ჯანმრთელობა და სილამაზე ყველა ასაკში! ფიტნესი 40+

ცნობილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი სხვადასხვა დაავადებების მსხვერპლი ხდება, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმში მიმდინარე დაბერების და სხვა თანამდევ პროცესებთან. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ამ პროცესის შენელება და რაც შეიძლება შორს და შორს გადაწევა არ სურდეს. ჯანმრთელი და აქტიური ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყო და ნელ-ნელა იმსხვრევა ის სტერეოტიპი, რომ ასაკის მატება აუცილებელ ავადმყოფობას  ნიშნავს. ამ სტერეოტიპის დანგრევას კი ისეთი შესანიშნავი საშუალება ემსახურება, როგორიც ვარჯიში და ფიტნესია. სწორედ ვარჯიშს შეუძლია გაახანგრძლივოს ახალგაზრდობა და უსაფრთხო ჯანსაღი სიბერე უზრუნველყოს, მოახდინოს სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკა და უკვე არსებულს ებრძოლოს. ვარჯიში მათთვისაც კი სასარგებლოა, ვისაც მთელი ცხოვრება ჯერ არ უვარჯიშია – ვარჯიშის დაწყება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა უკვე გვიან ასაკში დაწყებული ვარჯიშით არაჩვეულებრივი შედეგები მიიღეს ადამიანებმა. უფრო რომ დავკონკრეტდეთ ამის მშვენიერი მაგალითი ერნესტინა შეპარდია, გინესის რეკორდების წიგნში შესული ყველაზე ასაკოვანი ბოდიბილდერი ქალი, რომელმაც ვარჯიშს პირველად 56 წლის ასაკში მოკიდა ხელი, დღეს 77 წლის ასაკში კვლავ აქტიურად ვარჯიშობს, დარბის ყოველ დილით 10-12 კილომეტრს, მუშაობს ფიტნეს-ინსტრუქტორად და ატარებს სემინარებს.  საზღვარგარეთ მუდმივად ტარდება მარათონები, სადაც 50+, 60+, 70+ და ა.შ. ასაკის ადამიანები მონაწილეობენ და დარბიან სრულ მარათონს, ყველაზე ასაკოვანი მარათონელი 100 წლისაა, შორს რომ არ წავიდეთ უკანსაკნელ პერიოდში საქართველოში გამართული ყველა მარათონის გამარჯვებული ქალბატონი მარიელა კარმანოლი 56 წლისაა. ასეთი უამრავი მაგალითების მოყვანა შეიძლება.

ახალგაზრდული ასაკის დამთავრების შემდეგ, დარჩებით სახლში წნევის წამლებით ხელში, ათასი ავადმყოფობის მოლოდინში, თუ საკუთარ ჯანმრთელობას თავად მართავთ აქტიური ჯანსაღი სპორტული ცხოვრებით – ეს თქვენი არჩევანია და არა ბუნების კანონი!

თუ არ ვივარჯიშებთ?

როცა ადამიანი ფიზიკურ აქტიურობას უკლებს, ამით ის მოძრაობის დეფიციტს ქმნის, რაც თავისთავად აისახება ნივთიერებათა ცვლაზე, სწრაფად მიდის ორგანიზმის დაბინძურების და დაბერების პროცესები, ეს კი ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების და სხვა არასასიამოვნო შედეგების წარმოშობას. აღნიშნული პროცესები გააქტიურებას 40 წლის ზევით იწყებს.

სამედიცინო კვლევებით და სტატისტიკით აშკარაა, რომ რაც უფრო ნაკლებად აქტიურია ადამიანი ფიზიკურად, მით სუსტია მისი იმუნიტეტი, უფრო მეტად მიდრეკილია სხვადასხვა სახის დაავადებებისაკენ და უფრო ადრე დგება სიბერე. თუმცა, სწორედ შერჩეული დატვირთვები და რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს გაახალგაზრდავებას და ორგანიზმის თვითგანკურნვას, იმუნიტეტის გაძლიერებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესების გააქტიურებას და ა.შ.

არაერთი ადამიანი, ასაკში შესვლასთან ერთად, ასე ვთქვათ, „თავს ზოგავს“ და ერიდება დატვირთვებს. ეს კი შეცდომაა! თუ სხეული არ მოძრაობს, კუნთები ატროფირდება და დუნდება, სახსრები და შემაერთებელი ქსოვილები უხეშდება და მკვრივდება, ხოლო კანი აღარ იკვებება საკმარისად სისხლიდან და ადრე ბერდება.

