იოგა – დაისვენეთ მძიმე დღის შემდეგ

იოგა უნიკალური საშუალებაა ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარობის გასაუმჯობესებლად და სულიერი წონასწორობის მისაღწევად.
მას ვერ მივაკუთვნებთ ფიტნესის რომელიმე სახეობას, ამით ალბათ ძალიან განვარისხებდით იოგის „გურუებს“, რადგან იოგა ცხოვრების ფილოსოფიაა და გარკვეულად აღმოსავლური რელიგიების ნაწილადაც მოიაზრებენ, თუმცა მისი ვარჯიშების სისტემის საშუალებით მიღწეული შედეგები, ხშირად არაფრით ჩამოუვარდება ფიტნესის ნებისმიერი სახეობით მიღებულ შედეგებს. ზოგ ასპექტებში კი ჯობნის კიდეც, რადგან იოგა ზრუნავს, არამარტო ფიზიკურ და გარეგნულ მხარეზე, ის ეხმარება ადამიანს შინაგანი სამყაროს სიმშვიდის და ჰარმონიის მიღწევაში. იოგა ასევე რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრების დინამიურ ტემპში ჩართული ადამიანისათვის.
იოგას აქვს სხვადასხვა მიმდინარეობები. აქედან ყველაზე პოპულაური გახლავთ ხათხა-იოგა, რომელიც წარმოადგენს ვარჯიშების კომპლექსს და მისი მიზანია ადამიანის სხეულზე და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
იოგას ზემოქმედების შედეგებს პირველი ვარჯიშის დასრულებისთანავე იგრძნობთ. თითქოს ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებულს და რთულს არ ასრულებთ, მაგრამ ფიზიკურად კარგად მომზადებული ადამიანიც კი, რომელიც დაკავებულია აქტიური და ძალოვანი სპორტის და ფიტნესის სახეობებით, აუცილებლად იგრძნობს განსხვავებას და სასიამოვნო დატვირთვას.

საქმე იმაშია, რომ იოგას შესრულების პროცესში ჩართულია სხეულის ღრმა კუნთები, რომლებიც არ მუშაობენ ჩვეულებრივი ვარჯიშის დროს. გარდა ფიზიკური დატვირთვისა, ვარჯიშის დროს ხდება დიდი გონებრივი დატვირთვის ჩართვა. აუცილებელია მთელ სხეულზე, თითოეულ კუნთზე, კონცენტრაცია, ბალანსის და სიმეტრიის შენარჩნება, პოზის შესრულებისას სხეულის ერთი ნაწილიდან ყურადღების მეორე მხარეს გადატანა. ასანის შესრულებისას სხეულის დასაჭერად იძაბება ერთი კუნთების ჯგუფი, იმ დროს როცა სხვები უნდა მოდუნებული იყოს, განსაკუთრებით სახის კუნთები.
ვარჯიში სრულდება შემდეგი პრინციპით: „მე არ ვეკუთვნის ჩემს სხეულს, არამედ სხეული მეკუთვნის მე და მე შემიძლია მისი მართვა ჩემი სურვილის მიხედვით“.

სუნთქვა ვარჯიშების შესრულების დროს მისი განუყოფელი ნაწილია. ერთი შეხედვით შეიძლება არ მოგეჩვენოთ მნიშვნელოვნად, მაგრამ დროთა განმავლობაში შეამჩნევთ განსხვავებას ჩვეულებრივი ვარჯიშს შესრულებასა და სუნთქვის გამოყენებით ვარჯიშს შორის. სუნთქვა ჩვენს ემოციებთან და გონებასთან მჭიდრო კავშირშია. როცა ვბრაზობთ, სხვა ტიპის სუნთქვა გვაქვს, მშვიდებს და ბედნიერებს – სხვა, როცა რამეზე ვაკეთებთ კონცენტრაციას – განსხვავებული. ასე იცვლება ყველა ემოციის და გონების მდგომარეობის დროს. ამ მოდელს იყენებენ იოგას ვარჯიშის დროს.

