ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონი 2016, 4 სექტემბერი

საქართველო ჯერჯერობით არც ისე განებივრებულია სპორტული ღონისძიებებით, ასე რომ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანებისათვის, ყოველი ასეთი ღონისძიება დიდი ზეიმია.

ერთხელ მაინც ყოფილხართ მარათონზე?

თუ ცოტათი მაინც ცდილობთ ეზიაროთ ვარჯიშის კულტურას, ბუნება გიყვართ და ხართ აზარტული, მაშინ მიმიხვდებით, რომ შემთხვევით არვიხმარე სიტყვა ზეიმი. ამაღლებული განწყობა, მოლოდინი, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, საკუთარ თავთან ჭიდილი და გამარჯვება, თუნდაც ბრძოლაში დამარცხება, ადრენალინი, ენდორფინები – ეს ყველა მარათონის თანმდევი ემოციებია, რომელიც სამუდამოდ „დაგაავადებს“ სპორტული ჟინის მქონე ადამიანს და ყოველ ახალ ღონისძიებას მოუთმენლად დაელოდები.

მარათონზე გასასვლელად არაა აუცილებელი დიდი გამოცდილება, პირველად უმეტესობა უბრალო მცდელობიდან იწყებს და სარბენ ბილიკზე შეიძლება სრულიად უამბიციო მიზნებით მოხვდეს. სტარტიდან დაწყებული აღმაფრენა ფინიშამდე ფეხების ძლივს მითრევით და უზომო თვითკმაყოფილების გრძნობით მთავრდება ყველასთვის, პროფესიონალისათვისაც და დამწყებისათვისაც. განსხვავება ერთშია, სტარტი ყველას ერთი აქვს, ხოლო ფინიში სხვადასხვა.

ამის მერე იწყება მოლოდინი და სპორტულ კალენდრებში ძიება, სადმე ხომ არ არის დაგეგმილი მორიგი ღონისძიება, ისევ გამოსცადო შენი თავი, წინასწარ მეტი მოემზადო, უკეთესი შედეგი აჩვენო, რომ ახლა დამწყებებმა შენ გამოგაყოლონ გულდაწყვეტით თვალი, ისე როგორც შენც პირველად უყურებდი შენს წინ სარბენი ბილიკიდან ასხლეტილ ბოტასებს, რომელიც თქვენს შორის დაშორების მანძილის ზრდასთან ერთად ნელნელა ზომაში მცირდებოდა.

მოკლედ, ლირიკას თავი რომ დავანებოთ, გადავავლოთ სპორტულ კალენდარს თვალი.

16 (2)

რა გვაქვს უახლოეს გეგმაში?

წინ გველის ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონი – 4 სექტემბერს.

რაც უნდა ვიცოდეთ ამ მარათონის შესახებ, რომ ის ჩვენს გეგმებში ჩავსვათ:

დამეთანხმებით, ადგილმდებარეობა უკვე მიმზიდველად ჟღერს თავგადასავლების და ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარული ადამიანებისათვის. ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონი ტარდება დაბა სტეფანწმინდასა და მის შემოგარენში, დიდი კავკასიონის ულამაზესი მთების ფონზე, ზღვის დონიდან 1700-2200 მეტრ სიმაღლეზე.

აღნიშნული მარათონი პირველად გაიმართა 2010 წელს. ის თავდაპირველად უცხოელელ მორბენლებზე იყო გათვლილი და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ემსახურებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, მარათონის მიმართ დაინტერესება ქართველ სპორტის მოყვარულებშიც გაჩნდა და წლევანდელ მარათონზე ქართველ მორბენლებს საკმაოდ დიდი რაოდენობით ელოდებიან.

გარდა ამისა, მარათონი საქველმოქმედოა. „ყაზბეგის მარათონის“ სლოგანია „ბავშვთა ლეიკემია განკურნებადია“. თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი ავტომატურად ხდება ქველმოქმედების მონაწილე. რეგისტრაციის დროს გადახდილი თანხის ნაწილი ხმარდება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, რაც ითვალისწინებს რაიონებიდან ჩამოსული ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტების ფინანსურ დახმარებას, რომლებიც მკურნალობას გადიან თბილისის “მშობელთა სახლში“.

”ყაზბეგის მარათონი” ხელს უწყობს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და დაბა სტეფანწმინდის მაცხოვრებელთა ეკონომიკური დონის გაუმჯობესებას.

მარათონი ტარდება 4 დისტანციაზე:

  • სრული მარათონი (42 კმ.)
  • ნახევარ-მარათონი (21კმ.)
  • სამოყვარულო გარბენი (8კმ.)
  • მარათონული ესტაფეტა (42კმ.)

