სპორტული ტრავმები, გამოყენებული გელები და კრემები

პროფესიონალური თუ სამოყვარული სპორტული ცხოვრებით დაკავებული ადამიანებისათვის სამწუხაროდ, არც ისე უცხოა ტრავმები. ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმები სხვადასხვა ხარისხისაა და ძირითადად დაკავშირებულია საყრდენ-მამოძრავებელ აპარატთან. ეს შეიძლება იყოს მუხლის ტრავმა, იოგების, მყესების დაჭიმულობა ან დაზიანება, კუნთების მწვავე ტკივილი, დაჟეჟილობა და ა.შ. დაზიანების დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც მოახდენს თქვენი ტრავმის დიაგნოსტიკას და დაგინიშნავთ მკურნალობას.

სპორტული ტრავმების და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მკურნალობის დროს, როცა შემთხვევა არც ისე რთულია, ასევე პროფილაქტიკის მიზნით, ექიმები ხშირად ნიშნავენ მკურნალობას სხვადასხვა სახის მალამოების, კრემების და გელების სახით. მოკლე მიმოხილვა, თუ რას წარმოადგენენ ეს საშუალებები და რა შემთხვევებში გამოიყენება ისინი.

ტრავმების დროს წარმოქმნილი ტკივილი და შეშუპება წარმოადგენს მცირე სისხლძარღვების დაზიანების და ქსოვილების ჰიპოქსიის შედეგს. ამ დროს დაზიანებულ ქსოვილებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა და მათი კვება და შესაბამისად შეფერხებულია რეგენერაციის (შეხორცების) პროცესიც. მალამოების და გელების გამოყენება ხდება ტკივილის შესამცირებლად, ქსოვილების გაღიზიანების შესამცირებლად და ანთების მოსახსნელად, რეზორბციის დასაჩქარებლად, შეშუპების და ჰემატომების შესამცირებლად, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, ქსოვილების რეგენერაციის სტიმულაციისათვის.

პრაქტიკულად ყველა სპორტულ მალამოს აქვს გამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისება. სპორტული გელები იყოფა გამახურებელ და გამაგრილებელ მალამოებად.

გამახურებელი გელები

გამახურებელი გელები, მათში შემავალი ნივთიერებების ხარჯზე (მაგ. ფუტკრის და გველის შხამი, რომლებიც ზრდიან კაპილარების შეღწევადობას; წიწაკის ექსტრაქტი; უფრო მსუბუქი გამახურებელი ეფექტი აქვს გელს, რომელიც შეიცავს მეთილსალიცილატს) ლოკალურად ზრდიან სისხლის დაგროვებას (ჰიპერემია) ქსოვილებში და ამის შედეგად ამაღლებენ სითბურ ცვლას. უშუალოდ ტრავმის მიღების შემდეგ გამახურებელი გელების გამოყენება არ შეიძლება, რადგან ქსოვილის დაზიანებისას საჭიროა მათი გაგრილება და არა გახურება.

გამახურებელი გელები გამოიყენება რეაბილიტაციის პერიოდში, მწვავე ტრავმის მიღების შემდეგ რამდენიმე დღეში, ასევე იოგების, მყესების და სახსრების ქრონიკული დაავადებების დროს.

გამახურებელი გელები და კრემები გამოიყენება ასევე ტრავმების პროფილაქტიკისათვის. ისინი შველიან მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის დროს, როცა საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს ხანგრძლივი და რთული სამუშაო ელოდება. მაგალითად, შეჯიბრების ან უბრალოდ სპორტულ დარბაზში ვარჯიშის დროს. ბევრმა სპორტსმენმა იცის, როგორი მძიმე ტკივილი იცის კუნთებმა ვარჯიშის შემდეგ. ამისაგან თავის ასაცილებლად,  კარგია არამარტო გახურება ვარჯიშის წინ, არამედ გამახურებელი გელის შეზელაც კუნთებში.  ასევე კარგია ვარჯიშამდე მასაჟის ჩატარება გამახურებელი გელის გამოყენებით. თუმცა გასათვალისწინებელია შესაძლებელი ალერგიული რეაქციები, ამიტომ მათ გამოყენებამდე აუცილებელია ანოტაციის გაცნობა. გელის გამოყენებამდე საჭიროა კანის ტესტის ჩატარება: წაისვათ მცირე რაოდენობა იდაყვის სახსრის მიდამოში ან მუხლქვეშა ღრმულის არეში.

ამავე დროს, არ შეიძლება იმ გელების ჭარბი რაოდენობით გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით, რომელთა შემადგენლობაში შედის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მეთოლსალიცილატი, იბუპროფენის და ა.შ.). მათი გამოყენება ვარჯიშის პერიოდში მნიშვნელოვნად ამცირებს კუნთოვანი ქსოვილების რეგენერაციას და კუნთების ჰიპერტროფიას.

გამაგრილებელი გელები

გამაგრილებელ გელებს არ აქვთ ისეთი გამაღიზიანებელი ეფექტი, როგორც გამახურებელ მალამოებს (ჰიპერემიულს), ამიტომ მათი გამოყენება შეიძლება ტრავმის მიღების შემდეგ. გამაგრილებელი გელები მათში შემავალი ანალგეტიკების, ანტიკოაგულანტების, მენთოლის, ეთერზეთების, ხანდახან სპირტის ხარჯზე აყუჩებენ და ამშვიდებენ დაზიანების ადგილს.

ახალი ტრავმების დროს არ შეიძლება მალამოების შეზელა, რათა არ მოხდეს ქსოვილების ჰიპერემია. საჭიროა მათი კანზე წასმა და ცდა, სანამ შეიწოვება. ამისათვის საუკეთესოდ გამოდგება გელები, რომლებსაც აქვთ უკეთესი შეწოვის და გამაგრილებელი მოქმედების უნარი.

