პროდუქტის კალორიულობა და მისი ათვისებადობა

დიეტის დაცვის დროს პროდუქტების შეფასების ერთერთი მაჩვენებელი მისი კალორიულობაა. ჩვენ ვაფასებთ იმ პროდუქტებს, რომლის ჭამასაც ვაპირებთ, კალორიების ცხრილების მიხედვით და ვცდილობთ დადგენილი დღიური კალორაჟის ზღვარს არ გადავცდეთ. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად სწორი სტრატეგიაა. მიღებული სტანდარტის მიხედვით ხომ ასეა – უნდა მივიღოთ უფრო ნაკლები კალორია, დავხარჯოთ მეტი, რომ წონაში დავიკლოთ. თუმცა, ამ თეორიასაც აქვს თავისი სუსტი რგოლი, რომელსაც კალორიების ზუსტი ანგარიში ეწოდება. ცდომილებები ბევრი მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს, თუმცა დღეს ერთ კონკრეტულ მიზეზზე ვისაუბრებთ – პროდუქტების ათვისებადობაზე საჭლის მომნელებელი სისტემის მიერ.

რა არის პროდუქტის ათვისებადობა?

ეს ნიშნავს, კალორიების ის რაოდენობა რაც ჩვენ მივიღეთ, სრულად არ აითვისება ორგანიზმის მიერ, ნაწილი შეიწოვება, ნაწილი კი გამოიდევნება გარეთ. ამიტომ ის რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვანგარიშობთ კალორიების ცხრილის მიხედვით, შეიძლება განსხვავდებოდეს რეალურად ათვისებული კალორიებისაგან. უფრო გასაგებად კი, თუ რომელიმე 100 გრამი პროდუქტის კალორიულობა არის 200 კკალ, ეს არ ნიშნავს რომ 200-ვე კკალორია აითვისება ორგანიზმის მიერ. ორგანიზმის მიერ შეიძლება ათვისებული იყოს 195, 180 ან სულაც 160 კკალორია, იმის მიხედვით თუ რა სახის პროდუქტია ის, და იმ გარემოს ზემოქმედების მიხედვით, ვის ორგანიზმშიც ის ხვდება.

უფრო მარტივად ასეც შეიძლება ვთქვათ, ყველა კალორია არ იქცევა მსგავსად ორგანიზმში – შაქრის 100 კალორია განსხვავდება სტაფილოს 100 კალორიისაგან! 100 კკალ სტაფილო ნაკლებია ენერგეტიკულად 100 კკალ შაქარზე, ჩვენს ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ!

პროდუქტების კალორიულობის ანგარიში და რაციონის მთლიანი კალორაჟის დადგენა, წმინდა მათემატიკური მოქმედებაა. მისი შედეგი, ანუ ის ციფრი რაც მივიღეთ, ჩვენს ორგანიზმში სრულიად არამათემატიკურ, მისთვის უკონტროლო გარემოში ხვდება, სადაც ბიოლოგიით და ადამიანის ფიზიოლოგიით დადგენილი კანონები მას სულ სხვა სიდიდედ აქცევენ.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, მაშ რა ციფრია მითითებული კალორიების ცხრილებში, თუ რეალურად პროდუქტისგან სხვა რაოდენობის კალორიულობას ვიღებთ?

პროდუქტის კალორიულობა ანუ მისი ენერგეტიკული ფასეულობა – ეს არის ენერგია, რომელსაც იღებს ორგანიზმი საკვებიდან, მათი სრული ათვისების შემთხვევაში.

დააკვირდით? მათი სრული ათვისების შემთხვევაში! – რას ნიშნავს ეს? მაგალითად, ვჭამთ 100 გრამ პურს, რომლის კალორიულობა ცხრილი მიხედვით არის 250 კკალ. იმ შემთხვევაში თუ ამ პურის ათვისება ორგანიზმის მიერ სრულად მოხდება, ჩაითვლება რომ ჩვენ მივიღეთ 250 კკალ. პროდუქტი. სწორედ პროდუქტების სრულად, 100%-ით ათვისების მაჩვენებლია კალორიების ცხრილში და ეტიკეტზე მითითებული, რომლებითაც ჩვენ კალორიების დაანგარიშებისას ვხელმძღვანელობთ.

რას ნიშნავს პროდუქტის ათვისების ხარისხი და რითი განსხვავდება ის კალორიების ცხრილში მითითებული ციფრისგან?

საკვები პროდუქტის ათვისება ეს არის მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრება სისხლში შეწოვილ საკვები ნივთიერებების რაოდენობის მიხედვით. კალორიების ცხრილში კი მითითებულია პროდუქტის კალორაჟი, რომელიც შემდეგი ხერხით იზომება: პროდუქტის სრული ენერგეტიკული ფასეულობის გასაგებად, მას წვავენ კალორიმეტრში და ზომავენ გამოყოფილი სითბოს რაოდენობას. ანუ ამ ხერხს, არაფერი არ აქვს საერთო პროდუქტის ქცევასთან ადამიანის ორგანიზმში, რომელიც განსხვავდება ტექნიკური მოწყობილობისაგან. ადამიანის ორგანიზმს ზუსტად ვერ დაუყენებ წვის პარამეტრებს, მისი მოქმედება ინდვიდუალურადაა განსაზღვრული და სხვადახვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

რაზეა დამოკიდებული საკვების ათვისება?

