რომელი ვარჯიში უფრო ეფექტურია? ანუ სწრაფად მიზნისკენ

მინდა ვუპასუხო იმ კითხვას, რომელიც ძალიან ხშირად მესმის, მწერენ, მეკითხებიან – რომელი ვარჯიშია ეფექტური? ვფიქრობ, ფეისბუქის პოსტისთვის ეს შეიძლება ძალიან გრძელი გამოვიდეს და შემდეგ პოსტებში ჩაიკარგოს, ამიტომ ამ კითხვას ცალკე თემას მივუძღვნი.

ბევრი ფილოსოფიის გარეშე, მოკლედ და კონკრეტულად –

ვარჯიშის ეფექტურობა - იცოდე მიზანი! 

პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს მიზანი. როცა ვკითხულობთ რა უფრო ეფექტურია,აუცილებლად უნდა ჩამოყალიბებული გვქონდეს – რისთვის ეფექტური? რაა ჩვენი მიზანი? – წონის კლება, ფორმების კორექცია, სპორტული მაჩვენებლების ამაღლება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება?

ეს არის იმ ძირითადი მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელიც დამწყებ მოვარჯიშეებს აქვთ. ამიტომ პასუხს სწორედ მათ გავცემ და ამ მიზნებზე ვისაუბრებ, რადგან გამოცდილმა და სპორტული ცხოვრებით დაკავებულმა ადამიანმა ისედაც ძალიან კარგად იცის – ეს ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და არცერთი პროცესი არ ხდება დამოუკიდებლად. მაგალითად, დავიკელით წონაში (ვარჯიშის გამოყენებით) და ამ დროს არ გაუმჯობესდა ჩვენი გულის მუშაობა და ისევ ვქოშინებთ 2-3 სართულის ავლისას. მივაღწიეთ ფორმების კორექციას ვარჯიშით და ამ დროს სპორტული მაჩვენებლები იგივე დაგვრჩა – როგორც მხოლოდ 10 ჩაჯდომას ან აზიდვას ვახერხებდით პირველ დღეს, სამი თვის შემდეგ ისევ იგივეს ვახერხებთ მხოლოდ; ჩვენი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და ამ დროს ეს არ შეტყობია არც წონას, არც ფორმებს, არც ჩვენს ვარჯიშის შესრულების ხარისხს და ა.შ. – არა, ასე ნამდვილად არ ხდება. ერთი პროცესი აუცილებლად იწვევს მეორე ან სხვა რამდენიმე მაჩვენებელში ცვლილებას და გამიჭირდება გავიხსენო ისეთი ვარჯიშის სახეობა, სადაც მხოლოდ ერთ შედეგს მიიღებთ.

მაგრამ, როგორ ავარჩიოთ რა ჯობია, ცურვა თუ სირბილი, აერობიკა თუ ტრენაჟორები, ცეკვა თუ ტანვარჯიში? თუ აქედან ყველა წონაში აკლებინებს, რომელი ვარჯიში ჯობია?

როგორც ერთი ძალიან კარგ გამოთქმაშია, რომლის ავტორი აღარ მახსოვს – არ არსებობს ცუდი ვარჯიში, ყველაზე ცუდი ვარჯიშიც კი კარგია.

ყველაზე ცუდი ვარჯიშიც კი კარგია

თავს დავიზღვევ, რომ კრიტიკოსები არ შემომედავონ, რა თქმა უნდა მხოლოდ ერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს ცუდი ვარჯიშის – ეს როცა ხდება ჯანმრთელობის დაზიანება გაუფრთხილებლობით, ზედმეტი გადატვირთვით, არასწორი ვარჯიშის შესრულების ტექნიკის გამო და ა.შ

ნებისმიერი ვარჯიში კარგია!
ახლა კი ეფექტურობას დავუბრუნდეთ.