ერთი შეხედვით უბრალო ვარჯიშებს, თუ მათ სწორედ შევასრულებთ, დიდი განკურნებადი ეფექტი აქვს. ყველა პოზას თავისი მოქმედების პრინციპი აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ უნდა შევასრულოთ რომელიმე კონკრეტული ვარჯიში, რომელიც ჩვენს პრობლემატურ ორგანოს ეხება, არამედ საჭიროა ასანებით მთელი კომპლექსის შესრულება, რათა მთლიანად ორგანიზმზე თანაბრად ვიმოქმედოთ.
რამდენადაც ღრმაა და ფართო იოგას ცოდნა, იმდენად დიდი და სასარგებლო თვისებები გააჩნია. იოგა აუმჯობესებს სხეულის, გონების და სულის მდგომარეობას. ზოგიერთი სასარგებლო ზემოქმედების ახსნა და აღწერა შეიძლება, ზოგიერთი კი აუხსნელი რჩება და ეს უბრალოდ უნდა განიცადო.

ფიზიოლოგიურ დონეზე ვარჯიშები აუმჯობესებს ჯანმრთელობას, სახსრების, ძვლების, კუნთოვანი ქსოვილების კვებას და ტონუსს, ავითარებს ღონეს, მოქნილობას, ბალანსს. ადამიანი ხდება უფრო ენერგიული და თავს კარგად გრძნობს. უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი. რადგან იოგაში ორგანიზმში მიმდინარე ყველა რთული პროცესის დაბალანსება და თანაბრად ზემოქმედება ხდება, ვარჯიშს დროს გონების კონცენტრაციის მუდმივი ჩართვა, უმჯობესდება ადამიანის ფსიქიური და ემოციური მდგომარეობა – უფრო მდგრადი ხდებით გარე გამაღიზიანებელი ფაქტორების და სტრესების მიმართ, თავისუფლდებით კომპლექსებისაგან, შიშებისაგან. ვარჯიშების დროს სპეციალური სუნთქვის შესრულების წყალობით ფილტვები უფრო მეტად ფართოვდება, შედეგად უკეთ ხდება აირების ცირკულაცია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, სტაბილურდება წნევა და ძლიერდება სისხლის მიმოქცევის პროცესი. თუ იოგას ასრულებთ დილით, პოზიტიური განწყობა მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ, ხოლო საღამოს ვარჯიშს დროს სწრაფად მოიხსნით დაღლილობას მძიმე სამუშაო დღის შემდეგ.
ეს ყველაფერი იოგას უნიკალურს ხდის. მან ათასწლეულების გამოცდაას გაუძლო და თანამედროვე ცხოვრების პროცესში ყოველდღიურად უფრო მეტ და მეტ აქტივობას იძენს.

ჩემი პირველი ზიარება იოგასთან ბავშვობაში, საკმაოდ მცირეწლოვან ასაკში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ წლების განმავლობაში თაროზე შემოდებული წიგნივით მივიწყებული მქონდა, მინდა ვთქვა რომ მაინც თავისი კვალი დაამჩნია ჩემს სხეულს. მაშინ შეძენილი მოქნილობა, კოორდინაცია, სხეულის ფლობის ტექნიკა, წლების მანძილზე გამყვა და შედარებით ადვილად აღვიდგინე როცა დამჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეისობით ჩემი ვარჯიშის სისტემა გაცილებით აქტიური და ინტენსიურია, იოგას მაინც თავისი შეუცვლელი ადგილი უკავია. მას არ ვუთმობ სპეციალურად დროს, მაგრამ არის რამდენიმე ვარჯიში, რომელსაც აუცილებლად ვაკეთებ, ძირითადი აქტიური ვარჯიშის დასრულებისას. მუდმივად მაქვს ხერხემლის პრობლემები, რომლის დაძლევაში და ტკივილების მოხსნაში იოგას რამდენიმე ასანა მეხმარება. ჩვეულებისამებრ, როცა დასაძინებლად დაღლილი წვებით, ის დაღლილობა და სიმძიმის შეგრძნება დილასაც მიგყვებათ, ამიტომ იოგა საუკეთესო საშუალებაა რელაქსაციისათვის და ძილის წინ დაღლილობის მოსახსნელად. ამისათვის არ დაგჭირდებათ დიდი დრო და სპეციალური აღჭურვილობა – 10-15 წუთი, ცალკე ოთახი და ვარჯიშისათვის განკუთვნილი სპეციალური საფენი სავსებით საკმარისია.
იოგას შესრულებას აქვთ თავისი წესები. თუ გადაწყვეტთ იოგაში ვარჯიშს, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ დასაწყისში ცოტა ხანი მაინც მასწავლებელს მიმართავთ, რათა აითვისოთ ვარჯიშების შესრულების ტექნიკა და სწორი სუნთქვა.

