დავით კანდელაკი: იოგა საწინააღმდეგო პოლუსია იმისა, რაც სოციუმში ხდება

იოგა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის გაჯანსაღებაზე, მის ფსიქიკაზე, ის დაგეხმარებათ ჯანმრთელობისათვის სწორი და სასარგებლო ჩვევები გამოიმუშავოთ, რომელიც არ იქნება მხოლოდ 1 ან 2 კვირაზე გათვლილი, იოგა კარგი სარეაბილიტაციო საშუალებაა, ბევრი დაავადების პრევენცია, ის ანტისტრესია და ა.შ. ეს ჩამოთვალი დიდია და ამიტომაა რომ იოგამ აღმოსავლეთის საზღვრები კარგა ხანია გამოანგრია და დასავლეთშიც მყარად მოიკიდა ფეხი, სადაც იოგას ჯგუფებში დასწრება თავისებური კარგ ტონადაც ითვლება.

რატომ გახდა იოგა, ინდური კულტის განუყოფელი ნაწილი ასეთი პოპულარული დასავლეთში? – ალბათ იოგამ შეძლო ის, რაც დასავლეთის კულტურაში ყველაზე მეტად დააკლდა სოციუმს – შინაგანი კონფლიქტის ჰარმონიის გრძნობით ჩანაცვლება და ბუნებასთან, საკუთარ სხეულთან დაკარგული კავშირის აღდგენა.

იოგათი დაინტერესება საქართველოშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა კიდევ ბევრი კითხვა არსებობს იოგას შესახებ, რაზეც YOGAROOM-ის ინსტრუქტორს, სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის სპეციალისტს დავით კანდელაკს გავესაუბრებით.

– გამარჯობა დავით, ალბათ პირველი კითხვა ბუნებრივია უნდა დავიწყოთ შენი იოგასთან ურთიერთობის ისტორიით. რა პერიოდიდან დაინტერესდი იოგათი, რატომ და რითი მიგიზიდა იოგამ?

– მივესალმები fitni.ge-ს მკითხველს. ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესების მიზნით 13 წლის ასაკში მიმიყვანეს სავარჯიშოდ,  ჩემი მასწავლებელი თენგიზ გელდიაშვილი იყო. საწყის ეტაპზე ზოგადად ვვარჯიშობდი, დავრბოდი და ფეხბურთს ვთამაშობდი. დიდ დროს ვუთმობდი ვარჯიშს და შესაბამისად ჩემს მასწავლებელთან ურთიერთობას. ის იოგას მასწავლებელია და მე ავტომატურად მიწევდა მისი ცხოვრების დაკვირვება, თუ რა იყო იოგა, რას ასწავლიდა ის იოგათი დაინტერესებულ ხალხს და როგორ კურნავდა იოგას ვარჯიშებით სხვადასხვა დაავადებებს. დროთა განმავლობაში მე მთლიანად გადავერთე იოგაში. შემდგომ  დავასრულე სამედიცინო უნივერსიტეტი სპორტის მედიცინისა და რეაბილიტაციის განხრით.

მე მინდა ვივარჯიშო იოგა:

– რა არის იოგა, როგორ ავუხსნათ მოკლედ მათ, ვინც იოგათი ახლა დაინტერესდა?

– ეს არის ფიზიკური ვარჯიშები და სწორი კვება, სულიერი მოძღვრება და საკუთარი თავის შემეცნება. ადამიანმა  იოგა შეიძლება გახადოს მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში ჯანმრთელობის მიზნით და ეს ძალზედ მისასალმებელია, თუმცა ვარჯიში და სწორი კვება მხოლოდ ნაწილია იოგის და არა მიზანი.

– როგორ უნდა დავიწყოთ იოგას ვარჯიში? რამდენად შეიძლება ეს გავაკეთოთ ინსტრუქტორის გარეშე? შეცდომები, რომელიც ასეთ დროს შეიძლება დავუშვათ.