1331

22

პირველი სამი დისტანცია ინდივიდუალურია და დაყოფილია ქალებისა და კაცების კატეგორიებად. რაც შეეხება მარათონულ ესტაფეტას, რომელიც წელს პირველად იმართება, განკუთვნილია ჯგუფებისა და ორგანიზაციებისათვის. მათ შეუძლიათ შექმნან 6 კაციანი გუნდი. 6 ნაწილად დაყოფილ 42 კილომეტრიან დისტანციას გუნდის წევრები გადაინაწილებენ.

ყველა ფინიშთან მისული მარათონელი მედლითა და სერთიფიკატით დაჯილდოვდება. გამარჯვებულთათვის კი დაწესებულია მრავალფეროვანი პრიზები.

38

2016 წლის მარათონზე სიახლეა - ბავშვთა გარბენი

11

წელს პირველად, ყაზბეგის მარათონის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო გარბენი 6 – 11 წლის ბავშვებისთვის (დაბადების თარიღი უნდა იყოს 2005 წლიდან 2010 წლამდე).

ეს შესანიშნავი ორიგინალურ გზაა, რომ მთელი ოჯახით ჩაერთოთ აქტიურ, ჯანსაღ და მხიარულ ღონისძიებაში.

ეს გარბენი შეიქმნა იმისათვის, რომ ბავშვებში მოძრაობის, ჯანსაღი ცხოვრების, თავდაჯერებულობისა და სხვა ბავშვების დახმარების სურვილი გააჩინოს. ეს დაუვიწყარი გამოცდილება მათ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ!

გარბენი ყაზბეგის მუზეუმთან დაიწყება, საიდანაც პატარები ცენტრის მიმართულებით გაირბენენ და შემდეგ უკან ისევ მუზეუმისაკენ. ფინიში და სტარტი ერთსა და იმავე ადგილას მდებარეობს.

ბავშვებისთვის მონაწილეობის მიღება უფასოა. საჭიროა მხოლოდ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც ელექტრონულად უნდა მოგვაწოდოთ 2016 წლის 1 სექტემბრამდე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ბავშვის მშობელი ან ახლობელი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს ღონისძიებას. მათ არ ექნებათ უფლება გარბენისას ბავშვებს შეუერთდნენ, მხოლოდ სტარტის/ფინიშის ხაზზე შეუძლიათ პატარა მონაწილეების გულშემატკივრობა. ყველა ბავშვს ექნება საკუთარი საასპარეზო ნომერი.

41

მარათონის ორგანიზატორი: შპს ტურისტული სააგენტო „ვიზიტ ჯორჯია“.

მარათონის მხარდამჭერები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია.

მარათონის სპონსორი: სს “ყაზბეგი 1881“

მორბენალთა ნომრის სპონსორი: SMS Frankfurt Group

მარათონის მასპინძელი სასტუმრო: Rooms Hotel Kazbegi

3 სექტემბერს, მარათონის წინა დღეს, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ ისიამოვნონ ტრადიციული პასტა ფართით სასტუმრო “Rooms Hotel Kazbegi”-ში და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და შთაბეჭდილებები. მარათონის დასრულების შემდეგ კი თითოეული მორბენალი დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრ “Health Palace”-ის სპეციალისტების მიერ შემოთავაზებული სპორტული მასაჟით ისარგებლებს.

ასე რომ ბევრი ფიქრი არაა საჭირო.

შევხვდებით 4 სექტემბერს „ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონზე“!

ონლაინ რეგისტრაციისათვის გადადით ლინკზე: http://kazbegi-marathon.com

ან ჩამოტვირთეთ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა სარეგისტრაციო ფორმა (ინდივიდუალური შეჯიბრი ან მარათონული ესტაფეტა) და შევსებული გადმოგვიგზავნეთ kazbegimarathon@visitgeorgia.ge-ზე.

რეგისტრაციის საფასური საქართველოს მოაქლაქეებისათვის:

ინდივიდუალურ შეჯიბრებში:

8კმ – 15 ლარი; 21კმ და 42კმ – 25 ლარი

ესტაფეტა:

60 ლარი (გუნდური) + 15 ლარი თითო მონაწილე

სრული თანხა ერთ გუნდზე : 150 ლარი

One thought on “ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონი 2016, 4 სექტემბერი

  • სექტემბერი 10, 2017 at 1:25 pm
    Permalink

    ხოდა, რად გააუქმეს წელს 2017-ში?? ნეტავ გაისად განახლდეს ჩატარება

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.