როცა იოგას ვარჯიშების შესრულებას იწყებთ, აუცილებელია:

1. ყველა ვარჯიში შესრულდეს მშიერ კუჭზე. კარგი დანაყრებიდან 3-4 საათი მაინც უნდა იყოს გასული. ერთი საათით ადრე დაშვებულია მაქსიმუმ ჩაის ან ყავის ან სხვა სითხის დალევა. ჭამა შეიძლება ვარჯიშის დასრულებიდან ნახევარი საათის შემდეგ. ეს არც ისე რთული წესებია, რომელსაც ყველა იცავს, ვინც დაკავებულია ვარჯიშის რომელიმე სახეობით. მაძღარ კუჭზე ვარჯიში არასასურველია იმის გამო, რომ იოგას ასანები ახდენენ შინაგანი ორგანოების ასე ვთქვათ „მასაჟს“, ორგანიზმის ყველა თხევადი მასის ცირკულაციას, რომლებიც დაგროვილია უშუალოდ სხვადასხვა ორგანოებში. განსაკუთრებით ამ პროცესს ააქტიურებენ გადმოტრიალებული ასანები, რასაც შეუძლია ნეგატიურად იმოქმედოს ორგანოებზე.

2. იოგას ვარჯიშები რეკომენდირებულია ან ადრე დილით, ან გვიან საღამოს – იმის მიხედვით რა შედეგი გსურთ მიიღოთ. თუ გსურთ იყოთ ტონუსში და ენერგიულად – იოგა კარგია დილით, რელაქსაციისათვის და დაღლილობის მოსახსნელად კი საღამოს. ამის შესაბამისად, დილის და საღამოს კომპლექსები ერთმანეთისაგან განსხვავებული იქნება.

3. რეკომენდირებულია ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ შხაპის მიღება.

4. ასანები უნდა შესრულდეს კარგად განიავებულ ოთახში, არაა სასურველი დასაფენის გარეშე ცარიელ იატაკზე ვარჯიში.

5. ასანების შესრულებისას, ასევე ვარჯიშის დასრულებისას კუნთებში არ უნდა გქონდეთ არავითარი არასასიამოვნო შეგრძნებები. დაძაბულობის სიმპტომები ან კუნთების დაღლილობა ვარჯიშის არასწორ შესრულებაზე მიუთითებს. ასანების შესრულებისას ყველა მოძრაობა უნდა იყოს თანაბარი და მსუბუქი, სუნთქვა თავისუფალი, ცხვირით. თუ სუნთქვა გეკვრებათ, გიჩნდებათ დაღლილობის შეგრძნება, ასანების შესრულება უმჯობესია შეწყვიტოთ, რადგან მსგავსი სიმპტომები ორგანიზმის ცუდ მდგომარეობაზე მეტყველებს.

ვარჯიშების კომპლექსი საღამოს დაღლილობის მოსახსნელად:

Utthita-Trikonasana
Prasarita-Padottanasana
Prasarita Padottanasana
Parivrtta Trikonasana
Parsvottanasana
Prasarita Padottanasana
Uttanasana
Janu Sirsasana
Vrksasana
Ardha Matsyendrasana
Halasana
Parivrtta Trikonasana
Padmasana

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *