კოორდინაციის პრობლემა ვარჯიშის დროს

ადამიანებისთვის, რომლებიც იწყებენ ვარჯიშს და ფიტნესის ისეთ სახეობებს მიმართავენ, სადაც აქტიურად უწევთ მოძრაობა, მოძრაობის ცვლილება, სივრცეში გადაადგილება, ქორეოგრაფიის გამოყენება (აერობიკა, სტეპ-აერობიკა, ზუმბა ფიტნესი), ნაცნობია კოორდინაციის პრობლემა. ხშირად ისინი გაურბიან ასეთი ტიპის დატვირთვებს და ცდილობენ ფიტნესის ისეთი მიმართულება აირჩონ, სადაც არ ექნებათ საფიქრელი, საით და როგორ იმოძრაონ და ამას მის ნაცვლად სტატიკური რკინის ტრენაჟორი გადაწყვეტს – დააფიქსირებს მის მოძრაობებს.  კოორდინაციის ნაკლებობა აღიქმება როგორც – „მე ცეკვა არ შემიძლია“ და არა სიღრმისეულ პრობლემად, ის რომ კუნთებს არ შეუძლიათ შეთანხმებულად და ერთდროულად მოახდინონ შეკუმშვა-მოდუნების პროცესი, დაქვეითებულია ტვინის ნეირონული კავშირები და კონცენტრაციის უნარი.

კოორდინაციის განმარტება

კოორდინაცია – სხეულის კუნთების აქტიურობის შეთანხმებული მოძრაობის პროცესია, რომელიც მიმართულია სამოძრაო ამოცანის წარმატებით შესასრულებლად.

ეს განმარტება საკმაოდ მშრალი, არასაინტერესო და ჩვენთვის სრულიად უსარგებლო. რა პრაქტიკული ფასეულობა აქვს კოორდინაციას, რაზე მოქმედებს ის და რატომ არის საჭირო?

კოორდინაცია მნიშვნელოვნად გვეხმარება ცხოვრებაში. მარტივი მაგალითებით, ვისაც კარგი კოორდინაცია აქვს თავს კომფორტულად გრძნობს ცეკვის დროს, კარგად მოძრაობს, ადვილად ეუფლება სპორტის სახეობებს და რაც მთავარია ყოველდღიურ ცხოვრებაში ტრავმების მიღებს რისკი ნაკლებია (მაგალითად, ზამთარში მოყინულზე სიარულისას, ტრანსპორტით მგზავრობისას) და ა.შ.

თუმცა საქმე მარტო ცეკვაში და სპორტში არაა, არც მეტ კომფორტში. შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ საერთოდ არ იცეკვებთ, არ ივარჯიშებთ იქ სადაც მეტი კოორდინაცია გჭირდებათ და პრობლემაც მოხსნილია. ამიტომ ცოტა მეტი შევიტყოთ რა როლი აქვს ჩვენთვის კოორდინაციას და რატომ უნდა გავიუმჯობესოთ ის?

რა არის კოორდინაცია? მისი ფუნქცია ყოველდღიურ ცხოვრებაში

მოქმედებების დიაპაზონი, რომელიც სრულდება სხვადასხვა სიტუაციაში და ითხოვს ალღოს, რეაქციის სისწრაფეს, კონცენტრაციის უნარს და ყურადღებას, მოძრაობის დინამიურ სისწრაფეს და მათ ბიომექანიკურ რაციონალობას – ძალიან დიდია. ამას ხშირად მოხერხებულობასაც უწოდებენ – ეს არის ადამიანის უნარი სწრაფად, ოპერატიულად, მიზანმიმართულად, ასევე რაციონალურად აითვისოს სამოქმედო მოძრაობები, სწრაფად გადაწყვიტოს სამოძრაო ამოცანები ცვლად პირობებში.

ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალგანვითარებულ კუნთოვან შეგრძნებას და ნერვული პროცესების პლასტიურობას, რომელთა მუშობის ხარისხზე დამოკიდებულია კოორდინაციული მოძრაობის წარმოქმნის სისწრაფე და ერთი მდგომარეობიდან და რეაქციიდან მეორეში გადასვლა.

მოძრაობის კოორდინაცია გულისხმობს სწრაფად, ზუსტად, მიზანმიმართულად, ეკონომიურად და რაც შეიძლება სრულყოფილად გადაიჭრას სამოძრაო ამოცანები – განსაკუთრებით რთული და მოულოდნელი.

კოორდინაციული უნარის გამომჟღავნება დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, მათ შორის: ადამიანის უნარს მოახდინოს მოძრაობის ზუსტი ანალიზი; ანალიზატორების მუშობა, განსაკუთრებით სამოძრაოსი; სამოძრაო ამოცანის სირთულე; სხვა ფიზიკური შესაძლებლობების განვითარების დონე (სისწრაფე, დინამიური ძალა, მოქნილობა და სხვ.); სითამამე და გამბედაობა; ასაკი; ზოგადი მომზადება ( მრავალფეროვანი სამოძრაო უნარების მარაგი).

ადამიანს, რომელსაც აქვს კარგი კოორდინაცია, მისთვის უცხოა სიტლანქე და მოუხერხებლობა არასტანდარტულ სიტუაციებში. ყოველდღიურ ცხოვრებაში კოორდინაციის კარგი უნარი დაგეხმარებათ იყოთ მზად მოულოდნელობისათვის, თავიდან აიცილოთ ტრავმები, აკეთოთ რამდენიმე საქმე ერთდროულად.

