წონის კლების ფსიქოლოგიური ფაქტორები – ცხიმში და კუნთებში დამალული ემოციები

ვისაც კი შეხება ჰქონია წონის კლებასთან და კორექციასთან, ცალსახად დამეთანხმება რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სასურველი შედეგის მიღწევისათვის. ადამიანები დიდ შეცდომას უშვებენ, როდესაც იწყებენ წონის კლებას კომფორტული სპორტ-კლუბის თუ კარგი დიეტის ან დიეტოლოგის მოძიებით. თუ არ არის ფსიქოლოგიური მზაობა და გააზრება იმ პროცესისა რაც წინ გველოდება, ნებისმიერ კარგი დიეტა-ვარჯიშის გეგმა წყალშია ჩაყრილი. არიან ადამიანები ვისაც ძალუძთ საკუთარ თავთან გარკვევა, გააზრება, განწყობის მომზადება, მოტივაციის ტალღის შენარჩუნება პროცესის დასრულებამდე, ისინი ვისთვისაც ეს ყველაფერი შედარებით ადვილად მიმდინარეობს, არ ხდება ნერვებისა და ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვა და ა.შ. თუმცა საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა წონის კლება დაუსრულებელი ძიების პროცესია: ვიცვლით დიეტას, დიეტოლოგებს, სავარჯიშო დარბაზს, კლუბს, ტრენერს, ვიზომავთ ჰორმონებს მაგრამ არაფერი არ გამოდის – მაშ სად არის პრობლემა? თეფშზე მაცდურად მომზირალ კრემიანი ნამცხვრის კალორიებში თუ თავად ჩვენში, სადღაც გონების კუთხეში დალექილ ემოციებში, რომლებიც დიდი ხანია მივიწყებულია?

წონის კორექციის მეთოდების სრულყოფა მუდმივად ხდება და ამ პროცესში დღესდღეისობით დიეტოლოგებთან და ტრენერებთან ერთად ფსიქოლოგებიც არიან ჩართული. წონის კლების ფსიქოლოგიური ფაქტორებზე სასაუბროდ კითხვებით მივმართე წონის კორექციის ცენტრ „ბორმენტალის“ ფსიქოთერაპევტს, ვადიმ ბელკოვს, რომელიც საქართველოში პერიოდულად ჩამოდის აღნიშნულ ცენტრში ტრენინგების ჩასატარებლად.

მაშ ასე, ფიტნი.გე-ს სტუმარია ვადიმ ბელკოვი – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, ნევროლოგი, „ბორმენტალის“ ტრენერი და კონსულტანტი.

– ვადიმ, შეგვიძლია ვისაუბროთ ჭარბის წონის დაგროვების ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე? თითქოს ყველამ ყველაფერი იცის, როგორ უნდა დაიკლოს წონაში, არის სურვილი, აქვს მოტივაციაც, მაგრამ მაინც არაფერი გამოდის, ბევრი მცდელობების მიუხედავად ადამიანი ვერ ცვლის თავის ცხოვრების რეჟიმს, ვერ თმობს ძველ ჩვევებს, ძველ დამოკიდებულებებს. წონა რჩება, რჩება პრობლემები.

