რომ გადახვალთ, გააჩერეთ! – ვარჯიშზე მივდივარ!

7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. ამიტომ მინდა ფიტნი-ს ვექტორი სულ ოდნავ მოვაბრუნო და ჯანმრთელობაზე ვისაუბროთ – თემა, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი ცხოვრების წესთან.

რა არის ჯანმრთელობა? – იცით ამ კითხვაზე პასუხი? რა ასოციაცია გვიჩნდება როცა ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ? დარწმუნებული ვარ უმეტეს თქვენგანს ასე წარმოუდგენია – ეს არის პრობლემა, რომელიც ასაკში ჩნდება, ეს არის წამლები, ეს არის ექიმები, ეს არის აფთიაქები, საავადმყოფოები და ა.შ.

აქ პატარა შესწორება და ისე გავაგრძელებ თემას – ჯანმრთელობა ეს აუცილებლობაა და არა პრობლემა … და ვაგრძელებ:

ძალიან კარგად მახსოვს სიტუაცია ასე დაახლოებით 10-15 წლის წინ. ჩემს ქუჩაზე (ალბათ მსგავს ანალოგს თქვენს სიახლოვესაც იპოვით) უბანში მხოლოდ 3 მცირე ზომის აფთიაქი იყო, რომელიც სრულად აკმაყოფილებდა მოსახლეობს საჭიროებას. დღეს აქ 6 უზარმაზარი ზომის, ქართული ცნობილი ბრენდირებული აფთაიქებია გახსნილი, ერთმანეთზე მიწყობილი და სადაც არ უნდა შეხვიდე, აუცილებლად რიგში დგომა მოგიწევს, მოხუცი, ახალგაზრდა, ქალი, კაცი, ყველა წამალს ითხოვს, უბრალო თავის ტკივილის გამაყუჩებლიდან დაწყებული, წნევის წამლით თუ ანტიბიოტიკით დამთავრებული. არ მითხრას ვინმე სკეპტიკოსმა, რომ უმეტესობა იქ ან შამპუნის ან პამპერსის საყიდლად შედის, ამ პროდუქციით უფრო კომფორტულ სიტუაციაში და მრავაფეროვანი ასორტიმენტით გაცილებით იაფად სხვა მაღაზია-მარკეტები ვაჭრობენ, ხოლო აფთიაქებზე ძირითადი დატვირთვა სწორედ მედიკამენტების ხარჯზე მოდის.

რატომ შეიცვალა სიტუაცია ასე რადიკალურად არც თუ ისე მცირე დროში?

მიზეზი ბევრია. დღევანდელი გარემო გაცილებით სტრესულია, ეკოლოგია დღითიდღე უარესდება, საკვების ხარისხი იგივე მდგომარეობაშია, ინტერნეტმა და კომპიუტერულმა სისტემებმა ხალხი სკამებს მიაჯაჭვა და ნაკლებ დინამიური გახადა, სამედიცინო მომსახურება ძვირია და პერიოდულ გამოკვლევებს ფაქტიურად არავინ იტარებს, არც ისე იშვიათია არაკომპეტენტური სამედიცინო მომსახურება, რომელიც კიდევ უარეს დღეში აგდებს ადამიანს და დაავადების მიზეზის ძებნაში ექიმიდან ექიმამდე სირბილში და ახალ-ახალი მედიკამენტების მიღებაში ექსპერიმენტებს ეწირება დრო, ნერვები და ჯანმრთელობა.

დაავადებების კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით დაავადებების რაოდენობა მატულობს და სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის ისევ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ლიდერობს, რომელთა რაოდენობაც კვლავ მაღლა მიიწევს. კატასტროფულადაა  მომატებული ონკოლოგიური დაავადებები.

აი ეს სიტუაციაა საქართველოში. თუ ასე გავაგრძელეთ მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება.

ცუდი ტერმინი - ცხოვრების ჯანსაღი წესი

ადამიანის ჯანმრთელობის 50-55% ჩვენი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. ეს ისაა, რასაც ცხოვრების ჯანსაღ წესს ვეძახით. ეს ტერმინი გასული საუკუნის 70-იან წლებში დამკვიდრდა. მას შემდეგ, რაც ადამიანი ბუნებას დასცილდა, ურბანიზაციის პროცესმა ადამიანები კორპუსებში ჩაკეტა, ავტომობილებმა ფიზიკური აქტიურობის აუცილებლობა შეუმცირა, მჯდომარე სამსახურების რაოდენობამ მოიმატა, საკვების ხარისხი დაეცა, გაჩნდა ჯაქ-ფუდი და ა.შ. – ამ ყველაფერმა გაზარდა ისეთი დაავადებების რიცხვი, რომელიც ყოველდღიური არსებობის წესთან იყო დაკავშირებული.

