ყველაზე გამხდარი მსუქნის ისტორია – ვაი რატომ ვარ მსუქანი?

უფლებადამცველ ბაია პატარაიას ვოლზე გაზიარებული 2 პოსტი მომხვდა რამდენიმეჯერ თვალში, სადაც ერთი ქალბატონის – შორენა გაბუნიას ბლოგ პოსტი ჰქონდა გაზიარებული – რატომ არ მაინტერესებს წონაში დაკლება?

სათაური შორიდანვე პოზიტიური ჩანდა და თან ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, დამაინტერესა, ასე რომ შევედი და წავიკითხე. „მართალია“ – „არაამართალი“ და თავის ხან ზევით-ქვევით ხან მარჯვნიც-მარცხნივ ქნევით ჩავამთავრე პოსტი.

რამდენიმე დღეში მეორე პოსტი დავინახე – წონა არაა მთავარი? ეს პასუხი იყო გაბუნიას პოსტზე, რომლის ძირითადი აზრი, სათაურშივე ჩანდა – ეეეჰ როგორ არ გვაინტერესებს, მარა გამოდის რომ? თემას თვალი გადავავლე და

ესეც გავატარე.

ისედაც „რამდენი დავიკელი“ „რამდენი მოვიმატე“-ს სმენაში ვატარებ დღეს და კიდევ ეს მინდოდა?

გავატარე მარა ცუკერა ხომ არ მოგეშვება. თუ ჩათვალა რომ თემა შენთვის აქტუალურია ხომ ვერ მოიცილებ, გიგდებს და გიგდებს პოსტს ზევით.

დღეს  კიდევ ერთხელ ამოახტუნა ვოლზე ეს პოსტები, რადგან ჩემს ნაცნობებს ჰქონდათ დაკომენტარებული და კოკა-კოლას რეკლამის და პავლოვის ძაღლის არ იყოს, ბოლობოლო ქალურ-პროფესიული ჩვევა-ინსტიქტები ამიმუშავა.

პასუხი იმ ხალხს, ვინც ამ პოსტების ქვეშ „ხოცავდა“ ერთმანეთს – წონა მთავარია თუ  არა?

ჩემი – როგორც მსუქანი ქალის ისტორია.
მე მსუქანი ვარ, ძალიან მსუქანი, ისე რომ მუდამ მაწუხებენ და ამას მახსენებენ. მახსენებენ დელიკატურად, არადელიკატურად, უხეშად, უზრდელად, ტაქტიანად ან რამე სხვა ფორმით, თუმცა ამას სულ მახსენებენ.

რამდენი კილო ვარ? – უფ, ძალიან ბევრი, თქმაც კი მრცხვენია – 55!

არანაირი არასერიოზულობა, გამუქება, დაცინვა, ალეგორია ან კომპლექსები. სრულ სიმართლეს მოგახსენებთ, საშინლად გავსუქდი და ვარ – 55 კილო!

ახლავე აგიხსნით რაშია საქმე. ამჟამად მე ჩემი ძირითადი პრაქტიკა ფიტნეს-ინსტრუქტორობაა. წონის და ვარჯიშის თემას 6 წელია მოვკიდე ხელი, თავიდან როგორც ბლოგერმა და ავტორმა, ბოლო 4 წელი კი პროფესიადაც გამიხდა. ასე რომ სხვას თავი დავანებოთ, თავად ჩემი აწონვა-გაზომვის საკითხი გაცილებით უფრო აქტუალურია, ვიდრე სხვისთვის.

ამ პერიოდშიც და იქამდეც სულ სხვადასხვა ფორმა-წონა მქონდა, ხან ვიმატებდი, ხან ვიკლებდი, ხან იდეალურ პარამეტრებში ვჯდებოდი, ხან ხორციანში, ხან უხორცოში – მაგრამ არასდროს კაციშვილი არ მახსოვს ჩემით კმაყოფილი ყოფილიყოს!!!

მის დღემში ან მსუქანი ვიყავი ან გამხდარი!

ყველაზე იდეალურ ფორმაშიც კი აუცილებლად ვიღაც ჭკუის დამრიგებელი გამოჩნდებოდა, რომელიც მეზობლის ლამარას რაღაც ისტორიას მიზიარებდა – როგორ დაიკლო და ავად გახდა ლამარა, როგორ გასუქდა და ქმარი გაექცა ლამარას, ამას ზედ რეცეპტების და რჩევების დიდი ბუკეტი მოსდევდა.

მახსოვს 48 კილო ვიყავი, ერთ „წონის კლების ცენტრში“ მოვხვდი (უკვე ინსტრუქტორი), რომელმაც არ იცოდა ჩემი პროფესია და თავში ხელების წაშენით „დედა ეს რა მოგსვლია“-ს ძახილით ჩემი კიდევ წონაში დაკლება და ცხიმ-კუნთის ბალანსის შეცვლა დამიპირეს.