გარდა ამისა:

კუნთების კოორდინაცია განსაზღვრავს კუნთების ტონუსს მოდუნებულ მდგომარეობაში – ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია, რომელზეც უფრო დაწვრილებით …

როცა ვზივართ, მათ შორის კომპიუტერთან და თითქოს მოდუნებულები ვართ, ზოგიერთი კუნთები დაჭიმულია და ხანდახან ზედმეტადაც. ჩვენ ამას ისე მივეჩვიეთ, რომ ვერც ვამჩნევთ. ჯდომის დროს, უნებურად იკუმშება ტრაპეციული კუნთები (რომლებსაც მხრებს ვეძახით), ზურგის გარკვეული მცირე კუნთები და ფეხის კუნთები.

სხვათაშორის, ისეთი მოვლენა, რასაც კრუნჩხვა ჰქვია, ცუდი კუნთოვანი კოორდინაციის შედეგია. რომელიღაც მომენტში კუნთი რაღაც მიზეზის გამო ვერ გრძნობს, რა უნდა გააკეთოს – მოდუნდეს თუ დაიჭიმოს და იწყებს შეკუმშვას არაშესაფერის დროს. ის ძლიერ იკუმშება, რაც ტკივილს იწვევს – ეს არის კრუნჩხვა.

გარდა ამისა, არასაკმარისი კოორდინაციის გამო, ჩვენ ცუდად ვგრძნობთ ჩვენს კუნთებს. ბევრ თქვენგანს ალბათ ჰქონია ასეთი შემთხვევა, როცა ვარჯიშის დროს ვერ გრძნობთ დაჭიმულია თუ მოდუნებულია თქვენი კუნთები.

ის კუნთები, რომელსაც არ შეგიძლიათ მისწვდეთ თქვენი გონებით, რომელსაც ვერ გრძნობთ და აკონტროლებთ, უნებურად იკუმშებიან.

კუნთების უნებური შეკუმშვა – ეს დიდი ენერგეტიკული დანახარჯებია, რის გამოც სწრაფად და ძალიან ადვილად ვიღლებით.

თუმცა მოძრაობის ცუდი კოორდინაციის გამოსწორება შესაძლებელია.

როდის ვითარდება კოორდინაცია?

კოორდინაცია ადამიანს არა პირველი ნაბიჯებიდან, არამედ უფრო ადრე უვითარდება, როცა თვეების ბავშვი, ცდილობს ზურგიდან მუცელზე გადატრიალდეს ან ქუსლი შუბლთან მიიტანოს. ბავშვებს მაღალი უნარი აქვთ დაიმახსოვრონ და შეასრულონ მოქმედებები, რომელსაც აჩვენებენ, ისინი ამას უკეთ აკეთებენ, რადგან გონება ზედმეტი ინფორმაციით არ აქვთ გადატვირთული, უკეთ იქმნება ე.წ. ნეორონული კავშირები, რომლებიც ეხმარება ადვილად აითვისონ სამოძრაო ელემენტები. ამიტომ კოორდინაციის განვითარება უმჯობესია ბავშვობიდან,

თუმცა კოორდინაციის უნარის განვითარება არც ზრდასრულ ასაკშია შეუძლებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კოორდინაციის პრობლემა, რამე დაავადებით ან პათოლოგიით არ არის გამოწვეული.

როგორ შევამოწმოთ კოორდინაცია?

თუ კოორდინაციის პრობლემა გაქვთ, ჯერ გამორიცხეთ რომელიმე დაავადება ან პათოლოგია. ამისათვის შეგიძლიათ გაიაროთ რუმბერგის საკმაოდ ადვილი ტესტები:

ტესტი 1. დაწექით მყარ ზედაპირზე, დახუჭეთ თვალები და შეეცადეთ მიიტანოთ მარჯვენა ქუსლი მარცხენა მუცლთან და პირიქით.

ტესტი 2. დადეთ სკამი კედლიდან 3 მეტრის მანძილზე, დასაჯდომი მხარე რომ მისკენ იყოს მიტრიალებული. დაჯექით. დახუჭეთ თვალები. ადექით, ცოტახანი იდექით, მიდით კედელთან, არ შეეხოთ და მოტრიალდით. მიდით ისევ სკამთან, მოტრიალდით და დაჯექით მასზე სწორად.

ტესტი 3. დადექით, მარჯვენა ფეხი ოდნავ წინაა ვიდრე მარცხენა. ხელი გაწიეთ წინ და შეეცადეთ შეეხოთ საჩვენებელი თითით ცხვირის წვერს. ეს შეასრულეთ ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა ხელით.

თუ ყველა ტესტი წარმატებით გაიარეთ, მაშინ არაფერი – სიზარმაცის გარდა, არ შეგიშლით ხელს შეისწავლოთ ყველაზე ძნელი საცეკვაო ელემენტებიც კი. კოორდინაციის გასაუმჯობესებლად საკმაოდ კარგია აერობიკული და საცეკვაო ჯგუფები. კოორდინაციული სავარჯიშოებისათვის, ასევე ძალიან კარგია სტეპ-აერობიკა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.