FITNI.ge – Fitness, Health, Diet » ბლოგი ფიტნი » ყველა კითხვა სავარჯიშო პროგრამის შესახებ

ყველა კითხვა სავარჯიშო პროგრამის შესახებ

savarjisho-programis-shesaxebჩემს შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქჩემს შესახებ – ნინო ილურიძე (Fitni, Personal Trainer )

კლიენტების გამოხმაურებები იხილეთ აქ: კლიენტების გამოხმაურებები/reviews

რა სჭირდებათ მათ, ვინც ჩემთან ვარჯიშს იწყებს?

ჩამოვყვები ძირითად პრობლემებს:

  • წონაში კლება;
  • სხეულის ფორმების შეცვლა;
  • პრობლემური ზონების კორექცია – მათ შორის მოთხოვნადია მუცელი, ფეხები, თეძოების ზონა;
  • პრობლემები რომლებიც დაკავშირებულია ზურგთან, წელთან, ხერხემალთან და რომელსაც მჯდომარე სამსახური იწვევს;
  • ენერგიის მომატება, მუდმივი დაღლილობის გრძნობის მოხსნა;
  • ფსიქოლოგიური განწყობის გაუმჯობესება;
როგორ ვშველი ამ პრობლემებს?

ხშირად არის, როცა ადამიანი პირველივე ვარჯიშზე თავისი პრობლემის მოგვარებას იწყებს, მაგალითად: – მე პრესი მინდა კარგი და მოდით მე პრესის ვარჯიშს გავაკეთებ და უხალისოდ აკეთებს სხვა ვარჯიშებს.

ეს დიდი შეცდომაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის სხეული ერთი მთლიანია და ის პრობლემური კუნთები და ადგილებიც, დაკავშირებულია სხვა მიმდებარე კუნთებზე. როგორ წარმოგიდგენიათ, მოშვებული სხეული, ჩამოვარდილი საჯდომი, ხელზე მოშვებული ჩამოკიდული უკანა კუნთები და ამ დროს ლამაზად მდგარი პრესი. რაღაც აბსურდული სურათია ხომ? თუმცა, არც ის მუცლის პრესი არ დგება მხოლოდ პრესის სტანდარტული ვარჯიშების საშუალებით. თქვენ შეიძლება გაიმაგროთ პრესი, მაგრამ მუცელი კვლავ გამოწეული დარჩეს. რატომ? ეს თემა ფიზიოლოგიის ახსნას არ ემსახურება და თუ თქვენს ტრენერად მე ამრჩევთ, ადგილზე ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ.

როგორ უნდა მივიღოთ შედეგი?

როგორ ვიწყებთ, პირველი ეტაპი

პირველი თვე მთლიანად ადამიანის სხეულის ტონუსში მოყვანას ემსახურება. წარმოიდგინეთ მოდის გოგო, რომელიც მთელ დღეები სამსახურში კომპიუტერთან ზის, შემდეგ მანქანით მიდის სახლში ან მეგობრებთან, იძინებს ღამე, იღვიძებს, ისევ მანქანით სამსახურში, ისევ ჯდომა და ა.შ. აქტივობისთვის ძალიან მცირე დრო რჩება და არც ენერგია. ასეთ რეჟიმს ძალიან დამანგრეველი ეფექტი აქვს სხეულისთვის, თავი რომ დავანებოთ ლამაზ პრესს და ზედმეტ წონას, ჯანმრთელობის პრობლემები უკვე საკმაოდ ადრეულ ასაკში ჩნდება. ასე რომ, პირველი თვე მხოლოდ ზოგად ტონუსს ეთმობა, უნდა გაძლიერდეს თქვენი პრესი, ფეხები, ხელები, ზურგი, გული, რომ შემდეგ უკვე სერიოზულ სამუშაოზე გადავიდეთ.

კიდევ ერთი შედარება, როცა მხოლოდ სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილის გალამაზებას ვცდილობთ. წარმოიდგინეთ საძინებელი, რომელიც მთლიანად გასარემონტებელია, თქვენ გაღვიძებისას, თვალს რომ გაახელთ, პირველ რიგში თქვენს წინ მდებარე კედელს ხედავთ, ნერვებს გიშლით და ხასიათს გიფუჭებთ. მოგყავთ ხელოსანი და სთხოვთ ეს კედელი გაარემონტოს და გაალამაზოს. თქვენ ყოველ დილას ლამაზ კედელს დაინახავთ, მაგრამ ადამიანი, რომელიც თქვენს ოთახს ნახავს, მისთვის ყველა კედელი თანაბრად შესაფასებელი იქნება და მხოლოდ ერთი ლამაზი კედელი, არაფერს შეცვლის. სამი გაურემონტებელი კედლის შემთხვევაში თქვენი ოთახი ისევე გასარემონტებელი იქნება, როგორც ოთხის შემთხვევაში იყო.

როგორ ვაგრძელებთ?

