ანტიცელულიტური თაფლის მასაჟი, ვიდეო გაკვეთილი

სიტყვა ცელულიტი  ლათინური სიტყვა „Cell“-დან  მომდინარეობს და ნიშნავს უჯრედს. ეს ტერმინი პირველად შემოიტანა 1973 წელს  ნიკოლ რანსარდმა (Nicole Ronsard), რომელმაც ჟურნალ Vogue-ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერდა ქალის კანის ამ ნაკლის შესახებ და საუბრობდა მასთან ბრძოლის მეთოდებზე.

მაშ ასე, რა არის ცელულიტი?

ეს არის განსაკუთრებული ფორმით სტრუქტურიზებული ცხიმი. მისი სტრუქტურის თავისებურება ასახულია დასახელებაში – ეს არის ცხიმი არა გლუვი ფორმით, არამედ დაყოფილია უჯრედებად. თითოეული გროვა შედგება ცხიმისგან, ქსოვილთაშორისი სითხისგან და ეს ყველაფერი მოთავსებულია მყარ ბოჭკოვან ასე ვთქვათ პარკში.  ცელულიტი ითვლება შეგუბებულ მოვლენად, რომელიც იწვევს ტოქსინების დაგროვებას ქსოვილთაშორის სითხეში (ანუ რასაც შლაკებს ვეძახით) და შეშუპების  ჩამოყალიბებას, ამიტომ ცელულიტთან ბრძოლის ყველა მეთოდი მიმართულია იქითკენ, რომ გააუმჯობესდეს პირველ რიგში ლიმფური და სისხლის მიმოქცევა, ქსოვილის კვების რეჟიმი, შესაბამისად ამის ხარჯზე შემცირდეს ინტოქსიკაცია, ანუ შლაკების არსებობა ქსოვილთაშორის სითხეში და გაიზარდოს კანის ელასტიურობა.

ერთერთი ყველაზე კარგი და ეფექტური მეთოდი ეს მასაჟია. ცელულიტთან საბრძოლველად სხვადასხვა სახის მასაჟს იყენებენ. არის საბაზისო, ანუ ხელით მასაჟის მეთოდი, არსებობს თაფლის მასაჟი, რომელსაც თაფლის საშუალებით აკეთებენ, არის მასაჟი სთოუნთერაპია, რომელიც ცხელი და ცივი ქვებით სრულდება, არის ვაკუუმური ანტიცელულიტური მასაჟი, რომელიც ქილებით ან სპეციალური აპარატურის დახმარებით კეთდება, ჯაგრისით მასაჟი და არსებობს მასაჟები, რომლებიც სრულდება სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, თუმცა ეს გამოიყენება როგორც ძირითადი მასაჟის დამატება. ასევე მასაჟში შეიძლება გამოიყენებდეს კუნთების დაჭიმვა და მოძრაობები, რათა მიღწეული იქნას კუნთების აქტიურობა და გაუმჯობესდეს მასაჟის ეფექტი.

დღეს ვისაუბროთ თაფლის მასაჟზე

როგორც დასახელებიდან გამომდინარეობს, ეს არის მასაჟი თაფლის გამოყენებით.

როგორი თაფლი გამოგვადგება მასაჟისათვის?

უკეთესია შესქელებულ თაფლის, ანუ როგორც უწოდებენ „დამჯდარი“ თაფლის გამოყენება. ის თეფშიდან არ ჩამოედინება თავისუფლად. არაა სასურველი მასაჟისათვის იყიდოთ გადამდნარი თაფლი, როგორიც ახლა ხშირად იყიდება მაღაზიებში.  ის არ სქელდება, მუდამ გამჭვირვალეა, ეს არის გარკვეულ ტემპერატურამდე შემთბარი თაფლი, რომელიც აღარ კრისტალიზირდება განმეორებით.  არ ვანიჭებ განსაკუთრებულ უპირატესობას თაფლის რომელიმე სახეობას, მასაჟისათვის გამოდგება პრაქტიკულად ნებისმიერი, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელია. ერთადერთი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, ესაა ალერგიულობაზე რეაქცია. თაფლი, ისევე, როგორც ნებისმიერი პროდუქტი შეიძლება იყოს ალერგენი, ამიტომ მასაჟის წინ დარწმუნდით, რომ თაფლის მიმართ ალერგია არა გაქვთ. ამისათვის თაფლი უბრალოდ წაისვით სხეულის რომელიმე ნაწილში გარკვეული დროის მანძილზე და დააკვირდით. თუ არ იქნება სიწითლე ან რამე სხვა რეაქცია, მაშინ შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ მასაჟს. ხანდახან არაა მოსახერხებელი სქელი თაფლის გამოყენება, გასათხელებლად შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი სპირტი დაუმატოთ და გააზავოთ. ასე ადვილი იქნება თაფლი შედარებით თხელ ფენად დაიდოთ სხეულზე. თაფლის წასმისას აუცილებელია ის გარკვეული სისქის ფენად დაიდოთ. თუ რატომაა ეს საჭირო, ამას მასაჟის დემონსტრირებისას ვნახავთ.