– არ არის რთული მაწავლებლის გარეშე დაწყება, ერთადერთი რამ რაც ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს და არ დაავიწყდეს, არის ის, რომ არც ერთი ვარჯიშის შესრულება არ უნდა მიიყვანოს ტკივილამდე, რამეთუ ტკივილიდან ტრავმამდე ერთი ნაბიჯია. აკეთოს ისე, როგორც გამოსდის – კომფორტისა და ძალიან მცირე დაძაბულობის ფაზაში.

– რა ასაკიდან შეიძლება დავიწყოთ იოგა? (მინიმალური ასაკი). რამდენად რეკომენდირებულია ბავშვებისათვის და თუ არის ის განსხვავებული „დიდების“ იოგასგან.

– 7-8 წლიდან თამაშ-თამაშით შეიძლება ბავშვების ჩართვა იოგაში, რაც ძალაინ სასარგებლოა, რადგან ვარჯიშები აძლიერებს ხერხემლის კუნთებს, რომელიც იჭერს ხერხემალს სწორ მდგომარეობაში. სწორედ კუნთების სისუსტე იწვევს სხვადასხვა ხერხემლის პრობლემებს და ამ მხრივ იოგა კარგი პრევენციული საშუალებაა.

– იოგა და ორსულობა, რამდენად რეკომენდირებულია იოგას ვარჯიში ორსულობის დროს და ორსულობის შემდეგ? რა დადებითი ეფექტი აქვს?

– იოგა იდეალური საშუალებაა ორსულობის დროს, ამ შემთხვევაში ვარჯიშები არის მსუბუქი, სასიამოვნო და რელაქსაციური. ორსულის სხეული ინარჩუნებს მოქნილობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მშობიარობისათვის და რადგან ვარჯიშები სიამოვნებაზე და რელაქსაციაზეა ორიენტირებული – ძალზედ მშვიდდება ორსულის ნერვული სისტემა, ეს სასარგებლოა როგორც ფეხმძიმისათვის, ასევე ნაყოფისთვის. რაც შეეხება ორსულობის შემდგომ ვარჯიშის დაწყებას – თუ  არის შესრულებული საკეისრო კვეთა, ვარჯიშის განახლება შეიძლება 3-4 თვეში მშობიარობის შემდეგ, ხოლო ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში კი 1 კვირაში. ვარჯიშის განახლება ხელს უწყობს ქალს ფიზიკური მდგომარეობის აღდგენაში.

– განსაკუთრებით საინტერესოა, ხერხემლის დაავადებების შემთხვევაში რამდენად რეკომენდირებულია, რომელი პრობლემების დროს აუმჯობესებს მდგომარეობას (გამრუდება, თიაქარი, ოსტეოქონდროზი და სხვ.)

– ხერხემლის პრობლემის დროს იოგას ვარჯიში აუცილებელია, ოღონდ გარკვეული მიმართულებით, ანუ საწყის ეტაპზე მხოლოდ იმ ვარჯიშების შესრულება უნდა მოხდეს, რომელიც ხერხემლის პრობლემას ( ეს იქნება გამრუდება, თიაქარი და სხვა) მოაგვარებს და მოხნის ტკივილს, შემდგომ ეტაპზე, როდესაც ადამიანს ეხსნება ტკივილი, უკვე ეტაპობრივად შეიძლება სხვა ვარჯიშების გამოყენებაც, ოღონდ ვიმეორებ ეტაპობრივად და ზომიერად. თუ ადამიანი ხერხემლის პრობლემის დროს შეასრულებს იმ ვარჯიშებს, რომლებიც არ არის მიზანშეწონილი საწყის ეტაპზე, შეიძლება მივიღოთ გართულება. ასე რომ ხერხემლის პრობლემის დროს არ არის რეკომენდირებული ინსტუქტორის გარეშე ვარჯიშის წამოწყება.

