდეს. იმისათვის, რომ ადიპოციტმა მიიღოს ცხიმოვანი მჟავები და პირიქით გამოყოს სისხლში, მას უნდა ჰქონდეს კონტაქტი სისხლძარღვებთან. თუ ადიპოციტი კარგავს კავშირს მიკროცირკულაციასთან, ცხიმი უჯრედში „ჩაკეტილი“ აღმოჩნდება. ამიტომ არის, რომ წონის დაკლების მცდელობისას ცხიმი პირველ რიგში ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი ადგილებიდან მიდის, მაგალითად ფეხების ან მუცლის ნაცვლად იკლებთ სახეზე.

ყველაზე გავრცელებული შეცდომა ასეთ შემთხვევებში, ამ საკითხის მიმართ ცალსახა მიდგომაა – როცა ებრძვიან ჭარბწონიანობას, ივიწყებენ ცელულიტს, ხოლო როცა ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ ცელულიტის მიდამოებში ცხიმგროვებზე, ივიწყებენ ზოგადად ცხიმოვანი ქსოვილების არსებობაზე. ამის შედეგია წონაში დაკლების შემდეგ უცებ აღმოჩენილი ცელულიტი, რომელიც აქამდე არ ჩანდა, ხოლო ანტიცელულიტური პროცედურების დასრულების შემდეგ, ნაცვლად ბარძაყების ზედა ნაწილიდან ცხიმოვანი ფენების დაკლებისა,  ცხიმი მცირდება ლოყებზე, ხელებზე ან მკერდზე. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ცელულიტის არსებობა არაა პირდაპირ დამოკიდებული ჭარბ წონასთან, მათი ცალცალკე დამოუკიდებლად განხილვა არაა სწორი, როცა ფიგურის კორექციასთან გვაქვს საქმე.

ცელულიტის სტადიები:

გამოყოფენ ცელულიტის სამ სტადიას

1 სტადია – ამ სტადიაზე კანი სწორი და თანაბარი ჩანს. თუმცა საკმარისია დუნდულების და ბარძაყების კუნთების დაჭიმვა, რომ ჩნდება მცირე ბორცვაკები. ამ ეტაპზე ამჩნევ, რომ დალურჯებული და ნაჭდევი ადგილები გვიან შუშდება.

2 სტადია – ცხიმოვანი ფენები უფრო მკვრივი და ადვილი შესამჩნევები ხდებიან. მოვიქციოთ დიდ და საჩვენებელ თითს შორის კანის ნაკეცი – მივიღებთ ბორცვაკებიან და ორმოებიან ფენას. ზოგი დალურჯება შეიძლება საერთოდ არც გაქრეს.

3 სტადია – რელიეფური უთანაბრობები კანზე მოშვებულ მდგომარეობაშიც კი ჩანს, ხოლო დაზიანებული ადგილების ფართობი შესამჩნევად გაიზარდა. კანზე მცირე მირტყმა ან მოჭერაც კი საგრძნობ ტკივილს იწვევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.