რატომ საჭიროა რეგულარული ვარჯიში? – მიზეზები

ადამიანის სხეული მოძრაობისათვის შეიქმნა!

იცით თუ არა, რომ ადამიანის მოძრაობის მარტივ სამედიცინო ნორმად დღეში 15 000 ნაბიჯი ითვლება (10კმ) დღეში? ნუ გაგიკვირდებათ, საუკუნეების წინ რომ გვეცხოვრა, ჩვენ გაცილებით მეტი მოძრაობა მოგვიწევდა რათა საკვები მოგვეპოვებინა, საცხოვრებელი აგვეშენებინა, სამოსი შეგვეკერა, მიგვეღო მონაწილეობა შეჯიბრებებში ან ნაციონალურ ცეკვებში. დღეს საარსებო საშუალების მოსაპოვებლად, როგორც წესი საათობით ოფისებში ჯდომა და ასე მუშაობა უწევს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, მუდამ ვსარგებლობთ მანქანით და ლიფტით, სუპერმარკეტები უკვე ყველა სახლის კუთხეშია –  ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა მინიმუმამდე დადის, თუმცა მასზე მოთხოვნილება ადამიანის ორგანიზმს კვლავ რჩება.

მოძრაობის დანაკლისი კი უკვალოდ არ იკარგება – მას დღითიდღე მზარდი პრობლემები მოყვება, ჯერ ნაკლებად შესამჩნევი, თუმცა წლების მატებასთან ეს პრობლემებიც იზრდება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები წლების მომატებასთან ერთად მომატებულ ჯანმრთელობის პრობლემებს ნორმად თვლიან, არადა ჯანსაღი, დაავადებებისაგან თავისუფალი სრულფასოვანი წლების რაოდენობა ადამიანს გაცილებით მეტი აქვს მონიჭებული, ვიდრე დღესდღეისობით ითვლება. ძალიან ხშირად დროის უკმარისობას იმიზეზებს ბევრი მათგანი, როცა ვარჯიშზე და ფიზიკურ აქტიურობაზე ამბობს უარს, თუმცა ესეც ფაქტია, რომ ასე დაზოგილი წუთები და საათები მომავალში ექიმებთან ვიზიტებში და სხვადასხვა დაავადებების ძებნაში უნდა დაიხარჯოს. დაზოგილი დროს, ნერვებთან და ფინანსურ საშუალებებთან ერთად მაინც ვკარგავთ.

ვარჯიში და ფიზიკური აქტიურობა ეს არ არის ფუფუნება, ეს სასიცოცხლო აუცილებლობაა!

რატომ უნდა იყოს რეგულარული ვარჯიში ჩვენი ცხოვრების წესი?

1. ვარჯიშით დაკავების ყველაზე მთავარი მიზეზი ჯანმრთელობის გაკაჟებაა, გულის გაძლიერება, წნევის კონტროლია. რეგულარულად შესრულებული ვარჯიში ხელს უწყობს სისხლში საშიში ტრომბოზული წარმონაქმნების შეწოვას, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. შაქრიანი დიაბეტის, გულის დაავადებების, ოსტეოპოროზის და სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკი გაცილებით მცირდება რეგულარული ფიზიკური აქტიურობის შემთხვევაში. ზოგიერთი დაავადებები, ისეთი როგორიცაა მეორე ტიპის დიაბეტი და ჰიპერტონია, პირდაპირ კავშირშია ნაკლებადმოძრავი ცხოვრების წესთან.

2. აქტიური ვარჯიშის დროს ჟანგბადი სხეულის თითოეულ უჯრედში ხვდება, ამიტომ კანის ფერი უმჯობესდება, ხშირად ქრება გამონაყარიც კი. აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, უმჯობესდება რეფლექსები. რეგულარული ვარჯიშისას უმჯობესდება სისხლძარღვების მუშაობა, რომელთა მდგომარეობა განსაზღვრავს ორგანიზმის მთავარ ფუნქციებს.

3. სპორტი აძლიერებს და ტონუსში მოყავს კუნთებს, ხდის მათ ძლიერს და ამტანს. ისინი უფრო მკვრივია, თქვენი სხეული კი უფრო მოხდენილი, სექსუალური და მოქნილი. თქვენს სახსრებს მოძრაობის დიდი ამპლიტუდა აქვს, აღწევთ იდეალურ წონას და ინარჩუნებთ მას, რასაც ვერცერთი დიეტით ვერ მიაღწევთ.

