რატომ არ მიდის წონა? – კუნთები VS ცხიმი

ყველაფერს სწორად აკეთებ და არ გაქვს შედეგი? ვერ იკლებ წონაში?


ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ სილამაზის მთავარი კრიტერიუმი სხეულის წონაა. ამიტომ წონის კლებას როცა იწყებენ და სასწორი ჯიუტად ერთ ადგილას დგას, თვლიან, რომ რაღაც შეცდომას უშვებენ და შედეგი არ აქვთ. თუმცა, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, რომ ამ პერიოდში სხეულის პარამეტრები და ზომები მნიშვნელოვნად შემცირებულია.

საქმე რაშია?

სხეულის აღნაგობა არ იანგარიშება მხოლოდ წონის მიხედვით.

ჩვენი სხეული შედგება წყლის, ძვლებისგან, კუნთებისგან და ცხიმისგან. ეს სხვადასხვა სიმკვრივის, მოცულობის და შესაბამისად სხვადასხვა წონის ქსოვილებია.

მოდით, გავიხსენოთ ფიზიკის ელემენტარული გაკვეთილები, ისეთი როგორიცაა წონა, მოცულობა და სიმკვრივე. ვთქვათ, წონა დარჩა იგივე, ხოლო მოცულობა შემცირდა. რა ნიშნავს ეს? – იმას, რომ თქვენი სხეულის სიმკვრივე გაიზარდა. ასევე იმას, რომ სხეულში დაბალი სიმკვრივის ქსოვილები ნაკლები გახდა, ხოლო მძიმე სტრუქტურიანი ქსოვილების რაოდენობა კი გაიზარდა.

ცხიმი – ეს არის მსუბუქი ქსოვილები, ხოლო კუნთები, ძვლები და წყალიც კი – უფრო მძიმეა ვიდრე ცხიმი.

ამიტომ სასწორი თუ იგივე წონას გიჩვენებთ და ჯიუტად დგას, ხოლო სხეულის მოცულობა შემცირდა –  თქვენ უნდა გიხაროდეთ, რადგან სხეულის სტრუქტურა გაუმჯობესდა. მსუბუქი ქსოვილები, ანუ ცხიმი მოიცილეთ, რაც ნიშნავს, რომ თქვენ სწორ გზაზე დგეხართ და შედეგი დადგა!

კუნთები უფრო მძიმეა, ვიდრე ცხიმოვანი ქსოვილები. თუ ძალოვანი ვარჯიშებით ხარ დაკავებული, მაშინ სანტიმეტრები შეგიმცირდება, ხოლო კუნთები გამაგრდება. შენ ფორმები მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდება, მაგრამ სასწორი არც ისე გაგახარებს. წონა ნელა წავა, შეიძლება მოგემატოს კიდევ, იმ შემთხვევაში, თუ 8 კილოზე მეტი არ გაქვს დასაკლები.

თუმცა სამწუხაროდ, აქ ფსიქოლოგიური მომენტი მუშაობს. სასწორი, რომელსაც ჩვენ შეფასების მთავარ კრიტერიუმად ვიღებთ, მოტივაციას გვიგდებს. სასწორის მაჩვენებელი არ იცვლება და მივაგდებთ დიეტას და ვარჯიშს და სასოწარკვეთილებაში ვვარდებით.

სხეულის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება, რაც მხოლოდ სპეციალისტებმა იციან. ძვლოვანი სისტემის სიმძიმე და სიგანე ცხოვრების მანძილზე იცვლება. ორსულობის შემდეგ და ჰორმონალური ფონის რაიმე ცვლილების გამო ძვლოვანი სისტემა უფრო მძიმე და ფართო ხდება. ამიტომ ქალებს, რომლებსაც ორსულობამდე არსებული ზუსტად იგივე წონის დაბრუნება სურთ, ეს ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. ადრინდელ წონას საშუალოდ 3-4 კილოგრამი ემატება. თუმცა ამაში არაფერია საგანგაშო, რადგან ეს 3-4 კილო არანაირად არ ცვლის, ქალის ფორმებს და აღნაგობას.

ამიტომ, ორიენტაცია უნდა სანტიმენტრებზე აიღოთ უპირველეს ყოვლისა, თუ ძალიან დიდი წონა არ გაქვთ დასაკლები. სანტიმეტრები არ ტყუიან, სასწორი კი ძალიან „ბრმად“ ზომავს!

რა უფრო მნიშვნელოვანია: წონა თუ ფორმები?

ფაქტია, წონის სწორად კლებისას, სანტიმეტრი და სასწორი ერთმანეთის საწინააღმდეგო შედეგებს გვიჩვენებენ.