იგივე წონაზე ჩემი ახლობლები ზურგსუკან ჩემს ანორექსიაზე საუბრობდნენ და ცდილობდნენ ხან ანჯელინა ჯოლის ისტორია მოეყოლათ (ვინც არ იცის, ანჯოლინა ანორექსიკია) ან რომელიმე ფსიქოლოგთან მივეგზავნე, რომელიც დამარწმუნებდა ჭამა დამეწყო.

მათი მდელობებით 2 კილო მოვიმატე და 50 გავხდი. ეს უკვე კრიტიკული წონა აღმოჩნდა. ხალხის აზრი რადიკალურად გაიყო, პირველები როგორც კი შორიდან დამინახავდნენ ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ – მოიმატეეეე, როგორ გიხდებააა, აღარ გახდე რააა. მეორენი – ცოტა ხმას დაიბოხებდნენ, ქვევიდან ამომხედავდნენ და ისე ჩაილაპარაკებდნენ, ნინო … შენ შემთხვევით წონაში ხომ არ მოიმატე? საერთოდ უკანასკნელი დონის ბოროტები პირდაპირ მაჯახებდნენ – უიმეეე რამხელა მუცელი გაქვს, ორსულად ხაარ?

50 კილო თავისი ახსნა-განმარტებებით როგორღაც გადავატარე. ზოგს ვუხსნიდი, რომ არ ვიყავი მსუქანი, ზოგს არ ვიყავი გამხდარი. თავს ოპტიმისტ-პესმისტების ხელში ჩავარდნილ ნახევარად სავსე ჭიქასავით ვგრძნობდი.

აი 50-ს ზევით დაიწყო სერიოზული კოშმარი.

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური დატვირთვა სულ მიწევს, წონა მაღლა გაიქცა. მთავარი მიზეზი დასვენების გარეშე გადაჭარბებული დატვირთვები გახდა. პლიუს ამას სტრესი, რომელიც ყველაფერს ანადგურებს, სხეულს, გონებას, შლის ჰორმონალურ სისტემას, რომელიც პირველი პასუხისმგებელია წონის კონტროლისას.

წონა ზევით ავარდა. თუმცა ამ 55 კილოში ვერ ვიტყვი რომ სულ ცხიმი ავაგროვე. წონებით დავიწყე ვარჯიში, კუნთოვანი მასა გაიზარდა, ფორმებიც ცოტა უფრო მსხვილი გახდა.

ფიზიკურად რეალურად უფრო მაგარ ჯანზე მოვედი, სპორტული თვალსაზრისით ამტანობა, ძალა, სისწრაფე უფრო მომემატა, ვარჯიშში ხარისხი გამეზარდა, მაგრამ წონა ….. ოოოო

ერთ ისტორიას მოვყვები, რომელსაც ხალისით ვიხსენებ, როცა წონაზე მიდის საუბარი.

ჩემი +5 კილოგრამით დიდი ხნის უნახავი ნაცნობი ვნახე, რომელსაც ბოლოს 48-50კგ-იანი ვახსოვდი. გამარჯობაზე ადრე – დედააააა, ვაიმეეეე, როგორ გაასუქებულხააააარ!!! – მომაძახა. ნუ დავიმორცხვე, პასუხი ვერ გავეცი, მაგრამ გული ცხადია ძალიან მეტკინა. საუბარი გავაგრძელეთ. ათასი რამ მივიკითხ-მოვიკითხეთ და ეს ჩემი მეგობარი მეუბნება აღფრთოვანებული – ვაიმეეე, იცი მე 5 კილო დავიკელიიიი, ნახეეეე როგორი გამხდარი ვაააარ! თან ბედნიერმა აღფრთოვანებით თეძოებზე შემოიდო ხელები, საჯდომი გაბზიკა კეკლუცად და დატრიალდა.

მინდა გითხრათ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე – ეს ჩემი ნაცნობი 100 კილო გახლდათ. დიახ, 100 კილო! და მინუს ხუთ კილოში 95 კილომდე დავიდა.

მე ჩემი +5 კილოთი – მსუქანი გახლდით! ის -5 კილოთი გამხდარი! მე 55 კილო ვიყავი, ის 95!

აი ამ ფარდობითობის თეორიის მუხანათობით, აინშტანიც კი წავიდოდა და პირველივე ხრამში გადახტებოდა!

აქ მინდა ყველაზე მთავარზე და რეზიუმეზე გადავიდე. ვართ თუ არა ჩვენი წონით ბედნიერები? რომელი მართალია შორენა გაბუნია თუ მეორე ქალბატონი, რომლის სახელი არ ვიცი.