ეფექტურობა, ეს სასურველი მიზნის მიღწევაა. ეფექტურობა მაღალია, რაც უფრო სწრაფად მიიღწევა ეს შედეგი. დამწყებთათვის სასურველი შედეგების ჩამონათვალში ზევით უკვე შევთანხმდით – ეს რამდენიმე პროცესი ერთადაა, რომელიც დამოუკიდებლად არ ხდება.

რომელი ვარჯიშია უფრო ეფექტური და რომელი უფრო მალე მიმაღწევინებს შედეგს? “უფრო ეფექტური” – აი პრობლემა. რაც შეიძლება ნაკლებ დროში მეტი შედეგი.

პასუხი მარტივია – ყველა! და ამავე დროს არცერთი არაა ეფექტური, სადაც თქვენი აქტიურობა მაქსიმალური არ იქნება. დიახ, ვარჯიშის ეფექტურობა სწორედ თქვენზეა დამოკიდებული და არა (მხოლოდ) ვარჯიშზე. ვარჯიში ეფექტურია, თუ მას თქვენთვის შესაძლებელი სრული დატვირთვით ასრულებთ, ცდილობთ არ გაჩერდეთ ერთ ტემპზე, მომავალ ვარჯიშებში გეგმავთ გართულებას ან ცვლილებებს და ა.შ.

მაგალითად, სირბილი. ეფექტურია სირბილი? დიახ, ეფექტურია. თუ მიზანმიმართულად ვარჯიშობთ, გაქვთ უწყვეტი რეჟიმი, დროში ნელნელა ხანგრძლივობას უმატებთ, ცვლით ტემპს, ინტერვალურ დატვირთვებს, ცვლით ტრასას და ა.შ.

თუ თქვენ უხალისოდ, ისევ მოშვებულ დაბალ ტემპში ვარჯიშობთ როგორც პირველ ვარჯიშზე, დიდი ხანი ინარჩუნებთ ერთი და იგივე დროს, ტემპს, ტრასას, თუ არ ქმნით სირთულეებს თქვენს სავარჯიშო რუტინაში, აკეთებთ იმას, რაც ადვილია თქვენთვის – სირბილი აბსოლუტურად არაეფექტურია. მცირე შედეგს მხოლოდ საწყის ეტაპზე მივიღებთ და ამით პროცესი დასრულდება.

მაგალითად ზუმბა. შევადაროთ 2 მოვარჯიშის ეფექტი. გვერდიგვერდ ორი ადამიანი ვარჯიშობს. ერთი ცდილობს მაქსიმალურად შეასრულობს დავალება, აკეთებს მოძრაობებს დიდი ამპლიტუდით, აქტიურად ჩართული აქვს ხელები, მთელი ენერგია მობილიზებული აქვს, სახე უცინის, იღებს პოზიტიურ მუხტს. მეორე კი, უკვე თითქმის სამი თვეა დადის ვარჯიშზე, როგორც პირველ ვარჯიშზე, ახლაც მუსიკის ქვეშ ისე ძიგძიგებს ადგილზე როგორც ხალხმრავალ დისკოტეკაზე, სადაც განსაკუთრებული არაფერი მოეთხოვება ადამიანს, გარდა ადგილზე დენდარტყმულივით პატარა მოძრაობების შესრულებისა, მხრების გაქნევა-გამოქნევის და მარჯვნივ-მარცხნივ ფეხების მონაცვლობით მიდგმისა, ხელები ჩამოშვებული აქვს, ან ალაგ-ალაგ უმისამართოდ გაიქნევს და თან სახეზე აწერია „ნეტა ვარჯიში როდის დამთავრდება“. დიახ, ზუმბა ეფექტურია, მაგრამ რამდენად ეფექტურია ამ ორი ადამიანისათვის? ხვდებით ხომ პასუხს, პირველ შემთხვევაში ეფექტი გვაქვს, მეორე შემთხვევაში ვიღებთ ნეგატიურ გამოხმაურებას – „ზუმბა არაეფექტურია“.

