FITNI.ge – Fitness&Wellness » დიეტები » ცნობილი დიეტოლოგები – მიშელ მონტინიაკის დიეტა

ცნობილი დიეტოლოგები – მიშელ მონტინიაკის დიეტა

მსოფლიოში ცნობილი დიეტოლოგი მიშელ მონტინიაკი 1944 წელს დაიბადა საფრანგეთში. მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობის პერიოდში, სწრაფი კვების და ბიზნეს-ლანჩების შედეგად დაგროვილმა ჭარბმა წონამ მონტინიაკი აიძულა დიეტოლოგიის შესწავლით დაკავებულიყო. წლების განმავლობაში, ნივთიერებათა ცვლის საკითხების კვლევების შედეგად მიღებული ცოდნის საშუალებით მონტინიაკმა საკუთარი უნიკალური კვების გეგმა შეიმუშავა, რომელმაც თავად მას 3 თვის განმავლობაში 16კგ. დააკლებინა. მასშტაბური სამუშაოების ჩატარების შედეგად, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევებით იყო განმტკიცებული, მან შექმნა დიეტა, რომელსაც საფუძვლად გლიკემიური ინდექსის ცნება დაედო. მონტინიაკის პირველივე წიგნი საერთაშორისო ბესტსელერი გახდა. მას შემდეგ მან 20-ზე მეტი წიგნი გამოაქვეყნა, რომელიც 25 ენაზე ითარგმნა და 42 ქვეყანაში გაიყიდა.

კვების თეორია პროდუქტების გლიკემიური ინდექსის შესაბამისად 

მიშელ მონტინიაკი პირველი იყო, ვინც 90-იან წლებში შესთავაზა საზოგადოებას გლიკემიური ინდექსი გამოყენებულიყო ჭარბწონიანობის პრევენციის და მასთან ბრძოლის საკითხში. მალე მას ბევრი თანამოაზრე გაუჩნდა სხვა დიეტოლოგების სახით. დღესდღეისობით მონტინიაკის მეთოდი აღიარებულ სამეცნიერო მიმართულებად ითვლება, რომლის ეფექტურობა დადასტურებულია სხვა ქვეყნის მეცნიერების მიერ.

მონტინიაკის მეთოდი ვერ ჩაითვლება ყველა პრობლემის პანაცეად, მაგრამ თანამედროვე  პერიოდში ის ტრადიციული დიეტური კვების ეფექტურ ალტერნარტივად ითვლება. ეს არის მეთოდი რომელიც დაეფუძნა 1980 წლის შემდეგ ჩატარებულ უამრავ კვლევას და მიშელ მონტინიაკის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში ექიმების და მეცნიერთა ჯგუფთან ერთად წარმატებული ცდების შედეგებს.

მონტინიაკის მეთოდი არ ზღუდავს მოხმარებული საკვების რაოდენობას. ის გვთავაზობს დაბალანსებულ კვებას და მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქტებიდან ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების გააზრებულ არჩევანს. მონტინიაკი გვასწავლის პროდუქტებისთვის უპირატესობის მინიჭებას მათი კვებითი ფასეულობის (ფიზიკურ-ქიმიური თვისების) მიხედვით და არასასურველი წონის მომატებისაგან თავის დაცვას, რომელიც თავის მხრივ დიაბეტის და გულის დაავადებების მიზეზი ხდება. ცდებმა და სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადამიანებს აღნიშნული დარღვევები აღენიშნებოდათ, მონტინიაკის მეთოდით წონის კლების შემდეგ, მათი მდგომარეობის გაუმჯობესება ხდებოდა.

მონტინიაკის კვების სისტემა შესაფერისია ყველასთვის, მათ შორის ვინც ხშირად ჭამს სახლის გარეთ, შეეჯახა „იო-იოს ეფექტს“, არ სურს უარი თქვას ღვინოზე ან გემრიელად ჭამაზე და ამავდროულად სურს დაიკლოს წონაში. ფრანგული დიეტა ხსნის საიდუმლოს, როგორ უნდა იკვებოთ, რომ ფრანგების მსგავსად გამოიყურებოდეთ და თან უარი არ თქვათ საყვარელ საჭმელზე.