სანტიმეტრით გარშემოწერილობის გაზომვა, უფრო რთულია, ვიდრე სასწორზე შეხტომა. კითხეთ თქვენს დაქალს, რამდენი დაიკლო ან მოიმატა? მას ეცოდინება ეს მაჩვენებელი კილოგრამებით, მაგრამ რამდენი სანტიმეტრით შეიცვალა პარამეტრები, წარმოდგენა არ ექნება.

შემჩნეული გექნებათ, რომ შეიძლება ზოგი მეტი წონით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე უფრო დაბალწონიანი. და პირიქით, ადამიანს ცხიმის ფენები დაუკვირვებელი თვალითაც კი ეტყობა, წონა კი ამ დროს ნორმის ფარგლებშია.

გამოერკვიეთ, რა არის თქვენი მიზანი? – სასწორის დაბალი მაჩვენებელი, რომელიც შუბლზე ნამდვილად არ გაწერიათ და არავინ იცის, თუ თავად არ ეტყვით, თუ კარგი აღნაგობა, რომელსაც ყველა ხედავს და აღნიშნავს?

დარწმუნებული ვარ იტყვით, რა თქმა უნდა გარეგნობა! – მაშინ ჯიუტად რატომ ებრძვით მხოლოდ სასწორის ციფრებს და ხარჯავთ მასზე უამრავ ნერვულ ენერგიას?

სხვათა შორის ერთი უტყუარი ფაქტი – თუ თქვენ გინდათ, რომ წონა რაც შეიძლება სწრაფად დაიკლოთ, ვგულისხობ წონას, რომელსაც სასწორი აჩვენებს, მაშინ ყველაზე კარგი გზა არაჯანსაღი დიეტაა და ვარჯიშზე უარის თქმა. თქვენ დაკარგავთ ცხიმსაც, მაგრამ კიდევ უფრო მეტს დაკარგავთ კუნთოვან ქსოვილებს, რომელიც მძიმეა და თქვენი წონა გაცილებით სწრაფად შემცირდება! დიახ, ყველაზე ეფექტური დიეტა წონისთვის – არაჯანსაღი დიეტაა.

თავად აარჩიეთ, გინდათ უბრალოდ სასწორის რამე საკრალური ციფრი თუ კარგი გარეგნობა. ჩვენს გარშემო უამრავი გამხდარი ადამიანია, რომლისთვისაც უთქვით, უი როგორ გამხდარი ხარ, მაგრამ არადროს უთქვამთ – რა შესანიშნავ ფორმაში ხარ!

რეზიუმე:

თუ თქვენ სწორი გზით იკლებ, ანუ თუ არ ხარ ექსტრემალურ დიეტაზე, ან ცილოვანზე ან მონო დიეტაზე და ხარ დაბალანსებულ კვებაზე – ეს ნიშნავს, რომ იკლებ ცხიმის ხარჯზე და ამიტომ, სანტიმეტრები უფრო მცირდება, ვიდრე კილოგრამები.
არასწორი კვების გამო, ცხიმოვანი ფენები იზრდება და მცირდება კუნთოვანი ქსოვილების სიმკვრივე.

კუნთები – ეს არის ფორმები, რაც ადამიანის ლამაზ აღნაგობას განსაზღვრავს. ეს კუნთები საჭიროებენ სწორ კვებას, მიკრო და მაკრო ნუტრიენტების მიწოდებას და ასევე ვარჯიშსაც, რათა გამკვრივდეს და გალამაზდეს. ცომეულის, ტკბილეულის და ჯანქ-ფუდის შემთხვევაში, კუნთებს საკვები არა აქვს, ამიტომ ისინი ფორმას კარგავენ და ეშვებიან.

სწორი კვების და ვარჯიშის შედეგად, ეს კუნთები აღდგებიან, მკვრივდებიან და წონას იმატებენ, თუმცა მოცულობაში ნაკლებ ადგილს იკავებენ. ხოლო ცხიმი, დაბალი სიმკვრივის ქსოვილები როცა მცირდებიან, სხეულში დიდ ადგილს ათავისუფლებენ, მაგრამ სასწორი არც ისე მნიშვნელოვან კლებას არ გიჩვენებთ.

გავიხსენოთ ბამბის და ოქროს შედარება – ოქრო მცირეა, მაგრამ დიდი წონა აქვს, ბამბა კი მსუბუქი, მაგრამ დიდ ადგილს იკავებს.

ასეა თქვენს სხეულშიც!

თქვენი კუნთოვანი მკვრივი ქსოვილები თქვენი ოქროა – რადგან ის ქმნის თქვენი სხეულის სილამაზეს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.