სიმართლე გითხრათ არ მიყვარს ეს ტერმინი – ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ასეთი ასოციაცია მიჩნდება, თითქოს არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ „ნორმალურად“ და არიან ადამიანები – ჯანსაღი წესით მცხოვრებნი, რომლებიც რაღაც განსაკუთრებულ წესს იცავენ, ცდილობენ მოსწყდნენ ყოველდღიურობას და ჩაკეტილი სექტასავით თავიანთი კანონები აქვთ. ხშირად მათ გარკვეული ირონიით უყურებენ, თვლიან მოცლილებად და მათზე ანეკდოტებიც კი  თხზავენ, მაგალითად როგორ მოკვდა ქეიფს და დროს ტარებას გადაყოლილი სულ 15 წუთით ადრე, ხოლო ჯანსაღი ცხოვრების წესით მცხოვრები კი სულ 15 წუთით გვიან და ა.შ.

მგონი დროა სიტუაცია 180 გრადუსით შეტრიალდეს. არსებობდნენ ადამიანები, რომელთათვისაც ნორმა ვარჯიში, სწორი კვება, ორგანიზმის გაკაჟება, იმუნიტეტის გაძლიერება და ფორმაში ყოფნა ითვლება და იყვნენ „ცხოვრების არაჯანსაღი წესით“ მცხოვრებნი, რომლებიც უმცირესობაში დარჩებიან!

ისე მართლა საქმე 15 წუთშია? ან თუნდაც 1 წელში? ან სიცოცხლის ხანგრძლივობაზე?

ამერიკაში ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების მიერ შემოტანილი იქნა ასეთი ტერმინი – „სიცოცხლის ხარისხი“. ვფიქრობ ეს უფრო კარგი განმარტებაა იმისი, თუ რა განსხვავებაა იმ ადამიანს შორის, რომელიც უფრთხილდება ჯანმრთელობას და ვინც არ უფრთხილდება. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია სულაც არ იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამოკიდებული, სამწუხაროდ სხვა მიზეზებიც არსებობს გარდაცვალების, მათ შორის კატასტროფები, უბედური შემთხვევები და ა.შ. მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს მოცემულ წლებს როგორ გაატარებ, სოცოცხლით სავსეს, აქტიურად თუ ნახევრად დაავადებული, ნახევრად აქტიური, მუდმივ ფიზიკურ დისკომფორტში, როცა გაწუხებს ათასი რამ და ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა ნახევარ სიცოცხლის წლებს უამაქნისს გიხდის.

სახელმწიფო პოლიტიკა. პრეზიდენტი ვარჯიშობს?

ევროპის და განსაკუთრებით აშშ-ში ვარჯიშს და ფიზიკურ აქტიურობას სახელმწიფო დონეზე ექცევა ყურადღება. აშშ-ში სპეციალურად ვარჯიშების სახელმწიფო საბჭოც კია შექმნილი, დიახ ვარჯიშის და არა მაგალითად სპორტის. სპორტი სპორტსმენებისთვისაა, ხოლო ვარჯიში კი თითოეული მოქალაქის აუცილებელი სასიცოცხლო ყოველდღიური მოთხოვნილებაა. არსებობს პრეზიდენტთან არსებული ფიტნესის, სპორტის და კვების საბჭო. ქალბატონი მიშელ ობამა კურირებს პროექტს “Let’s move”, რომელიც ბავშვთა სიმსუქნის ეპიდემიის წინააღმდეგაა მიმართული. ინტერნეტში არაერთ ფოტოს ნახავთ, სადაც მიშელ ობამა ბავშვებთან ერთად მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.

დიახ, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არა მისი ექიმთან ან საავადმყოფოში მოხვედრისას იწყება, არამედ უფრო ადრე. ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად საჭიროა ზურნვა.

ჯანმრთელობა ძლიერი იმუნიტეტია, რომელიც თავდაცვის მექანიზმია მცირე თუ სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ, ვარჯიში კი იმუნიტეტის ამაღლებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

დროა სახელმწიფო პოლიტიკა გაცილებით აგრესიული და ინფორმატიული გახდეს, პროპაგანდა უფრო აქტიური, ღონისძიებები კი ეფექტური, სადაც მთელი მოსახლეობა ჩაერთვება და არა მხოლოდ მცირე ჯგუფებზე ვიქნებით ორიენტირებულები. მაგალითს არა მხოლოდ სპორტსმენები და მსახიობები იძლეოდნენ, არამედ პოლიტიკოსები და პირველი პირებიც კი!

როდის ვიწყებთ ჩვენ ვარჯიშს? ან საერთოდ ვიწყებთ?

როდის გვახსენდება ვარჯიში?

სამწუხაროდ უმეტეს მათგანს მხოლოდ მაშინ, როცა წონა გვემატება და ვარჯიშის მიზანი მხოლოდ წონის დაკლებაა.