იოგა სოციალურ გარემოში

იოგა და წონა

– რამდენად უწყობს იოგა ხელს წონაში კლებას?

– იოგა არის ჯანმრთელი ცხოვრების წესი და ის მოიცავს ფიზიკურ აქტივობასა და სწორ კვებას. როდესაც ადამიანი ამას ასრულებს, მასში მიმდინარე სწორად მიმართული ფიზიოლოგიური ფაქტორები ავტომატურად დაარეგულირებს სხეულის წონას. იოგას მიზანი არ არის წონის კლება, იოგას მიზანი არის, რომ ადამიანმა გაიგოს, თუ რა არის სწორი კვება და რატომ უნდა აწარმოოს ის იმ თანმედროვე სოციუმში და გარემოში, სადაც ჩვენ  ვცხოვრობთ. დიეტა – სწორ კვებას ნიშნავს, მაგრამ ადამიანს წარმოუდგენია ის ასე: დაიწყოს ორშაბათს და გაგრძელდეს 2 კვირა. 2 კვირის მერე კი, უფრო ხშირად ის მთავრდება და ადამინი გადაეშვება დიეტიდან მეორე უკიდურესობაში (იწყებს ყველაფრის ჭამას, რაც თვალში მოხვდება) რაც სხეულისთვის არა სასურველია და კრიზისულია. მაგრამ, როდესაც ადამიანი გაიგებს თუ რა არის სწორი კვება, ის მას აწარმოებს სულ და გადაუხვევს მისგან გაცნობიერებულად, ხოლო შემდგომ ისევ დაუბრუნდება სწორ კვებას და ეს გაგრძელდება მთელი ცხოვრება.

იოგა და სტესი

– გარკვეულწილად იოგას ბოლო დროის პოპულარობა ხომ არ განაპირობა სწორედ მისმა ანტისტრესულმა ეფექტმა?

– რაც კი სოციუმში ხდება, იოგა არის მისი აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოლუსი. ადამიანი აცნობიერებს, რომ მას სჭირდება განსხვავებულ გარემო, განსხვავებული იმისა, სადაც ატარებს თავის დღის განრიგის უმეტეს ნაწილს. ეს უმეტესი ნაწილი კი ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელად სწრაფ და ინტენსიურ გონებრივ ან ფიზიკურ აქტიურობას მოიცავს, რაც რა თქმა უნდა სტრესია და ამ სტრესის მოსახსნელად ადამიანი ეძებს განტვირთვის საშუალებას – ზოგისთვის ეს სიარულია, სირბილი, ფიტნესი, სპორტული თამაშები, თუ იოგა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია სტრესი ინდივიდისთვის სასიამოვნო გარემოში მოიხსნას ფიზიკური აქტივობით და რელაქსაციით. როდესაც ადამიანი სტრესს იხსნის მხოლოდ და მხოლოდ ბარებში, რესტორნებში ალკოჰოლის მიღებით (და სხვადასახვა საშუალებებით) მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

იოგა და რელიგია

– ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იოგას აღმოსავლურ რელიგიას უკავშირებენ და ამის გამო თავს იკავებენ ვარჯიშისაგან. შენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით – იოგა და რელიგია, რამდენად შეიძლება გავმიჯნოთ იოგას ფიზიკური დისციპლინა სულიერი სწავლებისაგან?

– იოგა არ არის რელიგია. ის მეცნიერებაა რელიგიების შესახებ და ის არც ერთ რელიგიას არ ეწინააღმდეგება – პირიქით ადამიანს ეხმარება, რომ უკეთესად გაიგოს თავისივე რელიგია. ვარჯიშებს რაც შეეხება, გავიმეორებ ჩემი მასწავლებლის სიტყვებს: ჩაისუნთქე – ამოისუნთქე, გაშალე ფეხი და მოხარე, ჭამე ხილი და ბოსტნეული, განა ეს ეწინააღმდეგება რომელიმე რელიგიას?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.