რას ამბობენ ფსიქოლოგები, თუ თქვენ ხშირად იცვლით პროფილის ფოტოს?

სოციალურმა ქსელებმა ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი დაიპყრო და მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა. ადამიანების დიდი ნაწილი შეიძლება ითქვას რომ სოც. ქსელებით ცხოვრობს და იქ ატარებს დროის უმეტეს პერიოდს – აქ ეკონტაქტება მეგობრებს, იღებს უახლეს ინფორმაციას, ყიდის, ყიდულობს, აზიარებს თავის აზრებს, ფოტოებს და ა.შ.

ყველაზე პოპულარული სოც. ქსელი კი მსოფლიოში ფეისბუქია, რომელსაც ჯერჯერობით ლიდერი პოზიცია უკავია რეიტინგებში.

ფეისბუქის თუ სხვა სოც. ქსელების ასე გააქტიურებასთან ერთად, ფსიქოლოგებმა არ დაიზარეს და ახალი ტიპის კვლევები დადეს, სადაც მომხმარებელების ქცევებს განიხილავენ. თუ მარტო ფეისბუქს განვიხილავთ, ყველას შეგიმჩნევიათ თქვენი სამეგობროს ქცევის თავისებურებები,  რომელთა დაყოფა შემდეგ კატეგორიებად შეგვიძლია:

– ტიპები, რომლებიც ყველას და ყველაფერს მუდამ ალაიქებენ, ან მუდმივად აზიარებენ, ისე რომ კონტენტს და შინაარს საერთოდ არ უყურებენ;

– არიან პირიქით ტიპები, რომლებიც არასდროს არსად არ ალაიქებენ, არასდროს არ აკომენტარებენ, მაგრამ ყველაფერი ზედმიწევინით იციან ვინ რა დადო, რა ატვირთა, რა დროს, ვინ რა დააკომენტარა და ა.შ.,

– ტიპები რომლებიც ყოველ 10 წუთში თავის ფილინგებს (მომიტევეთ, თუ ფეისბუქის სლენგით ვისაუბრებ) ასტატუსებენ და თავის ყველა აზრს და მოქმედებას აუცილებლად პოსტავენ;

– არიან სელფისტები;

– არიან ჩეკინისტები, ანუ არასდროს არ პოსტავენ, მაგრამ მუდამ სადღაც ჩეკინდებიან;

– პროფილის ფოტოს მწვალებლები, ანუ ტიპები, რომლებიც ძალიან ხშირად იცვლიან პროფილის ფოტოს, კვირაში ან დღეში რამდენჯერმეც კი.

მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქმა ყველა ეს ფუნქცია იმისთვის მოგვანიჭა, რომ გამოვიყენოთ და გამოვხატოთ ჩვენი თავი, ამ ფუნქციებით აკვიატებული და ზღვარგადასული სარგებლობა ფსიქოლოგებმა თავისი ახსნა და ანალიზი მოუძებნეს.

განვიხილოთ შემთხვევა, როცა ადამიანი ძალიან ხშირად ცვლის ავატარს თუ პროფილის ფოტოს სოციალურ ქსელში. ცუდია ეს თუ კარგი? ან რა ინფორმაციას გვაძლევს ეს მომხმარებელზე?

დასაწყისისთვის უნდა ითქვას, რომ პროფილის ფოტოს ხშირი ცვლილებით ქალები უფრო გამოირჩევიან, ვიდრე მამაკაცები. ეს მათთვის ისეთივე რიტუალია, როგორც კაბის ყიდვა საზეიმო შეხვედრისათვის, სადაც ის მაქსიმალურად მომხიბვლელი და ყურადღების მიმქცევი უნდა იყოს.

რატომ იცვლიან პროფილის ფოტოს ხშირად?

ამის მთავარი მიზეზი – საკუთარი პერსონის გადაჭარბებული სიყვარული და ნარცისიზმია. გარკვეული რაოდენობით ეს თვისებები აუცილებელიცაა, მაგრამ როცა ზღვარს სცდება – ეს უკვე ადამიანში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს.

მეორე მიზეზი კი ადამიანის ხასიათის ხშირი ცვლილება შეიძლება იყოს, განწყობასთან ერთად იცვლება ფოტო, რომელიც ამ განწყობას გამოხატავს.

პროფილის ფოტოს ხშირად ცვლიან მოზარდი ასაკის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი „მე“ და იმიჯი ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვთ. ახალი ფოტოებით ისინი ცდილობენ იმის კომპენსირებას რაც არ მოსწონთ და არ აკმაყოფილებთ. ნაცვლად იმისა, რომ მაგალითად წავიდნენ და გააკეთონ მუცლის პრესი, ცვლიან პროფილის ფოტოს.

30-35 წლის ასაკში პროფილის ფოტოს ისინი იცვლიან ხშირად, ვინ არაა საკუთარ თავში დარწმუნებული. წესით ამ ასაკში ადამიანს უკვე ყველაფერი დალაგებული უნდა ჰქონდეს: სამსახური, ოჯახი, სახლი, კარიერა. თუმცა, ყველაფერი ყოველთვის ისე არაა როგორც გვსურს და ეს დანაკლისი ვირტუალურ სამყაროში ანაზღაურდება, ფოტოთი ვაჩვენებთ, რომ ყველაფერი მაგრად გვაქვს.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ სოციალურ ქსელში პროფილის ფოტოს ხშირად მარტოხელა ადამიანები ცვლიან. ეს ყურადღების მიპყრობის და ახალი ნაცნობობის შეძენის საშუალებაა.

ხოლო ის ადამიანები, რომლებიც გვერდიდან აკვირდებიან ფოტოს ხშირ ცვლილებას, აღნიშნავენ, რომ მათთვის დამღლელია ადამიანის ასეთი ნარცისიზმი და საკუთარი თავით ტკბობა. ასეთი ადამიანები არამყარ და არასაიმედო შთაბეჭდილებას ტოვებენ.

საიდუმლო არაა, რომ დიდი კომპანიების კადრების განყოფილებები თანამშრომლებს მხოლოდ გასაუბრების საშუალებით და პროფესიონალური ჩვევებით არ არჩევენ, ისინი მათ სოც. ქსელებშიც იჭყიტებიან.

როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, თუ ადამიანი პროფილის ფოტოს ხშირად ცვლის და დიდ დროს უთმობს ვირტუალურ ცხოვრებას, დამქირავებელს კითხვები უჩნდება, სოც. ქსელზე დამოკიდებულებიდან დაწყებული პიროვნების ფსიქოანალიზით დამთავრებული. ფსიქოლოგების დასკვნით, ასეთი ადამიანები როგორც წესი კარგ ვაკანსიაზე არ ინიშნებიან.

თუმცა ყველა ადამიანი თავისუფალია და აქვს ნება აკეთოს ის რაც სურს და რამდენჯერაც სურს. თუ თქვენ ფსიქოანალიტიკოსი არ გყავთ მეგობრებში ან დამქირავებელი, შეგიძლიათ იმდენჯერ ცვალოთ პროფილის ფოტო, რამდენჯერაც გაგიხარდებათ.

თუმცა რა იცით? იქნებ გითვალთვალებენ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.