სად შევიძინოთ სპორტული ტანსაცმელი თბილისში?

სად შევიძინოთ თბილისში სპორტული ტანსაცმელი?

 

სავარჯიშო ტანსაცმელი თბილისში – ფიტრუმი 

რა არჩევანი გვაქვს თბილისში და სად შევიძინოთ სპორტული ტოპი ან სხვა სამოსი? ამის რამდენიმე საშუალება არსებობს, რომლის პლიუს და მინუს ფაქტორებსაც ჩამოვთვლი:

 

1. სპორტული ბრენდული მაღაზიები. თბილისში არის ისეთი ბრენდები, როგორიცაა Nike, Reebok, Adidas, Puma, ხარისხი საკმაოდ მაღალია, თუმცა ფასები კიდევ უფრო მაღალი. საკმაოდ სერიოზული დანახარჯის გაწევა მოგიწევთ, თუნდაც მარტო სპორტულ ტოპს ყიდულობდეთ. ფასი იმდენად მაღალია, რომ ვერანაირი სეილი მას ადეკვატურ ფასამდე ვერ აახლოებს. თუ ტოპის გარდა ელასტიკის, მაისურის, შარვლის, ბოტასების და სხვა აქსესუარების შეძენასაც გეგმავთ, სამნიშნა ციფრს თქვენი დანახარჯი გადააჭარბებს. მე რა თქმა უნდა, საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელზე ვსაუბრობ, რომლებიც თითქმის არ სტუმრობენ ასეთ მაღაზიებს. ჩემი ყველა ვიზიტისას ისინი უმეტეს შემთხვევაში ან ცარიელი იყო, ან მხოლოდ უცხოელი მეზობელი ან შორეული ქვეყნის სპორტის მოყვარული მომხმარებელები სტუმრობდნენ. თუ მაღალ შემოსავლიანი ადამიანი ხართ, სპორტულ სამოსზე მზად ხართ სერიოზული თანხები გაიღოთ, მაშინ ეს მაღაზიები თქვენთვისაა. კარგი სპორტული სამოსი დიდი კომფორტია და აქ თქვენ სხვადსხვა დიზაინის და ხარისხის კარგ ვარიანტებს შეარჩევთ.

2. ბაზრობები. აქ ძირითადად იაფფასიანი საქონელი მხვდება, არის ტოპებიც, თუმცა იმის გამო, რომ მათ ის მწარმოებლები კერავენ, ვინც სპორტულ სამოსზე არ მუშაობს, ტოპის მასალა დაბალი ხარისხისაა, სველდება ვარჯიშის დროს, იწვევს დისკომფორტს და მალე ფუჭდება. აქ გაყიდვაში მოდელები, როგორც წესი დიზაინით ძალიან წააგავს უფრო მაღალ ფასიან მოდელებს. შეიძლება იფიქროთ, რომ იგივე საქონელს უფრო იაფად ყიდულობთ, მაგრამ არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება. დიზაინის ზუსტი მსგავსება არაფერს გეუბნებათ. კარგად დააკვირდით იარლიყებს, ასევე წარწერებს, რომლებიც ზედ სამოსზე კეთდება და აღნიშნულია მასში გამოყენებული მასალების პროცენტები. დააკვირდით დიზაინის მცირე დეტალებს, ფერის სიხასხასეს. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა პარამეტრის თანხვედრა არის, ძვირიან მოდელთან, ამ შემთხვევაში უფრო მეტი შანსია წარმატებული იაფი შენაძენის.

3. პატარა მაღაზიები და სხვადასხვა ბრენდები. აქ უფრო შეიძლება წააწყდეთ ფასის და ხარისხის თანხვედრას. თუ სპორტულების შერჩევაში ერკვევით, საკმაოდ ნორმალურ ფასში შეიძლება კარგი არჩევანი გააკეთოთ. სპორტული სამოსი შემხვედრია ისეთ ბრენდებშიც, როგორიცაა Cotton, Bershka, DeFacto, New Yorker. იმის გამო, რომ ფასი ძალიან მაღალი არაა, ექსპერიმენტები უფრო ნაკლებად მტკივნეულია. იმის გამო, რომ ეს ბრენდები უშუალოდ სპორტული არაა, შენაძენს მხოლოდ ხმარებისას თუ დატესტავთ და გამოცდილებით გეცოდინებათ რა ტიპის სამოსი უკეთ მოიხმარება ვარჯიშის დროს. 50/50-ზე გამართლება – მე ასე შევაფასებდი ამ ბრენდების და მაღაზიების სპორტულ საქონელს. სხვათაშორის პატარა მაღაზიებში უფრო წარმატებული შენაძენი გამიკეთებია, ვიდრე მსგავს არასპორტულ ბრენდებში.