საკვები ნივთიერებების ათვისება დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ჩვენი საჭმლის მომნელებელი ორგანოები იმყოფება, საკვები პროდუქტების შემადგენლობაზე და მათი კულინარიული დამუშავების ხერხზე.

გარდა ამისა, თითოეულ ადამიანს თავისი მეტაბოლიზმი აქვს, ინდვიდუალურად განსაზღვრული საკვების ათვისების ხარისხი და მისი გენოტიპით განსაზღვრული ფერმენტების ნაკრები.

რომელი პროდუქტები აითვისება მეტად ან ნაკლებად?

არის პროდუქტები, რომელთა ათვისებაც მაქსიმალურად სრულად ხდება, რის გამოც მიახლოებულია ცხრილში მის კალორიულობის მაჩვენებელთან და არის ისეთი პროდუქტებიც, რომელთა ათვისებაც არასრულად ხდება ჩვენი ორგანიზმის მიერ.

ყველაზე მაღალი ათვისების უნარით ნახშირწყლები გამოირჩევიან. ისინი კარგად აითვისებიან ორგანიზმის მიერ ნებისმიერი საკვები პროდუქტის შემადგენლობაში. საქმე სხვანაირადაა ცილების და ცხიმების შემთხვევაში. ცხოველური ცილები ორგანიზმის მიერ აითვისება უკეთ, ვიდრე მცენარეული ცილები. მაგალითად, ხორცის და რძის ცილები აითვისება – 96-98%; ხორბლის ცილა – 60-65%; შერეული შემადგენლობის ცილოვანი საკვები, ანუ საკვები, რომელიც შედგება როგორც ცხოველური ისე ცილოვანი წარმოშობის პროდუქტებისაგან – 80-90%. რძის ცხიმი აითვისება ორგანიზმის მიერ უკეთ, ვიდრე ძროხის; ძროხის ცხიმი უფრო მეტად, ვიდრე ცხვრის და ა.შ.

საკვების ათვისებაზე დიდ გავლენას ახდენს რაციონში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების თანაფარდობა. მიზანშეწონილია, რომ საკვები იმდენივე ცხიმებს შეიცავდეს, რამდენსაც ცილებს, ხოლო ნახშირწყლებს 4-ჯერ მეტს  -1:1:4.

საკვები პროდუქტების ათვისების პროცენტული მაჩვენებლები შერეული (შედგება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებისაგან) კვების შემთხვევაში ასე გამოიყურება:

  • ცილები – 84,5%;
  • ცხიმები – 94%;
  • ნახშირწყლები – 95,6%.

ცალკეული პროდუქტების ათვისების მაჩვენებელი განსხვავდება ამ მაჩვენებლებისაგან. მაგალითად, შაქრის ათვისების ხარისხია – 99%, ხოლო სხვა ნახშირწყლების 85%.

რეზიუმე: კალორიები იტყუებიან!

უნდა დავიმახსოვროთ, რომ მხოლოდ კალორიულობა არაა პროდუქტების შეფასების ერთადერთი მაჩვენებელი. დიდი მნიშვნელობა აქვს კალორიის შემადგენლობას, რამეთუ სხვადასხვა პროდუქტები სხვაგვარად აითვისება ჩვენი ორგანიზმის მიერ: შაქარი და სხვა მარტივი ნახშირწყლები აითვისება ძალიან სწრაფად და სრულად, ცოცხალი ხილი, რომელშიც ბევრი უჯრედისია (სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი) ნელა აითვისება და მათი მონელებისათვის თითქმის იმდენი ენერგია (კალორიები) მიდის, რამდენსაც თავად ეს პროდუქტები შეიცავენ. ყველაზე სრულად ადამიანის ორგანიზმში საკონდიტრო ნაწარმი რჩება. ცხოველური ცილები ყველაზე დიდი დატვირთვაა ორგანიზმზე, განსაკუთრებით შემწვარი ხორცი.  ათვისების კოეფიციენტი იცვლება საკვების მომზადებისას და მათი თერმული დამუშვების დროს.

უნდა გააზრებული გვქონდეს, რომ პროდუქტის კალორიულობა მნიშვნელოვანია რათა შევაფასოთ მისი ენერგეტიკული ღირებულება, გავაკეთოთ შედარება, მაგრამ ის დაახლოებითი და არაზუსტი მაჩვენებელია მათემატიკური გამოთვლების საწარმოებლად. ცდომილება აუცილებლად იქნება, სავარაუდოდ საკმაოდ შესამჩნევიც, ამიტომ არანაკლები ყურადღება გამოიჩინეთ თავად რაციონის შემადგენლობის მიმართ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.