ქრონიკული დაავადებების დროს გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო მოქმედების პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაში შედის იოდი და სხვა ინგრედიენტები.

სპორტული ტრავმების დროს გამოყენებული გელები და მალამოები

აპიზართრონი – წარმოადგენს ფუტკრის შხამის ფუძეზე დამზადებულ მალამოს.
აპიზართრონის ზემოქმედების შედეგად აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, იზრდება შემაერთებელი ქსოვილებისა და კუნთების ელასტიურობა, ქვეითდება კუნთების ტონუსი. პრეპარატის მოქმედება იწყება მისი გამოყენებიდან რამოდენიმე წუთში. ჩვენება – სახსრებისა (ართრალგია) და კუნთების (მიალგია) რევმატული დაავადებები, ნევრიტები, იშიაზი, პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევა; სპორტულ დატვირთვამდე და/ან მის შემდეგ კუნთების მასაჟისათვის.

ბუტადიონის მალამო – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ჯგუფს განეკუთვნება.

ვოლტარენ ემულგელი – აქტიური კომპონენტი დიკლოფენაკი. არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ჩვენებები: რბილი ქსოვილებისა და სახსრების პოსტტრავმული ანთებები (მაგ: დაჭიმულობის და დაშავების შედეგად განვითარებული); რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებები; ტკივილის სინდრომი და შეშუპება, რაც დაკავშირებულია კუნთებისა და სახსრების დაავადებებთან.

ვიპროსალი – აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს გველგესლას მშრალ შხამს. წარმოადგენს გარეგანი გამოყენების პრეპარატს სახსრების და კუნთების ტკივილისას.

გეპარინის მალამო – ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტების მკურნალობა და პროფილაქტიკა; ლოკალიზებული ინფილტრატები და შეშუპება; ტრავმები და დაჟეჟილობა (მათ შორის კუნთის ქსოვილის, მყესების, სახსრების).

ჰეპაროიდის მალამო – გამოიყენება ანთებითი პროცესებისას, ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება, კანის საფარების ტროფიკული დარღვევებით; პოსტტრავმატული შეშუპებები, სისხლჩაქცევები, მყესების დაჭიმულობა.

დიპ რილიფი – გელი დიპ რილიფი წარმოადგენს ორი აქტიური კომპონენტის იბუპროფენისა და მენთოლის კომბინაციას. გააჩნია ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური მოქმედება სახსრების, მყესების, იოგების, კუნთების სიმპტომატური მკურნალობისას. ამცირებს ტკივილსა და ანთებას, ეფექტურია სახსრების ტკივილისას.

ინდოვაზინი – ამცირებს კაპილარების გამტარიანობას.  გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანალგეტიკური და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.

ინდომეტაცინი – არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო საშუალება. ახშობს ანთებას დაზიანებულ სახსრებსა და ქსოვილებში და ამგვარად ამსუბუქებს ტკივილს და ამცირებს შეშუპებას. ღრმად აღწევს კანქვეშა და სახსრების გარშემო ქსოვილებში. ზრდის დაზიანებული სახსრების მოძრაობათა მოცულობას.

იხტიოლის მალამო – ახდენს ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ, ანტისეპტიკურ, კერატოპლასტიურ (უზრუნველყოფს ეპითელიზაციას, ქსოვილის რეგენერაციას) და რამდენადმე ანტისეპტიურ მოქმედებას, დიდი კონცენტრაციით – კერატოლიტურ მოქმედებას.

კეტონალის გელი – ჩვენებები: ტკივილი კუნთების, სახსრების, პოსტტრავმული (ამოვარდნილობები , დაჭიმულობები, მყესების გაწყვეტა, სხვადასხვა დაზიანებები), შეშუპება პოსტტრავმული, ტკივილი კუნთების, ჭარბი ფიზიკური დატვირთვის შედეგად განვითარებული კუნთების ტკივილი, წელის ტკივილი, სახსრების დაავადებები, დეგენერაციული, რევმატიული.

მენოვაზინი – შეიცავს მენთოლს, ნოვოკაინს, ანესეზინს და ეთილის სპირტს. ეს კომპონენტები ამცირებენ ტკივილის შეგრძნებას.

ტროქსევაზინის გელი – ატონიზირებს სისხლძარღვების კედლებს და ამცირებს მათ გაძლიერებულ გამტარობას. ახდენს ანთებსაწინააღმდეგო მოქმედებას ვენებთან ახლომდებარე ქსოვილებზე. ამგვარად აღმოფხვრავს შეშუპებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების კვებას სხვადასხვა მტკივნეული ცვლილებებისას, რომლებიც განპირობებულია ვენების უკმარისობით.

ფასტუმ გელი – აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. აქვს ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. გამოიყენება დაჟეჟილობის, ამოვარდნილობის, კუნთების დაჭიმვის დროს.

ფინალგონის მაზი – ართრიტი, რევმატოიდული ტკივილი სახსრებში და კუნთებში, სპორტული ტრავმა, დაჟეჟილობები და იოგოვანი აპარატის დაზიანება , ზედმეტი ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული კუნთის ტკივილი, ლუმბაგო, ნევრიტი,  იშიალგია, ბურსიტი და ტენდოვაგინიტი.

ესპოლი – მცენარეული წარმოშობის პრეპარატი. ახდენს ადგილობრივად გამაღიზიანებელ, მაანალგეზირებელ მოქმედებას. განკუთვნილია დახურული ტრავმების სწრაფი მკურნალობისათვის. მალამოს შეზელვისას 10-15 წუთის შემდეგ ვლინდება ჰიპერემია და სითბოს შეგრძნება. გამოიყენება დაჟეჟილობის და ამოვარდნილობის დროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.