შეგიძლიათ სხვადასხვა ვარიანტები სცადოთ. თაფლში შეგიძლიათ ეთერზეთების დამატება, ზოგი თვლის რომ ამით მასაჟის ეფექტურობა იზრდება. შეგიძლიათ გამოყენოთ ღვიის, კვიპაროსის, წიწვოვანი ჯიშის, ციტრუსის ეთერზეთები. ერთ პორცია თაფლზე საკმარისია სამი წვეთის დამატება. თუმცა მე ვთვლი, რომ მხოლოდ თაფლი და ის ნივთიერებები რომელსაც ის შეიცავს, სავსებით საკმარისია.

თაფლის მასაჟი უმჯობესია ჩაატაროთ არც ისე ცხელ ოთახში. ასევე არაა კარგი მასაჟი გააკეთოთ უშუალოდ წყლის პროცედურების ან აბანოს შემდეგ, რადგან გამოსული ოფლი ტექნიკურად შეუძლებელს ქნის მასაჟის გაკეთებას. თაფლის მასაჟის წინ სასურველია სხეული მოამზადოთ, გაახუროთ ჩვეულებრივი მასაჟის საშუალებით. ასეთ დროს შეგიძლიათ მასაჟი გააკეთოთ როგორც ზეთით, ისე მშრალად. პირველი სეანსი სასურველია შესრულდეს ზეთით. პირველ რიგში, თავად მოსამზადებელი მასაჟი იქნება უფრო რბილი, მეორე მხრივ, ზეთოვანი ფენის გამო თავად თაფლის მასაჟიც უფრო დამზოგავი იქნება.

უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები

თაფლის მასაჟის უკუჩვენებები ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი მასაჟის დროს და ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ალერგია თაფლზე. ანტიცელულიტური მასაჟი არ შეიძლება გაკეთდეს კრიტიკულ დღეებში, თაფლის ანტიცელულიტური მასაჟი კატეგორიულად არ შეიძლება თუ ფეხებზე არსებობს პრობლემები ვენებთან, ვარიკოზული გაგანიერება, ტრომბოფლებიტი, ანთებითი პროცესები სისხლძარღვებში, კანის დაავადებების დროს,  მაღალი წნევის დროს.

სიფრთხილის ზომები შემდეგია – თაფლის მასაჟი არ კეთდება ბარძაყის შიდა მხარეზე, საზარდულის ლიმფურ კვანძების ზონაში, მხარის შიდა მხარეზე. მუცელზე მასაჟი კეთდება ძალიან ფრთხილად.

თაფლის მასაჟის ილეთები

თაფლის ანტიცელულიტური მასაჟი კეთდება ისეთი თანმიმდევრობით, როგორც ჩვეულებრივი ანტიცელულიტური მასაჟი. დასაწყისში სრულდება ლიმფოდრენაჟი და გახურება. ამის შემდეგ გადადიან უშუალოდ თაფლის მასაჟზე. თაფლის მასაჟის დროს გამოიყენება შემდეგი ილეთები. ეს არის ხელის სწრაფი აღება, ასე ვთქვათ ასხლეტა კანიდან. ეს ილეთის შედარებით უხეში ვარიანტია, როცა ხელის გული ზედაპირს წყდება  მკვეთრად და სწრაფად მთელი სიბრტყიდან. უფრო რბილი ვარიანტია, როცა ხელის გული წყდება ნელ-ნელა, ასე ვთქვათ გადაგორებით. ილეთის შერბილებისათვის შეგიძლიათ შეამციროთ ხელის ასხლეტის სისწრაფე ან შეამციროთ კონტაქტის ფართობი, ანუ მასაჟი გააკეთოთ არა ხელის გულის სიბრტყით, არამედ ხელის თითებით, ან ხელის თითების ზურგის მხრიდან, ან ხელის სხვა ნაწილებით, ანუ შევამციროთ ფართობი და ასხლეტის სისწრაფე.

