ჰენრი კუპრაშვილი – ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, როცა არის სურვილი!

ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიოს ცურვის ისტორიაში და რეკორდების წიგნში “დარდანელის სრუტის გმირის” სახელით შევიდა – 2002 წლის 30 აგვისტოს კაცობრიობის ისტორიაში პირველად მან, ოთხგან ხელფეხშეკრული კოლხურით დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში 12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. ამ საოცარმა მოვლენამ მსოფლიო მედია შემოიარა და მას „დარდანელის გმირი“, „ადამიანი დელფინი“, „წყლის პრომეთე“ მოიხსენიებდნენ.

მისი სახელი სპორტთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ის ბიატლისტია, ტრიატლისტი, მონაწილეობს ყინულჭრილში ცურვის ჩემპიონატებში, არის უამრავი შეჯიბრის გამარჯვებული, მონაწილეობს სხვადასხვა დისტანციის გარბენებში, მარათონებში, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩი და ა.შ.

ძალიან დიდია ჰენრი კუპრაშვილის ტიტულების და სპორტული მიღწევების სია, რომელსაც ალბათ ძალიანაც რომ მოვინდომო, სრულად მაინც ვერ მოვუყრი თავს, თუმცა ახლა ოფიციალური ტიტულებიდან მინდა მის რეალურ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადავინაცვლო და იმის შესახებ მოგიყვეთ, რამაც ასე გამაოცა.

ბატონი ჰენრის სპორტული ცხოვრება და აქტივობა თითქოს ჩემთვის ჩვეული ამბავი უნდა ყოფილიყო. ჩვენ ხშირად გადავკვეთილვართ სპორტულ შეჯიბრებებზე და ღონისძიებებზე, მის ყოველდღიურ აქტიურობას ფეისბუქის გვერდიდან მუდამ თვალს ვადევნებდი. თუმცა იმ პოსტმა, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ დადო, მართლა გამაოგნა.

აი ეს პოსტი:

დღევანდელი დილის ვარჯიში: 5:45 ადგომა, ძელზე 2 წუთიანი ჩამოკიდება, ველოტრენაჟორზე ფეხების გახურება, შემდეგ სადარბაზოში 1000 საფეხურის არბენა (16 სართული, ჩამოსვლაზე მუხლი მტკივა, ამიტომ უკან ლიფტით ვეშვები), შემდეგ პრესის რგოლზე 50 ვარჯიში, შემდეგ ლისის ტბაზე სირბილი 8.5 კმ., შემდეგ გაწელვითი ვარჯიშები და ბოლოს ცურვა 2 კმ.

დიახ, მიუხედავად ბატონი ჰენრის საოცარი სპორტული ტიტულებისა, ნუ დაგავიწყდებათ, ამას წერს 71 წლის ადამიანი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მუხლის სერიოზული ტრავმა ქონდა!

აი ეს პოსტი გახდა მიზეზი, ბატონ ჰენრისთან ჩვენი სტუმრობისა.

ვისაუბრეთ ბევრ რამეზე, მის სავარჯიშო გრაფიკზე, როგორ ინარჩუნებს ასეთ კარგ ფიზიკურ ფორმას, მის სამომავლო გეგმებზე, რადგან წინ ბევრი შეჯიბრი და მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატია გეგმაში, და ბოლოს რჩევები, რა უნდა გაითვალისწინოს დამწყებმა თუ სტაჟიანმა მოვარჯიშემ, რა საფრთხეები ელის მას და როგორ უნდა შეძლოს ვარჯიშის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ქცევა.

მასთან საუბრის შემდეგ ვფიქრობდი – რა არის ასაკი? ნუთუ უბრალოდ დიდი ტყუილი, რომელიც ზარმაცმა და მშიშარა ადამიანებმა მოიფიქრეს? რატომ ვიბერებთ თავს ასე ადრე, როცა სხეულიც და სულიც რეალურად ახალგაზრდაა და საოცრებების კეთება შეუძლიათ? ნუთუ ჩვენი გონება არ მართავს სხეულს, ნუთუ ის არ ადგენს სად გადის ზღვარი ასაკსა და ახალგაზრდობას შორის, თუ ამას საზოგადოების მიერ მიღებული დოგმა ან ექიმები მართავენ?

ეს ვიდეო ახალგაზრდებისთვისაა და მათთვის, ვინც 30, 40, 50-ს და ა.შ. გადასცდა და უკვე დაუდგინა საკუთარ თავს სიბერე, უძლურება, ავადმყოფობა, ჯერ კიდევ ჯანღონით სავსე შეშინებული ექიმის კარებს ეკვრის და კანკალით ელოდება დიაგნოზს, გუშინ ხომ 3-ჯერ ზედიზედ დააცემინა და 2-ჯერ წელი ეტკინა.

ეს ვიდეო სულით მებრძოლებისთვისაა, ვისაც სიცოცხლე უყვარს და მისი გონიერი დახარჯვა სურს!

დანარჩენი კი ვიდეოში იხილეთ:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.