– დამოკიდებულებები, ჩვევები – ეს რიტუალებია, რომელსაც არა აქვს არავითარი ფიზიოლოგიური აზრი და არის წმინდა ფსიქოლოგიური. ეს იგივეა, როგორც როცა მოზარდი ამბობს, მე ვეწევი, იმიტომ რომ ეს გულზე დატვირთვაა, ახლა არ ვვარჯიშობ და ამით გულის დატვირთვას ვცვლი. სინამდვილეში იქ არავითარი გულზე დატვირთვა არაა, მოწამვლა დიახ არის, ხდება მავნე ზემოქმდება ფილტვებზე, რომლებიც უზროდ იკუმშება, ფართოვდება ნიკოტინის ზემოქმედებით. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი, როცა ეწევა ის თავს უფრო მეტის უფლებას აძლევს, ვიდრე აქამდე. გრძნობს თავს დიდად, დამოუკიდებლად, თავისუფლად, ის კი არა ფიქრი შეუძლია სხვანაირად, როგორც მოზრდილს. ქალი რის გამო ეწევა ხშირად? ის როცა მოწევას იწყებს, გარდაისახება იმ შესაძლებლობების ქალად, რომელიც ის არაა რეალურად. ან არის, მაგრამ სიგარეტის გარეშე ის ამის უფლებას არ აძლევს თავს. სიგარეტით წყვეტს პრობლემას იყოს თავისუფალი, გახსნილი, თეატრალური, მანერული. ჩვენი კლიენტები საკვების საშუალებით იგონებენ რიტუალებს, რომლებიც უცვლიან აუსრულებელი ოცნებებისაგან გამოწვეულ არასასიამოვნო შეგრძნებებს. მაგალითად, წავიდა მაღაზიაში, ნახა კაბა, უნდა მისი ყიდვა, მაგრამ არ უნდა გარისკვა, რომ იყიდოს საკუთარი თავისთვის, მაგრამ ეს უკვე პასუხისმგებლობაა, დამოუკიდებლობა. ცოტა ქალს შეუძლია იცხოვროს დამოუკიდებლად. დამოუკიდებლობა არ ნიშნავს შეგეძლოს გადაწყვეტილების მიღება სხვის მიმართ, ეს ნიშნავს იღებ გადაწყვეტილებას საკუთარი თავის მიმართ. მას არ შეუძლია გადაწყვიტოს საკუთარი თავისთვის, მაგრამ თუ დაინახავს ასეთივე კაბას ბავშვისთვის, ის ამ კაბას დაუყოვნებლივ იყიდის. ეს ხომ არ არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ეს ხომ სხვისთვისაა, სხვისთვის ცხოვრება გაცილებით ადვილია, იმიტომ რომ თუ იცხოვრებ შენი თავისთვის, ამისათვის მოგიწევს ანგარიშის ჩაბარება – შეიძლება ღმერთის წინაშე, შეიძლება მშობლების წინაშე, შეიძლება ქმრის წინაშე, ან საკუთარს სინდისთან. თუმცა სინდისი თავის მხრივ საინტერესო რამაა – ეს ხომ თავისებურად მშობლის ხმაა, ასე რომ ანგარიშის ჩაბარება და პასუხისგება მაინც მშობლების მიმართ გიწევს.  როცა მან იყიდა კაბა ბავშვისთვის და არა საკუთარი თავისთვის, ის გრძნობს რომ რაღაც ისე არაა. მას სურდა, მაგრამ საკუთარ თავს არ მისცა ნება. მას არ შეუძლია ამ შეგრძნების დავიწყება. რატომ მუშაობს ასე მძლავრად ცეკვის თერაპია, თუნდაც ზუმბა? – მთელი ფსიქოლოგია შედგება ემოციებისაგან. არავის არ სჭირდება მკვდარი ფსიქოანალიტიკოსები, რომლებიც საათში 1 ან 2 სიტყვას იძახიან. ადამიანებს ემოცია სჭირდებათ. როცა ისინი მეგობართან ლაპარაკობენ, მეგობარი შეიძლება სისულელესაც იძახდეს, ან ამშვიდებდეს, ან ერთად იცინოდნენ, ადამიანი უფრო მეტ პოზიტიურ მუხტს იღებს, ვიდრე ფსიქოანალიტიკოსთან. რატომ? იმიტომ რომ ის ემოციებით ცხოვრობს, ხოლო ემოციები კი კუნთებში იმალება. რატომ გამოიყურება ადამიანი შებოჭილად, დაკომპლექსებულად? იმიტომ რომ ის მალავს ემოციებს, მას ეშინია მათი, ძაბავს კუნთებს და შიგ მალავს მთელ ემოციებს. ყველა მსგავსი მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ მან დაიწყოს ამ კუნთების მოძრაობა, რომ ემოციები გათავისუფლდეს და გარეთ გამოვიდეს. აი ამაშია მძლავრი თერაპია.

– რა ხდება შემდეგ, ანუ ჩვენ უარი ვთქვით ოცნებაზე, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებაზე და ამის საკომპენსაციოდ წავედით საჭმელად?

– არა, შეიძლება მაშინვე არა, მაგრამ ეს დაძაბულობა აგრძელებს არსებობას, სანამ ადამიანი არ აისრულებს ამ ოცნებას. ეს შეგრძნება არაა სასიამოვნო, მაგრამ ამის გადახარშვა შეიძლება. მან ბავშვის გამო უარი თქვა სხვა კაბაზე, ჯინსზე, კარიერაზე,  ქმრის გამო უარი თქვა დაქალებთან შეხვედრაზე, უარი თქვა დასვენებაზე. აი ეს დაძაბულობის ბლოკები გროვდება და გროვდება, ბოლო წვეთი კი შეიძლება ნებისმიერ რამ იყოს, მაგალითად ქმარმა რამე ისე არ უთხრა, გააბრაზა, ან ისევ რაღაცაზე თქვა უარი. ეს კიდევ ერთი დაძაბულობა უკვე ყველა ბლოკს ეხება, რომელიც მას აქვს ფორმირებული. ის გრძნობს, რომ მისი ცხოვრება არ შედგა. მას არ სურს ამის აღიარება, მაგრამ გრძნობს დისკომფორტს. როგორ გაუმკლავდეს ამას? ჭამს. ხოლო სანამ ჭამს გადართულია პრობლემისაგან.