ფრანგული დიეტის ისტორია

დასავლეთ ქვეყნების მოსახლეობას შორის, ფრანგები ცნობილები არიან საუკეთესო აღნაგობით და ნაკლებად აწუხებთ ჭარბწონიანობა, თუმცა მათ კვებას ვერ დაარქმევ დაბალკალორიულს. ამ ფაქტს თავისი სახელიც კი ეწოდა – „ფრანგული პარადოქსი“. თავის წიგნში „ფრანგული დიეტა“ მონტინიაკი განმარტავს, რომ ეს არა მარტო იმასთანაა დაკავშირებული, თუ როგორ პროდუქტებს ირჩევენ ფრანგები საკვებად, არამედ მათ ხარისხზე, სიახლეზე და რაც მთავარია შეთავსებაზე. მართალია მეცნიერის თეორია დაფუძნებულია გლიკემიური ინდექსის ცნებაზე, რომელიც სხვა წიგნებშიცაა განხილული, მონტინიაკის ფრანგული დიეტის სიახლე მდგომარეობს იმ შეთავსებული პროდუქტების გლიკემიური ინდექსის მნიშვნელობის განსაზღვრაში, რომელთა მიღება ერთი კვების დროს ხდება. ამ მაჩვენებელს მონტინიაკი „გლიკემიურ შედეგს“ უწოდებს.

ეს მიდგომა ფოკუსირებულია დაბალანსებულ, წინასწარ შერჩეულ კვებაზე და არა შეზღუდვაზე ან გარკვეულ პროდუქტებზე უარის თქმაზე. ამგვარად შედგენილი მენიუს დაცვა ადვილია ხანგრძლივი დროის მანძილზე. მაგალითად, მონტინიაკი თვლის, რომ თქვენ შეგიძლიათ დალიო ჭიქა ღვინო სადილის წინ, თუმცა უკეთესია თუ ჯერ მაგარი ყველის პატარა ნაჭერს შეჭამთ. ეს შეამცირებს ინსულინის რყევას და მეტაბოლურ რეაქციას, რომელსაც წონის დაგროვებამდე მივყევართ.

იმ დროს როცა სხვა დიეტები აკრძალვებზეა ფოკუსირებული, ფრანგული დიეტა კვებით სიამოვნებას წაახალისებს, რაც დიდი შვებაა მათთვის, ვინც მუდმივად ცდილობს კვებაში სხვადასხვა შეზღუდვების დაცვას და ხშირად არღვევს მათ. მონტინიაკი წერს: „თქვენ შეგიძლიათ მოხდენილი ფიგურა გქონდეთ და ამასთან ყოველ დღე ისიამოვნოთ შესანიშნავი გასტრონომიული ხელოვნების ქმნილებით, რომელსაც საკუთარი ხელით მოამზადებთ სამზარეულოში“.

მონტინიაკის მეთოდის მიზანია:

  • წონის დაკლება;
  • წონის მატების პრევენცია;
  • მეორე ტიპის დიაბეტის პროფილაქტიკა;
  • გულის დაავადებების განვითარების რისკის შემცირება.

 

წლების განმავლობაში ევროპაში პოპულარული მონტინიაკის მეთოდი დაეხმარა  მილიონობით ადამიანს (მათ შორის ცნობილ მომღერლებს, მსახიობებს და დიზაინერებს) მიეღწიათ შთამბეჭდავი და ხანგრძლივი შედეგებისთვის, ისე რომ უარი არ ეთქვათ საყვარელ საჭმელზე. მეთოდის მიერ დაშვებული რეცეპტები ისეთ რთულ და საინტერესო კერძებს შეიცავენ, რომლებიც ერთი შეხედვით სულაც არაა დიეტური, მაგალითად კანაპე პაშტეტით, ხამანწკები, ანტრეკოტი, ომარები, ყველი და შოკოლადის მუსიც კი! „პატივი ეცით საკუთარი სხეულის ტემპს და იმუშვეთ მასთან ერთდროულად, ასე თქვენ მიაღწევთ წონის კლების მიზანს და იდეალური ფიგურის შენარჩუნებას – ამბობს მონტინიაკი, – შეაფასეთ თავიდან ფრანგული სამზარეულო და ის არა მარტო წონის კლებაში დაგეხმარებათ, არამედ საშუალებას მოგცემთ სრულყოფილად დატკბეთ ცხოვრებით“.