არ მინდა აქ ჩამოვთვალო ის სიკეთეები რაც ვარჯიშს აქვს, ამისთვის ცალკე თემებიც მაქვს მიძღვნილი, მხოლოდ მოკლედ შეგახსენებთ – ვარჯიში პირველ რიგში ჯანმრთელობაა, ჯანმრთელობა კი ნიშნავს სილამაზეს, ენერგიას, გახსნილ გონებას, მოხდენილ აღნაგობას, ლამაზ ღიმილს, წარმატებას საკუთარ საქმეში, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას – ამიტომაა რომ ყველა წარმატებული ადამიანი ვარჯიშობს. არ მითხრათ, რომ ისინი იმიტომ ვარჯიშობენ, რომ ყველაფერი წესრიგში აქვთ, საზრუნავი არ აქვთ და დრო და საშუალება აქვთ ვარჯიშის. ყველაფერი პირიქითაა, ვარჯიში აყალიბებს ადამიანს, აჩვევეს რეჟიმს, წესრიგს – ის ასწავლის რომ არ იპოვის მიზეზები თუ რატომ არ აკეთებს, არამედ იპოვოს საშუალებები და აკეთოს!

რომ გადახვალთ, გააჩერეთ! - სად მივდივართ, სალონში თუ დარბაზში?

ვარჯიში ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია, ისე როგორც ჭამა, ძილი, საკუთარ ჰიგიენაზე ზრუნვა და ეს ცხოვრების სტილია, ისე როგორც ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გატარება, მათზე ზრუნვა და ა.შ.

ვარჯიში ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტი.

ისევ მინდა ჩვენს გარემოს დავუბრუნდე – წავედით ქუჩებში:

გააჩერეთ ნებისმიერი გამვლელი. ჰკითხეთ უბანში უახლოესი აფთიაქის მდებარეობა, ან სალონის. დარწმუნებული ვარ პასუხს უცებ მიიღებთ და ამ ობიექტებსაც იქვე იპოვით. კითხეთ შემდეგ უახლოესი სავარჯიშო დარბაზის მისამართი. მიიღებთ პასუხს? – ალბათ ჯერ დუმილს, მერე მხრების აჩეჩვას, მერე თავის გაქნევას. ეს იქნება უმრავლეს შემთხვევაში.

თქვენც გაიხედეთ გარშემო. რამდენი აფთიაქი და სალონია არა? გაქვთ უბანში სავარჯიშო დარბაზი? იცით მის შესახებ რამე? ან თუ არის ასეთი, დადიხართ? თუ გაქვთ ახლოს ადგილი, სადაც ვარჯიშს მოყვარულები იკრიბებიან? (სავარჯიშო ადგილი კი არა ტროტუარი არ დარჩება მანქანების და ახალი კოპრუსების ხარჯზე) თქვენ ან თქვენ გარშემომყოფთაგან ვინ თვლის, რომ ვარჯიში აუცილებელია? არა მხოლოდ 1 ან 2 თვე ზაფხულის წინ,  არამედ მუდამ, ზაფხულში, ზამთარშიც, გაზაფხულზეც, ქარშიც, წვიმაშიც, თოვლშიც და მუდამ. (შესაძლებელია ჩემს მკითხველებს შორის სიტუაცია გაცილებით უკეთესად იყოს, მაგრამ ჩვენ მაინც ცოტანი ვართ ჯერ 🙂  )

ვარჯიში თავის მოვლის ჰიგიენაა, ეს მუდმივი პროცესია. სალონში, როდესაც კარგ ვარცხნილობას იკეთებთ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ მეორე დღეს თმა აღარ დაივარცხნოთ, სალონში აღარასდროს არ შეხვიდეთ ან წელიწადში მხოლოდ ერთხელ? არ გიკვირთ და ბუნებრივია ის, რომ თმა 1 და 2 თვის მერე ისე აღარ გამოიყურება და მოუვლელობის შემთხვევაში ცვლილებას განიცდის? მაშინ რატომ არ აქცევთ ყურადღებას თქვენს სხეულს? მხოლოდ გარეგნულ კოსმეტიკური პროცედურები იგივეა რაც ძველი ამორტიზირებული სახლის გარედან შეღებვა – ეს თვალს გარედანაც კი ვერ ატყუებს, მხოლოდ შორიდან, ახლოს მისვლაც საკმარისია, რომ ფორმადაკარგული კედლები შეიგრძნოთ, მიხვდეთ როგორ იშლება შიგნიდან სახლი ნელ-ნელა.

იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, დაიწყეთ იმით რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია – ფიზიკური აქტიურობით. მხოლოდ ვარჯიში რა თქმა უნდა არაა გარანტია აბსოლუტური ჯანმრთელობის, მოქმედებენ სხვა ფაქტორებიც, მაგრამ ვარჯიშს უდიდესი როლი აქვს, ის ამცირებს რისკებს, ის ახანგრძლივებს ჯანმრთელად ყოფნის პერიოდს.

ცხოვრება ეს შანსია და არა გარანტიები.

იყავით ჯანმრთელები!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.