– ეს როცა პრობლემა მოდის მოზრდილ ასაკში, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ სიმსუქნის პრობლემა ადრეულ ასაკში, ბავშვობაში დგება?

– გოგონები 12 წლამდე, ბიჭებს ეს ასაკი 16 წლამდე აქვთ, აკოპირებენ თავის მშობლებს. ისინი ენდობიან თავის მშობლებს, თუ მშობელი კარგად აჭმევს, ე.ი. ასეა საჭირო, სხვა ვარიანტი არ არსებობს. ეს ბავშვები საერთოდ არ ფიქრობენ, ისინი ასე იკვებებიან, რასაც აძლევენ ჭამენ. ასეთ ასაკში მათთან მუშაობას აზრი არ აქვს, რადგან მათი ავტორიტეტი მათი მშობლებია.

– გამოდის თქვენი მეთოდის არსი, პირველ რიგში პრობლემების გააზრებაა?

– დიახ, პრობლემების გააზრება, თუმცა სწორედ ესაა ყველაზე ძნელი – უნდა აღიარო არა ის, რომ დამოკიდებული ხარ ჭამაზე, არამედ ის რომ რეალურ პრობლემებს „ჭამ“. მათ ისე კარგად არ აქვთ ყველაფერი, როგორც ფიქრობენ, პრობლემა პირველ რიგში უნდა დაინახო, შემდეგ კი გრძნობდე როგორ გადაჭრა ის. არის ასეთი მეტაფორა: თუ ადამიანმა არ იცის რომ ზღარბზე ზის, ის არ ადგება. ზღარბიდან რომ ადგე, ჯერ ტკივილი უნდა იგრძნო. კლიენტები ხშირად ამბობენ – მე მინდა უბრალოდ გავხდე. ის ვერ გრძნობს იმ ტკივილს, რომელიც ცხიმს იქით იმალება, ის იმიტომ ჭამდა ამდენი წელი, რომ ეს ტკივილი დაემალა – ბავშვობის წყენა, უკვე მოზრდილ ასაკში. ამიტომ უნდა ჯერ უნდა იგრძნოს ტკივილი და შემდეგ მისგან გათავისუფლდეს. ამისათვის სხვადასხვა თერაპიაა – სუნთქვასთან დაკავშირებული, სხვადასხვა მოდუნების ტექნიკა, რათა მოხდეს გააზრება – იდეა ამაშია. მათ წონა დააგროვეს, იმიტომ რომ საჭირო იყო, რომ დაემალათ შიგნით ტკივილი. თუ ადამიანი გაიგებს რაზე თქვა თავის დროზე უარი, მან შეიძლება საკუთარ თავს ამის უფლება უკვე მისცეს, დრო ხომ შეიცვალა, ან უბრალოდ გაუმკლავდეს, მიიღოს, ან გაიგოს რომ ეს პრობლემა იყო მაშინ, მაშინ ასე იყო საჭირო, ახლა კი აღარაა.

– მოტივაციას თქვენ აძლევთ თუ მხოლოდ პრობლემის არსში ახედებთ.

– ორივე, პრობლემის გაგებასთან ერთად იზრდება მოტივაციაც.

– შეიძლება სამუდამოდ გახდომა?

– შეიძლება სამუდომოდ დასვენება? შეიძლება სამუდამოდ გამოძინება? ეს არის ადაპტაციის ფიზიოლოგიური პროცესი.

– წინააღმდეგობა, რომელიც ყველაზე ხშირად გხვდებათ?

– უარყოფა. პრობლემის უარყოფა. თუ ადამიანს არ სიამოვნებს აღიაროს პრობლემა, ის იწყებს უარყოფას – არა არა ეს არაა ჩემზე, მე ასეთი არ ვარ. ამ დროს მე შეიძლება ისიც არ ვიცოდე სადამდე მივიდა ის, რა გაიაზრა. მან დაინახა თავი, როგორც სარკეში და ყვირის – არა ეს მე არ ვარ. ეს არის ყველაზე ძნელი, რომ ადამიანმა აღიაროს. თუმცა სანამ ადამიანი არ აღიარებს რეალობას, ის ვერ შეძლებს წავიდეს წინ.