როგორ მუშაობს „ფრანგული დიეტა“

დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლები ორგანიზმში ინსულინის დონეს მხოლოდ იმდენად ზრდიან, რომ მან შეძლოს თავისი სამუშაოს შესრულება – სისხლში შაქრის დონე შეამციროს და ამავდროულად საშუალება მისცეს  ტრიგლიცერიდის ლიპაზს  დაშალოს ცხიმები. ამ პროცესს დამატებით ორი უპირატესობა გააჩნია: ტრიგლიცერიდების დაბალი დონე კარგია გულისთვის, ხოლო ინსულინის მიმართ რეზისტანტულობის დაწევა  მეორე ტიპის დიაბეტის რისკს ამცირებს.

მონტინიაკს არ მოსწონს სიტყვა „დიეტა“. ის თვლის, რომ ამ სიტყვას უარყოფითი კონტექსტი აქვს და გულისხმობს მოხმარებული საკვების რაოდენობის შემცირებას. მისი პროგრამა აწესებს შეზღუდვებს, ოღონდ არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე.

მონტინიაკის მეთოდის მთავარი იდეაა: შეიზღუდოს ისეთი მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტების მიღება, როგორებიცაა კარტოფილი, სტაფილო და ჭარხალი, რომლებიც სწრაფად გარდაიქმნებიან ადამიანის ორგანიზმში შაქრად, იწვევენ ზედმეტი ჭამის მოთხოვნილებას და წონის ხანგრძლივი დროით დაგროვებას. ასევე დაუშვებელია ისეთი პროდუქტების კომბინაცია, როგორიცაა ცხიმები და შაქარი ან ცხოველური ცილები და ნახშირწყლები, რაც გულისხმობს, რომ უარი უნდა თქვათ მაგალითად შემწვარ კარტოფილზე სტეიკთან ერთად. შაქრის მოხმარება დაშვებულია კვირაში 2-3-ჯერ, ხოლო ცხიმები და ცილების ჭამა თავისუფლად შეგიძლიათ, თუ ისინი სხვა საკვებისგან განცალკევებულად მიიღება. ხილი ჭამის შუალედებს შორის უნდა მიირთვა, ხოლო ბურღულეული და პარკოსნები გადაუმუშავებული უნდა იყოს, რომ დაბალი გლიკემიური ინდექსი გააჩნდეთ.

მონტინიაკის მეთოდის ორი ძირითადი პრინციპი

პირველი პრინციპი – გათავისუფლდით მცდარი მოსაზრებისგან, თითქოს ნებისმიერი კალორიები წონაზე ერთნაირად მოქმედებენ. აღნიშნული მოსაზრება, ჯერ კიდევ ფართოდაა გავრცელებული და ბევრი დიეტოლოგის მიერ იქადაგება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია დადასტურებულია მისი მცდარობა.

მეორე პრინციპი – უპირატესობა მიანიჭეთ სასრგებლო პროდუქტებს, ამოარჩიეთ ისინი საკვები ფასეულობის და ნივთიერებათა ცვლაზე ზემოქმედების მიხედვით:

  • საუკეთესო ნახშირწყლები – ის ნახშირწყლებია, რომელთაც ნაკლები გლიკემიური ინდექსი გააჩნიათ;
  • ცხიმიანი პროდუქტების ხარისხი დამოკიდებულია ცხიმოვანი მჟავების ბუნებაზე, მაგალითად: ნახევრად არანაჯერი ომეგა-3 მჟავები (თევზის ცხიმი), ასევე არანაჯერი ცხიმოვანი მჟავა (ზეითუნის ზეთი) საუკეთესო არჩევანია ცხიმებს შორის;
  • მოერიდეთ ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს (კარაქი, ცხიმიანი ხორცი);
  • ცილები ამოირჩიეთ მათი წარმოშობის (ცხოველური ან მცენარეული) და ერთმანეთთან თავსებადობის მიხედვით.

 

იხ. მომდევნო თემები:

მონტინიაკის დიეტა – პირველი ფაზა, წონის კლება

მონტინიაკის დიეტა – მეორე ფაზა, წონის შენარჩუნება

პროდუქტების გლიკემიური ინდექსის ცხრილი

Filed under: დიეტები · Tags: , , , ,