ყველაზე გამხდარი მსუქანი ქალის აზრი:

ჩვენ ნებისმიერი წონით შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები, დანარჩენი კილოგრამები კი კომფორტის ზონაა.

წარმოიდგინე დადიოდე და თან სულ 30 კილოიანი გირი დაგქონდეს. იქნება ეს კომფორტის ზონა – ალბათ არა.

მუდმივად არჩევდე სამოსს, ვერ იცვავდე ისე როგორც გინდა, იქნება ეს კომფორტის ზონა – ალბათ ისევ არა.

თუ არჩევანი გექნებოდა საკუთარი სხეულის არჩევის, ისე როგორც მაღაზიაში – ფორმაში მყოფის და დიდ წონიანის, რომელს აარჩევდით? პასუხს თავად გასცემთ.

მაგრამ აქ არის კომფორტის ზონის დაძლევის პრობლემები. რამდენად გიღირთ ეს კომფორტის ზონის დაძლევა. დადეთ სასწორი და ერთ მხარეს ეს კომფორტი შემოალაგეთ, მეორე მხარეს კი „მსხვერპლი“ რომელიც ამ კომფორტისთვის უნდა გაიღოთ – რეჟიმი, ვარჯიში, კვება და ა.შ.

თუ კომფორტი უფრო ძვირფასია თქვენთვის, მაშინ წონით ვერ იქნებით ბედნიერი და მუდმივად დაიტანჯებით რომ ვერ გააკეთეთ და ვერ გახდით ისეთი როგორიც გსურდათ. ადამიანი მუდმივად ვითარდება, იცვლება, მუშაობს თავის თავზე, სურს უკეთესი იყოს და ეს დასაძრახი არაა, პირიქით.

და მეორე, თუ „მსხვერპლი“, რომელიც უნდა გაიღოთ უფრო მძიმეა და გადაწონის, მაშინ დარჩით ისეთი როგორიც ხართ და იყავით ბედნიერები. ნუ მოისპობთ თავს მძიმე რეჟიმით, ნუ დაიზიანებთ ფსიქიკას, სხეულს და ჯანმრთელობასაც კი. მართალია ზედმეტი წონა ცუდ ჯანმრთელობასთან ასოცირდება, მაგრამ არის უფრო კიდევ ცუდიც, რომელიც თქვენ უფრო მეტ ზიანს მოგაყენებთ, ვიდრე წონა – ეს თქვენი ფსიქიკის ნგრევაა და სტრესი.

რაც შეეხება გარშემომყოფებს, მათ ვერ გააჩუმებთ. ამიტომ მოვყევი ჩემი ისტორია. მე დღეს ბევრისთვის ისეთივე მსუქანი ვარ 55 კილოთი, როგორიც სხვა 100 კილოთი. მერე რა, რომ მე 43 წლის ვარ და 2 შვილის დედა ვარ, მერე რა რომ ჩემი ტოლების უმეტესობა ამაზე 20-30 კილოთი მეტია და 2 სართულის ავლისას გული ხელით უჭირავს, მაშინ როცა მე 10-12 კილომეტრს  ჩვეულებრივ სავარჯიშო დისტანციად ვთვლი და გული საერთოდ არ ვიცი სადაა.

საზოგადოებამ მე სხვა სტანდარტი მომიზომა, ყველა თავისი სასწორით და სახაზავით დამდევს, როგორც კი სტანდარტს ვცდები – ეს ხომ მათთვის შანსია! შანსი იმისა, რომ ჩემზე უფრო ჭკვიანი და ლამაზი იყოს! მე მათ ამის შანსს ვერასდროს წავართმევ, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ისინი უფრო უკეთეს შანსს გამოიყენებენ, იყვნენ არა ჩემზე ლამაზები და ჭკვიანები, არამედ საკუთარ თავზე უფრო ლამაზები და ჭკვიანები! – ამას კი შრომა სჭირდება, ფიზიკურიც, გონებრივიც, რომ მეტი დრო დახარჯოს საკუთარი თავის სრულყოფაზე და დრო არ დარჩეს სხვის უკან სახაზავით და სასწორით სირბილის.

და ხო კიდევ, ქალბატონი ლამარა დააყენონ მშვიდად, წონის მიუხედავად მაინც მოხუცდა და მისი დარბაისლური ასაკი ზურგსუკან ჭორაობას არ იმსახურებს.

პ.ს. პოსტს ბოლოში ჩემს ფოტოებსაც მივაყოლებ, მაინც რომ დაგაინტერესოთ როგორ გამოიყურება მსუქანი ადამიანი. ეს ჩემი ბოლო 1 თვის ფოტოებია (ძველებს შეგნებულად არ ვდებ)

IMG_4018IMG_4704IMG_4889IMG_4941

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.