4. გამოწერა უცხოეთიდან. აქ მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება გაქვთ. რა თქმა უნდა ექსპერიმენტებისგან არც აქ არ ხართ დაზღვეული. რისკი უფრო დიდია, როცა დაბალ ფასიან საქონელს იწერთ. თუ ბრენდს იწერთ, ფაქტიურად თბილისის ბრენდებში არსებული საქონელი, იგივე ხარისხის გაცილებით დაბალ ფასად გაქვთ გარანტირებული. თუ იწერთ ჩინეთიდან, აქ რისკები უფრო მაღალია, რამდენადაც დაბალია ფასები. ერთი და იგივე სპორტული ტოპი შეიძლება სხვადასხვა ფასისაც შეგხვდეთ, თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ – ფასი არანაირად არ განსაზღვრავს არც ხარისხს და არც ზომასაც კი! ერთი და იგივე მოდელი შეიძლება სხვადასხვა მწარმოებლის იყოს და შესაბამისად სხვადასხვა ხარისხის. ასევე ჩინეთის ზომები ხშირად არ ემთხვევა ევროპულ ზომებს. ადგილზე ჩამოსული, თქვენი ამდენი ხნის ნანატრი ტოპი თუ შარვალი, შეიძლება მინიატურული ზომის გამოდგეს. გარდა ამისა, რადგან სპორტულ სამოსზე ვსაუბრობთ, გაითვალისწინეთ, რომ ის აქტიური მოძრაობისას, ოფლის დენის დროს, ხანგრძლივი დატვირთვების დროს უნდა გეცვათ და თუ ქსოვილის ხარისხი შესაბამისი არაა, შეიძლება ალერგიაც გამოიწვიოს. თუმცა ფასი რადგან ძალიან მაღალი არაა და ექსპერიმენტებიც თუ არ შეგაშინებთ, რამოდენიმე წარუმატებელი გამოწერის შემდეგ, შეძლებთ ალღო აუღოთ ჩინურ ბაზარს და ჩამოსულ ამანათში ნაკლები უსიამოვნო სიურპრიზები დაგხვდეთ.

 

5. ინტერნეტით შეძენა საქართველოში. აქ დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორც მე-3 პუნქტში. ანუ ფასის და ხარისხის კარგ კომბინაციას შეიძლება წააწყდეთ და არც დიდი ხანი ლოდინი მოგიწიოთ. ინტერნეტით ან ფეისბუქ გვერდით შეიძლება ძალიან კარგ ფასად საკმაოდ კარგი საქონელი შეგხვდეთ, რომელსაც თქვენი ნაცნობი ან უცხო ადამიანი ყიდიდეს შედარებით დაბალ ფასად, რადგან ზომა თავად არ მოერგო. ან მეორე ვარიანტი, იგივე გამოწერით ვაჭრობენ ის ონლაინ მაღაზიები, რომლებიც კარგად ერკვევიან იმ ნიუანსებში, რომელიც მე-5 პუნქტში აღვწერე და იმ რისკებს და შეცდომებს საკუთარ თავზე იღებენ, რაც თქვენ შეიძლება დაუშვათ. თუ ასეთ მაღაზიებს, ჯგუფებს და საიტებს თვალს ადევნებთ, შეიძლება კარგი შენაძენიც გააკეთოთ, მოიგოთ დროში, ხარისხი და ზომა ადგილზე შეამოწმოთ და ფასიც ადეკვატური იყოს.

6. მეორადი მაღაზიები. დიახ, დიახ, სპორტის მოყვარულებს შორის ასეთი გავრცელებული გამოცდილებაცაა. თუმცა აქ არ ვსაუბრობ ნახმარ სამოსზე, მით უმეტეს ბოტასებზე. თბილისში მეორად მაღაზიებში შეიძლება წააწყდეთ სრულიად უხმარ სამოსს ან ბოტასებს, რომელიც აღარაა მოდური, ტრენდული, აქვს მცირე წუნი და მეორადი საქონელის  სახით შემოდის საქართველოში. თავის დროზე ასეთი საქონელი საკმაოდ იაფად იყიდებოდა თბილისში, თუმცა მას მერე რაც გამყიდველები მიხვდნენ, რომ ასეთ სპორტულებზე მოთხოვნა გაიზარდა, ფასებიც მოუმატეს. ასე რომ მეორადის სტატუსით, შეიძლება იყიდოთ კარგი სპორტულები (ბრენდულიც კი), საკმაოდ იაფად ბრენდულის კვალობაზე, თუმცა ძვირად, მეორადის კვალობაზე. თუმცა ამ პუნქტს აქვს ერთი „მაგრამ“, რაც ბევრი ადამიანის მიერ „მეორადის“ სტატუსის სამოსი, არანაირ ინტერესს არ იწვევს ხარისხის და ფასის მიუხედავად.

წარმატებულ სპორტულ შენაძენს გისურვებთ!

სავარჯიშო ტანსაცმელი თბილისში – ფიტრუმი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.