საკუთარ ფიზიკურ განვითარებაზე ეკონომია, განსაკუთრებით ხანშიშესულ ასაკში იგივეა, რაც საკუთარი სიცოცხლის ეკონომია!

რა სიკეთე მოაქვს ვარჯიშს?

ვარჯიში ყველა ასაკში კარგია და ასაკი არაა მიზეზი, რომ უარი თქვათ ყველა იმ სიკეთეზე რაც ვარჯიშს მოაქვს. პირიქით, ახლა უფრო მეტი მიზეზი გაქვთ დაიწყოთ ვარჯიში. მთავარია სწორედ შეარჩიოთ რას გააკეთებთ და სწორი სტრატეგია შეარჩიოთ. ყველაზე კარგია რა თქმა უნდა, თუ გაქვთ ვარჯიშის გამოცდილება და იცით მთავარი პრინციპები, იცნობთ თქვენს ორგანიზმს, იცით როგორ უნდა დაიწყოთ, რას მიაქციოთ ყურადღება, როგორ მიაღწიოთ პროგრესს, როგორ დაიცვათ თავი ტრავმებისაგან.

ვარჯიშის საშუალებით:

  1. გაიჯანსაღებთ და გაიმაგრებთ მთელს სხეულს და ორგანიზმს;
  2. გაიზრდება კუნთების სიმტკიცე და შემაერთებელი ქსოვილების მოქნილობა, მოძრაობის მობილურობა;
  3. გაუმჯობესდება ბალანსი და კოორდინაციის უნარი;
  4. გაუმჯობესდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა, დატვირთვების დროს პულსაცია აღარ იქნება ძალიან მაღალი, გაიზრდება ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარება;
  5. თავიდან აიცილებთ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ოსტოპოროზი, ოსტეოპენია და სარკოპენია;
  6. ცხიმის პროცენტულობას ორგანიზმში;
  7. აუმჯობესებს გლუკოზის ტოლერანტობას;
  8. ამცირებს ქოლესტერინის დონეს;
  9. ამცირებს სტრესს;
  10. ნაკლებად იავადმყოფებთ, შესაბამისად ნაკლებ დროს და თანხას დახარჯავთ წამლებსა და ექიმებში;
  11. შენელდება დაბერების და ამოქმედდება ორგანიზმის გაახალგაზრდავების პროცესები;
  12. სხეულს მოემატება სიცოცხლისუნარიანობა და ძალა, გაიზრდება შრომისუნარიანობა;
  13. მიიღებთ მეტ სიხარულს და სიამოვნებას ცხოვრებისაგან, მოგემატებათ თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი;
  14. გაგიუმჯობესდებათ ძილი, ნაკლებად დაიღლებით და უფრო მეტს მოასწრებთ დღის განმავლობაში.

თუ არანაირი გამოცდილება არ გაგაჩნიათ, მაშინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის თავისებურებები, რაც უფროს ასაკში ვარჯიშის დაწყებას აქვს, რადგან ამ პერიოდში თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების არ გათვალისწინება, არ გახდეს სარგებლის ნაცვლად პირიქით ნეგატიური შედეგების მომტანი. უფრო უკეთესი კი, თუ ექიმთან გაივლით კონსულტაციას, ზუსტად გეცოდინებათ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავიდან აირიდებთ ყველა უკუჩვენებას.

ვარჯიშის გამოცდილების არქონის შემთხვევაში, უმჯობესია ფიტნეს ინსტრუქტორთან დაიწყოთ ვარჯიში, რათა სწორედ იქნეს შედგენილი თქვენთვის შესაფერისი პროგრამა და აითვისოთ მთავარი უნარ-ჩვევები, რაც ვარჯიშს სჭირდება.

როცა ორგანიზმი არც ისე ახალგაზრდაა და სახეზეა სხვადასხვა ორგანული ან ქრონიკული დაავადებები, საჭიროა სავარჯიშო პროგრამის შედგენისას გათვალისწინებული იყოს ინდივიდუალური მიდგომა, მნიშვნელოვანია განისაზღვროს – დატვირთვები გულზე, მომატებული წნევა, სახსრების ნაკლები მოქნილობა, შენელებული ნივთიერებათა ცვლა, შესუსტებული კოორდინაცია და ა.შ.

თუ ფიზიკურ ვარჯიშს გონივრულად დაგეგმავთ, შესაძლებელია შეჩერდეს ან შენელდეს დაბერების პროცესები, უკეთეს შემთხვევაში კი მიღწეული იქნეს გაახალგაზრდავებაც კი! ეფექტი, რომელსაც თქვენც და თქვენი გარშემომყოფებიც შეამჩნევენ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.