ადამიანი უნდა დააინტერესო, რომ შეძლოს ბოლომდე დაიცვას დიეტა, იქამდე სანამ წონას არ შეამცირებს. დაინტერესება ესეც  მოტივაციაა – ეს ყველაფერი კი ფსიქოლოგიაა. ხომ არის რომ ორი დიეტოლოგიდან ორივე ერთი და იგივე სქემით მუშაობდეს, მაგრამ ერთს უსმენენ, მეორეს არა. უსმენენ მას, ვინც მათ უფრო შეეფერება როგორც ადამიანი.

– გაამახსენდა ამერიკული შოუ „ბიგესთ ლუზერი“, სადაც ზოგ შემთხვევაში ტრენერი თავის კლიენტებს ექცევა აგრესიულად, უყვირის – დაგავიწყდა აქ რისთვის მოხვედი? მიყავს ცრემლებამდე. ასეთი მიდგომა რამდენად გამართლებულია?

– ზოგიერთისთვის სწორედ ეს წარმოადგენს მოტივაციას. ბევრი ადამიანია, რომელიც მოდის წონის დასაკლებად და ფსიქოლოგის სახით ხედავს გამაღიზიანებელს და სურს მას აჯობოს. თუმცა იმას ვერ ხვდება, რომ თუ მას აჯობებენ, თავის მიზანს ვერ მიაღწევს – ვერ დაიკლებს წონაში.

– როდის დგება კრიზისი? როცა ვუახლოვდებით ბოლო კილოგრამებს?

– შეიძლება დაიწყო წონის კლება, იყო შთაგონებული, თუმცა დგება კრიზისული მომენტები. ცხიმი, ასე ვთქვათ იწოვს ამ ჰორმონებს და ე.წ. გადამუშავების ტოქსიკურ პროდუქტებს, ის ასევე იწოვს მეტაფორულად რომ ვთქვათ ემოციებსაც. თუ ადამიანმა „შეჭამა“ რამე პრობლემა, ის კილოგრამები, რომლებიც მოამატა ამის გამო, ამ სტრესის მეხსიერებაა. მაგალითად, გოგონა არასდროს ყოფილა წონიანი და უცებ მოიმატა, აქედან პირველი კილოგრამები სწორედ იმ ემოციას ატარებენ, რის გამოც მან წონა მოიმატა. ეს მიზეზი შეიძლება იყო უიღბლო ქორწინება, მშობლების დაშორება და ა.შ. როცა ის წონას იკლებს, თანდათან უახლოვდება იმ ბოლო კილოგრამებს, რომლებიც თავიდან მოიმატა. კლების პროცესში მეტაფორულად რომ ვთქვათ ემოციებიც გამოიყოფა გარეთ და ის მას გრძნობს. უკვე აღარ არსებობს ეს ფსიქოტრავმული მდგომარეობა, მაგრამ მეხსიერება ამას ისე აწარმოებს, თითქოს ის კვლავ იმყოფება ამ ფსიქოტრავმულ მდგომარეობაში. მან შეიძლება თავიდან განიცადოს მშობლების დაშორება და ამიტომ ისევ ადვილად მოიმატოს, რადგან გრძნობს – მე ვიკლებ, მაგრამ არაკომფორტულად და ცუდად ვარ. ამიტომ ჯობია თავიდანვე გაერკვეს საკუთარ თავში, გრძნობებში, სანამ წონის დაკლებას დაიწყებდეს, რომ ეს კრიზისული მომენტი არ დადგეს. როცა ადამიანი თავიდანვე იაზრებს წონის მომატების მიზეზს, ის წინასწარ გამოიმუშავებს იმ კომფორტის გრძნობას, რომელიც ბოლო კილოგრამებზე სჭირდება. რომ ბოლოს რაც დარჩება იყოს მხოლოდ ცხიმი, ყოველგვარი ემოციების გარეშე. ამიტომ წონის კლება არ უნდა იყოს დამუხტული უარყოფითი ემოციებით. პოზიტივით ადვილია წონის კლება.

– და ბოლოს რჩევები ჩვენს მკითხველს, როგორ დავიკლოთ წონაში

იმისათვის, რომ ადვილი და მარტივი იყოს კლება, გართულების გარეშე და ბოლომდე, ჯობია სპეციალისტს მივმართოთ და ვენდოთ მას. მივიდეთ და დაველაპარაკოთ. თუ ადამიანს აქვს პრობლემა და აქამდე არ გადაუჭრია იმის მიუხედავად რას ფიქრობს თავად ამ პრობლემაზე – “მე წესიერად ხელიც არ მომიკიდია, არც მიცდია” და ა.შ. თუ პრობლემა აქამდე არის, ე.ი. მას მისი გადაჭრა არ შეუძლია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.