4. ვარჯიშის შემთხვევაში ადვილია მადის კონტროლი, რადგან მატულობს ენდორფინების რაოდენობა, რომელსაც ტვინი ვარჯიშის შედეგად გამოყოფს. ენდორფინები იცავენ ორგანიზმს შიმშილის ტყუილი განგაშისაგან, იქამდე, სანამ რეალურად არ დასჭირდება მას საკვები.

5. ვარჯიში ამარცხებს ქრონიკული დაღლილობის გრძნობას, ზრდის სასიცოცხლო მარაგს და ენერგიას. ის აძლევს ტვინს ჟანგბადის დამატებით მარაგს და ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ენერგიული რჩება.

6. რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს უფრო ღრმა და მშვიდ ძილს, რადგან ის ასტიმულირებს ენდორფინების გამომუშავებას, რომელიც ხსნის მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ ნერვულ დაძაბულობას. ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს სამუშაო დღის ბოლოს სიცარიელის გრძნობა ეუფლებათ, ხოლო აქტიურ ადამიანები მხოლოდ დაღლილობის სასიამოვნო გრძნობა. ვარჯიშს შეუძლია დეპრესიული მდგომარეობიდან ხსნა, რადგან ის არა მარტო ხსნის ნერვულ დაძაბულობას, არამედ ამცირებს ორგანიზმში ადრენალინის და სხვა ჰორმონების სიჭარბეს, რომლებიც ხელს უწყობენ სტრესის წარმოქმნას.

7. ვარჯიში ამაღლებს საკუთარ თავში რწმენას, ზრდის თვითშეფასების გრძნობას. თქვენ გრძნობთ, რომ შეგიძლიათ უკეთ გამოიყურებოდეთ და უკეთ გრძნობდეთ თავს, მიუხედავად იმისა როგორია თქვენი ასაკი და ფიზიკური მდგომარეობა.

8. ვარჯიში ახდენს ნივთიერებათა ცვლის სტიმულაციას (ამაღლებს მეტაბოლიზმს) და კუჭნაწლავის პერესტალტიკას. ვარჯიში ეხმარება მოწევის მავნე ჩვევის დაძლევას. მოწევაზე უარის თქმის შემთხვევაში უფრო მეტი დატვირთვების ატანას შეძლებთ, რადგან უმჯობესდება ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება.

9. კარგი ფიზიკური მომზადება ეხმარება ადამიანს სწრაფად აღიდგინოს მდგომარეობა მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების, მშობიარობის შემდეგ, რადგან ძლიერ კუნთებს უფრო ფართო შესაძლებლობები აქვთ ჟანგბადის უტილიზაციის, ვიდრე მოშვებულ კუნთებს, ხოლო რაც მეტი ჟანგბადის მიღება შეუძლია კუნთებს, მით უფრო მალე აღდგება ორგანოების და ქსოვილების ფუნქციები. ძლიერ, გავარჯიშებულ კუნთებს აღდგენის გაცილებით მეტი პოტენციალი აქვთ, ვიდრე მოდუნებულ და სუსტს. ზოგიერთ საავადმყოფოებში იმ პაციენტებს, ვისაც მკერდის ან მუცლის არეში ოპერაცია უწევთ, დაგეგმილ ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე სპეციალურ ვარჯიშების პროგრამას უნიშნავენ.

10. რეგულარული ფიზიკური აქტიურობა აბსოლუტური აუცილებლობაა, როცა საუბარია წონის კლებაზე. დიეტა ცხიმის ფენებთან ერთად კუნთოვანი მასის დიდ დაკარგვას იწვევს, რის გამოც დიეტის დასრულებისას თქვენი ორგანიზმი მართალია გამხდარი, მაგრამ უფრო დასუსტებულია. ვარჯიში ეხმარება კუნთოვანი მასის შენარჩუნებას, წონის კლება უფრო ეფექტურად მიდის ვიდრე დიეტის დროს, ფიზიკური დატვირთვები ამაღლებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ხელს უწყობს მეტი კალორიების დაწვას.

ჯანმრთელობა – ნორმაა, ხოლო მოქნილი და ძლიერი სხეული – ღვთის საჩუქარი.

One thought on “რატომ საჭიროა რეგულარული ვარჯიში? – მიზეზები

  • აპრილი 6, 2019 at 9:00 pm
    Permalink

    იქნებ სირბილზე მეტი ინფორმაცია დადოთ

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.