ანუ რა ეშველება პრობლემურ ზონებს. უკვე მეორე ეტაპზე, როცა სხეული ტონუსშია მოყვანილი, სხეულის ფორმები უკვე შეიცვალა, შეიძლება პროგრამის კორექტირება და მეტი დროის დათმობა პრობლემურ ზონებზე. თქვენ აგრძელებთ ზოგად ვარჯიშს, რომ არ მოეშვათ მთლიანად, მაგრამ უკვე მეტ დროს ხარჯავთ პრესზე, ფეხებზე, ხელებზე ან სხეულის იმ ნაწილის კორექციაზე, რომელიც მეტად გაღელვებთ. ეს გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა და თქვენ არ გაქვთ მარტო ლამაზი პრესი, თქვენი მთელი სხეული ტონუსშია და ფორმაშია.

რა პროგრამით ვავარჯიშებ და რა ვარჯიშებისგან შედგება პროგრამა?

პროგრამა საავტოროა და წარმოადგენს მიქს პროგრამას FitniMix, რადგან გამოყენებულია როგორც ფიტნესის, ისე პილატესის, იოგას, სტეპის და სხვა მიმდინარეობის საუკეთესო ეფექტური ვარჯიშები. ვარჯიში შედგება კარდიო, ძალოვანი, ფუნქციონალური ნაწილებისგან და გაწელვების კომპლექსისგან. კარდიო – გულის კუნთის და გამძლეობის გაზრდას ემსახურება, ძალოვანი კი სხეულის კუნთების მომაგრებას და ლამაზი შეკრული ფორმების მიღებას. ფუნქციონალური გვაძლევს საშუალებას სწრაფი გადართვა ვისწავლოთ სხვადასხვა დატვირთვებს შორის. ვარჯიში შედგება ფიტნესის საბაზისო და ეფექტური ვარჯიშებისაგან, როგორიცაა ჩაჯდომები, აზიდვები, პლანკები და სხვა. თანდათან რთულდება ეს საბაზისო ვარჯიშები, ხდება მათი მოდიფიცირება. აღნიშნული მოდიფიკაციები მოითხოვს მეტ ბალანსს, მეტ გამძლეობას, მეტ ძალას, მეტ მოქნილობას. ეს ყველაფერი მეტ კალორიებს ხარჯავს, სხეულის ფორმებს მეტად ცვლის და რა თქმა უნდა ამაღლებს თქვენ თვითშეფასებასაც, როცა ხედავთ რამდენი შეგძლებიათ და რა საოცარი სხეული გქონიათ, როგორ იმორჩილებთ მას და მართავთ როგორც გსურთ.

გარდა ფიტნესის სისტემისა, კომპლექსში ჩართულია პილატესის და იოგას ელემენტები. მე თავად რამდენიმე მიმართულების სერტიფიცირებული ინსტრუქტორი ვარ და ჩემი ცოდნა და გამოცდილება მაძლევს საშუალებას მხოლოდ საუკეთესო გამოვიყენო იქიდან რაც ვიცი და ჩემი ვარჯიში მრავალფეროვანი და ეფექტური გავხადო ნებისმიერი მოთხოვნის და პრეტენზიის ადამიანისათვის.

ვარჯიში მიმდინარეობს არა მონოტონურ აერობულ რეჟიმში (აერობიკა უკვე გუშინდელი დღეა), არამედ ინტერვალური დატვირთვებით, რომელიც მსოფლიო ტრენდია დღესდღეისობით და უფრო მეტი ინფორმაცია თუ რა არის ინტერვალური ვარჯიში, შეგიძლიათ იხილოთ აქ: ინტერვალური ტრენინგი.

რა აღჭურვილობას ვიყენებ?

მინიმალურს. ეს არის – მცირე თავისუფალი წონები (ჰანტელები), საფენები და სტეპის პლატფორმა. ეს სავსებით საკმარისია, რომ თქვენ ის შედეგი მიიღოთ რაზეც ოცნებობთ.

ხშირი კითხვაა, რაზეა გათვლილი თქვენი ვარჯიშები, წონაზე, ფორმაზე, ჯანმრთელობაზე, მოქნილობაზე და ა.შ?

ყველაფერზე!

როგორ? უამრავი კვლევაა, რომელიც ადასტურებს, რომ ჭარბი წონის, ჯანმრთელობის, ხერხემლის პრობლემების, სხვადასხვა დაავადებების მთავარი მიზეზი უძრავი ცხოვრების წესია! ვარჯიშით თქვენ რამდენიმე პრობლემას ერთად აგვარებთ. ვარჯიში ებრძვის ჭარბ წონას, აუმჯობესებს ჯანმრთელობას, ტონუსში მოყავს თქვენი კუნთები, რაც მათი სისხლით საუკეთესო მომარაგებას ნიშნავს, ეს ყველაფერი ერთად მიმდინარე პროცესებია, ამიტომ როგორც ცნობილი რუსული გამოთქმა ამბობს: От всех бед – один ответ!

Filed under: ბლოგი ფიტნი · Tags: , , , , , , , ,

2 Responses to "ყველა კითხვა სავარჯიშო პროგრამის შესახებ"

  1. ელენა ამბობს:

    რას ნიშნავს 10 ჯერ 3 მისვლა შეგიძლიათ მითხრათ ? მაგალითად აზიდვების დროს > :( არ ვიცი ეგ ტერმინო

  2. Mari ამბობს:

    გამარჯობა,ერთი კითხვა მაქვს :)) გორგოლაჭებით სიარული ფეხზე კუნთებს აჩენს?

კომენტარის დატოვება

*