მუცელზე, იმის გამო რომ აქ განლაგებულია შინაგანი ორგანოები, არაა სასურველი მასზე ინტენსიური ზემოქმედების ჩატარება, ამიტომ მუცლის კედელს დავიჭერთ ერთი ხელით, თაფლის მასაჟის მოქმედებებს კი ჩავატარებთ მეორე ხელით. თაფლის მასაჟის ზემოქმედება ხდება უშუალოდ მხოლოდ პრობლემურ ადგილებზე. თაფლის მასაჟის ზოგადი თანამიმდევრობა ასეთია: თავიდან კეთდება ზურგის და მისი მიმდებარე ადგილების მასაჟი, შემდეგ ბარძაყები, მერე გადავდივართ წინა მხარეს, სრულდება ბარძაყების მასაჟი წინა მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში მუცლის მასაჟი, ხელების მასაჟი მხრების მიდამოებში.

მასაჟის დასრულების შემდეგ  შეიძლება გაკეთდეს მცირე რეალქსაციური მასაჟი, დაძაბულობის მოსახსნელად და დასამშვიდებლად, რადგან თაფლის მასაჟი საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა. ეს არა მარტო კარგ განწყობას შექმნის, არამედ კარგია სისხლის მიმოქცევისთვისაც, რადგან სტრესი ავიწროვებს სისხლძრღვებს. ასევე, თემას თუ ცოტა წინ გავუსწრებთ, თაფლის მასაჟს შეიძლება დაემატოს კრიო მასაჟი, ანუ ყინულით ან ნებისმიერი ცივი საგნით მასაჟი, მაგალითად მარმარილოთი, ან გამოიყენოთ ჩვეულებრივი ქილა სასმელით. სიცივის მოქმედება გამოიწვევს ზედაპირული ქსოვილების შეკუმშვას, ეს გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გაზრდის ქსოვილის ტონუსს და მთლიანობაში გაიზრდება მასაჟის ტონუსი.

უშუალოდ მასაჟის შესახებ კი  ვიდეოში:

* * * * * 

ეს გაკვეთილი მშვენიერი სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც აპირებს საკუთარი ხელით მოსინჯოს მასაჟი. თაფლის მასაჟის პროცედურები ძალიან სასარგებლოა კანისთვის. რა თქმა უნდა შეგიძლიათ მიმართოთ პროფესიონალ მასაჟისტს და ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ხშირად ეს ერთის მხრივ დამატებით ხარჯებს, მეორე მხრივ კი დროს მოითხოვს. ამ გაკვეთილის დახმარებით კი შეგიძლიათ პერიოდულად თავად ჩაიტაროთ პროცედურები, გააკეთოთ 10-15 დღიანი კურსი ან აკეთოთ მაშინ როცა თავისუფალ დროს იპოვით. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ უსაფრთოხების წესებს დაიცავთ, თუ მთლიანად არ გათავისუფლდებით ცელულიტისგან, ეს სასარგებლო იქნება თქვენი კანისთვის, სისხლის მიმოქცევის გასააქტიურებლად და ცელულიტის პროფილაქტიკისათვის.

გარდა ამ ვიდეოში აღწერილი თაფლის მასაჟისა, მომისინჯავს მასაჟი ჩემი კორექტივებითაც – თაფლში ვამატებ ყავის ნალექს, რაც მშვენიერ ეფექტს ახდენს კანზე, ყავა თავის მხრივ ააქტიურებს სისხლის ცირკულაციას, აცილებს მკვდარ უჯრედებს და ყოველი ასეთი მასაჟის შემდეგ შესამჩნევად რბილი და ხავერდოვანი ხდება კანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.