#fitni … სიმართლის მომენტი ტრენერისაგან

 ის რასაც ხშირად გეუბნებით;
ის რასაც არ გეუბნებით, მაგრამ ძალიან მსურს რომ გითხრათ;
ის რასაც ვფიქრობ;
ის რისიც მჯერა;

ის, როცა ვიცი რას ფიქრობთ თქვენ და მე კი ჩუმად ვარ:

  1. თქვენ ირჩევთ იმ ვარჯიშს, რომელიც მოგწონთ, მე გირჩევთ იმას, რაც გჭირდებათ შედეგისთვის;
  2. თქვენ ირჩევთ იმ ვარჯიშს, რომელიც პოპულარულია, მე გირჩევთ იმას, რაც გჭირდებათ შედეგისთვის;
  3. თქვენ ირჩევთ იმ ვარჯიშს, რომლითაც თქვენმა მეგობარმა ან მეზობელმა დაიკლო, მე გირჩევთ იმას, რომელიც თქვენ მიგაღწევინებთ შედეგს;
  4. თქვენ მოდიხართ ერთი პრობლემით, მე ვაგვარებ გაცილებით მეტს;
  5. თქვენ ოცნებობთ, მე კი თქვენს ოცნებებს ვამსხვრებ – ისინი რომ რეალობად იქცნენ შრომას გაიძულებთ;
  6. მე ვხვდები, დღეს რომელი უფრო საჭიროა – მძიმე ვარჯიში, რათა სტრესისგან ფიზიკური ცვლილებები მივიღოთ უკეთესისკენ, თუ  ფსიქოლოგიური განტვირთვა, რათა სტრესის გამო არ შეჩერდეს პროგრესი უკეთესისკენ;
  7. მე უკეთ ვიცნობ თქვენს სხეულს, ვიდრე თავად თქვენ;
  8. მე უფრო მჯერა თქვენი, ვიდრე თქვენ საკუთარი თავის;
  9. მე ვიცი: I თვე – ვერ მიტანთ; II თვე – ხვდებით რომ არც ისე ცუდი ვარ; III თვე – გიყვარვართ.
  10. მე ვიცი: I თვე – მწარეა; II თვე – იმედია; III თვე – შედეგია.
  11. მე ვცდილობ ვასწავლო ადამიანებს საკუთარი სხეულის სიყვარული და როგორ არ უნდა დაემსგავსონ სხვას;
  12. მითხარი! რატომ მალაპარაკებ 1 საათი სწორ კვებაზე? დეტალურად რატომ მახსნევინებ რამდენი გრამი წიწმატი ჭამო რომელ საათსა და რომელ წუთზე? ჭამის მომენტში მზე ჰორიზონტთან რა კუთხეზე უნდა იყოს და ლომი სასწორის თანავარსკვლავედთან როგორ ასპექტს უნდა ადგენდეს შენი წარმატებული დიეტისათვის …. თუ კი 15 წუთის შემდეგ საშაურმეში წასვლას გეგმავ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.