ასე შემიძლია გავაგრძელო სხვადასხვა ვარჯიშების ჩამონათვალით. თუმცა მთავარი არსი მგონი გავარკვიეთ. ეფექტს იძლევა ვარჯიში, სადაც თქვენ სრულად ღებულობთ მონაწილეობას, სადაც თქვენ თავს დებთ, სადაც მზად ხართ სირთულეებისთვის, ითხოვთ ამ სირთულეებს და ამ ყველაფრით იღებთ სიამოვნებას.

აუცილებლად აარჩიეთ ის ვარჯიში, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ!

თუ თქვენმა მეგობარმა სატრენაჟორო დარბაზში დაიკლო, თქვენ კი რკინის მოწყობილობებზე და სიმძიმეების აწევაზე მეტად ცეკვა გიყვართ, წადით ზუმბაზე. თუ კოორდინაციის პრობლემა გაქვთ და საცეკვაო სტილი გღლით, წადით ირბინეთ, თუ სირბილი მომაბეზრებელია და ერთფეროვანი, გირჩევნიათ რამე საბრძოლო სტილი, წადით შესაბამის ვარჯიშზე. გიყვართ ცურვა? იცურეთ, ის თქვენ მეტ ეფექტს მოგცემთ, რადგან საყვარელი ვარჯიშის გართულება და რაღაც ახალი სიმაღლეების დაპყრობა სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ადამიანები იკლებენ – სირბილით, ცურვით, სატრენაჟორო დარბაზით, ცეკვით, იოგათი, ფეხბურთის თამაშით ან ჩაის პლანტაციაში მუშაობითაც კი. ეს ჩამონათვალი დიდია და არ გვაძლევს საშუალებას, რომელიმეს უპირატესობა მივანიჭოთ. სწრაფ ტემპში სირბილი უფრო ეფექტურია, ვიდრე წყალში მშვიდ ტემპში ცურვა. სატრენაჟორო დარბაზი უსარგებლოა, თუ თქვენ გწყინდებათ მალე, აკეთებთ დიდ შესვენებებს, უსისტემოდ ვარჯიშობთ, ჩაის პლანტაციაში მუშაობა კი მაღალეფექტურია, თუ ტემპში მუშაობთ, ხშირად აკეთებთ ჩაჯდომებს, დახრებს, სწევთ ზევით-ქვევით თქვენს გოდორს და სირბილით მიარბენინებთ შეკრების ადგილას.

ვარჯიშის ეფექტურობის მთავარი გასაღები თქვენ ხართ და ვარჯიშის შესრულების სრულყოფილება!

ივარჯიშეთ გამოწვევების რეჟიმში და შედეგს მიიღებთ!

ივარჯიშეთ სიამოვნებით და შედეგი დადგება!

ხოლო, თუ არცერთი ვარჯიში არ განიჭებთ სიამოვნებას, მაშინ უბრალოდ დაიწყეთ ვარჯიში, რომ მიხვდეთ რა დიდი ბედნიერების და სიამოვნების მომტანია ის, მაშინაც კი როცა არაფერი გაქვს დასაკლები და მშვენიერ ფორმაში ხართ.

ეს პირველი ნაწილი.

შემდეგი თემა იქნება რა ვარჯიში ავირჩიოთ, როცა მიზნებში გვაქვს პრიორიტეტები (მაგალითად, წონის კლება უპირველესია, ან მხოლოდ ფორმები გვსურს, ან მხოლოდ პლასტიურობა და ა.შ.)

ამის მომდევნო თემაში კი უკვე ჩვენი სტუდიის მიმართულებებს შევეხები, რადგან როგორც ვხედავ დაინტერესება ძალიან დიდია და პირად შეტყობინებებში ამის ახსნა ან პოსტებში, ძალიან მოუხერხებელი.

2 thoughts on “რომელი ვარჯიში უფრო ეფექტურია? ანუ სწრაფად მიზნისკენ

  • სექტემბერი 2, 2017 at 4:17 pm
    Permalink

    zumba araefeqtuiaa? ver gavige

    Reply
    • სექტემბერი 2, 2017 at 6:16 pm
      Permalink

      ეფექტურია, გააჩნია რა კუთხით შევხედავთ

      Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *