World Run-ის საუკეთესო ქართველი მორბენალი ქალი

წელს, 2015 წლის 3 მაისს, უკვე მეორედ ჩატარდა ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება „ფრთები სიცოცხლისათვის – მსოფლიო რბენა“. Wings for Life World Run – ეს არის გლობალური რბენა, მათ შორის ეტლით მოსარგებლეებისთვისაც, რომელიც სტარტს მთელს მსოფლიოში ერთდროულად იწყებს და გრძელდება იქამდე, სანამ უკანასკნელ დარჩენილ მორბენალს ფინიშის მანქანა არ დაეწევა. მარათონს ინოვაციური ხასიათი აქვს, რადგან აქ მორბენალი არ მიდის ფინიშთან – პირიქით, ფინიშის მანქანა ეწევა მორბენალს და გამოთიშავს მას რბენიდან.

მსოფლიო რბენა პირველად 2014 წლის მაისში ჩატარდა Red Bull-ის და Wings for Life პარტნიორობით. Wings for Life წარმოადგენს ზურგის ტვინის დაზიანებების კვლევის საერთაშორისო არაკომერციულ ფონდს, რომელიც აფინანასებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალო კვლევებს. მსოფლიო რბენიდან შემოსული თანხა მთლიანად ირიცხება ამ ფონდში.

მსოფლიო რბენაში საქართველოც მონაწილეობს. წელს კახეთის მარათონში მონაწილეთა რაოდენობა რეკორდული იყო – 5.000 რეგისტრირებული მოხალისე თუ სპორტსმენი მორბენალი, რომლებმაც თავისი წვლილი გაიღეს ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში. მსოფლიო რბენა კახეთში, ლოპოტას ტბასთან გაიმართა და სარბენი ბილიკი კავკასიონის ქედის გასწვრივ ულამაზეს გზაზე მდებარეობდა.

წლევანდელი რბენის გამარჯვებული მამაკაცთა შორის ანატოლი ალეინიკოვი გახდა, რომელმაც 57 კილომეტრზე მეტი ირბინა, სანამ ფინიშის მანქანა დაეწია, ხოლო ქალთა შორის კი ჰოლანდიელი სტუმარი ლინდა ვან ვლიეტი გახდა – შედეგი 32 კილომეტრი. ლინდამ შარშან ჰოლანდიაში მოიგო რბენა და როგორც გამარჯვებულმა აარჩია ქვეყანა, სადაც 2015 წლის რბენაში მიიღებდა მონაწილეობას – საქართველო.

თავად ორივე წლის ღონისძიების მონაწილე ვარ და ერთ-ერთი, რაც თვალში მომხვდა კახეთის მარათონზე (ეს სხვა მსგავს სპორტული ღონისძიებებზეც ადვილი შესამჩნევია) – უცხოელი სტუმრების განსაკუთრებული აქტიურობა იყო, რომლებიც კარგი შედეგობრივი მაჩვენებლებითაც გამოირჩეოდნენ. 2014 წლის რეიტინგში პირველი ათეული ქალთა შორის, თითქმის სულ მათ შეავსეს. ამიტომ მაშინვე ყურადღება მივაქციე ქართველი გოგონას შედეგს, რომელიც საუკეთესო იყო ადგილობრივ მონაწილეებს შორის და მეოთხე ადგილი დაიკავა რეიტინგში – 17 კილომეტრი, თამარ გელაშვილი.

წელს თამიმ შედეგი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა – 22 კილომეტრი დაფარა, სანამ ფინიშის მანქანა დაეწეოდა  და კახეთის მარათონის რეიტინგში ქალთა შორის უკვე მეორე ადგილი დაიკავა.

Wings for Life World Run-ის საუკეთესო მორბენალი ქალი

გავიცნოთ თამი, ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც უკვე 2 წელია საუკეთესო  შედეგი  აჩვენა ადგილობრივ ქალ მორბენლებს შორის. მისი შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა სამაგალითოა, მით უმეტეს “სპორტული სტაჟი” ჯერ არც ისე ხანგრძლივი აქვს და თავის დროზე ვარჯიში მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისათვის დაიწყო.

– როდის დაიწყე ვარჯიში და როგორ მოხვდი სპორტულ ცხოვრებაში?

– სანამ ვარჯიშს და სირბილს დავიწყებდი, გაცილებით ადრე დავიწყე სწორი და ჯანსაღი კვება, რასაც მერე ვარჯიშიც მოყვა მოყვარულის დონეზე. მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის დავრბოდი. იმ დროს შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებაზე არც მიფიქრია. უკვე ერთი წელია რაც ამ სპორტში ვარ.

– რამდენად გამოცდილი მორბენალი იყავი, როცა 2014 წლის World Run-ში მიიღე მონაწილეობა?

– ახალბედა მორბენალი ვიყავი, კვირაში რამდენიმეჯერ 3 ან 5 კმ-ს დავრბოდი, როცა მსოფლიო რბენის Wings for Life World Run 2014-ის შესახებ შევიტყვე და მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე. მაშინ დიდი მიზნები არ მქონდა და არც მიფიქრია, რომ 17 კმ-ს ვირბენდი. ეს ჩემი პირველი რბენა იყო და მივხვდი, რომ მეტი შემეძლო. ამის მერე გამიჩნდა მიზანი – ვყოფილიყავი უფრო სწრაფი და დისტანციაც გამეზარდა.

– წელს მსოფლიო რბენაზე საქართველოს რეიტინგში მეორე იყავი, ქართველ ქალებს შორის კი პირველი. შედეგი 22,5 კმ – ადვილი მისაღწევი არაა. როგორ ემზადებოდი ამ მარათონისათვის?

– წელს უკვე როგორც გამოცდილი მორბენალი ისე ვმონაწილეობდი, სამწუხაროდ ისე არ წავიდა რბენა, როგორც დაგეგმილი მქონდა. ამ დღეს განსაკუთრებით ველოდებოდი და ძალიან დიდი შრომა ჩავდე მომზადებაში. დიახ, ადვილი მისაღწევი არ იყო – ბოლო 2 თვის მანძილზე ინტენსიური ვარჯიშები, სწორი კვება, რეჟიმი, ფიზიკური და მენტალური  მომზადება. 30 კილომეტრი მქონდა დაგეგმილი, მაგრამ მარათონზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა გასულ წელთან შედარებით კარგი გაუმჯობესება მაქვს.

– მახსოვს წინა მარათონზე შედეგით მეოთხე იყავი, თუმცა ქართველებს შორის მაინც პირველი. პირველი სამი ადგილი რეიტინგში საქართველოში მცხოვრებმა უცხოელმა ქალებმა დაიკავეს (პირველ ადგილზე ფრანგი მარიელა კარმანიოლი გავიდა). იყო თუ არა მოტივაცია ის, რომ რეალურად სწორედ უცხოელებთან უნდა გეკონკურენტა და საქართველოს მარათონზე ქართველს უნდა ეჩვენებინა თავისი შედეგი?

– თავიდანვე დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე ამ რბენას და არ მინდოდა საქართველო სადღაც სიების ბოლოში მოქცეულიყო. ვიცოდი, რომ გამარჯვებული ვერ გავხდებოდი, რადგან ჰოლანდიელ სტუმარს ჩემზე მეტი გამოცდილება ქონდა, მაგრამ აუცილებლად უნდა მებრძოლა მეორე ადგილისათვის და ასეც მოხდა. დაახლოებით 14 კმ-ზე უკვე მეორე ვიყავი და ვიცოდი, რომ ამ ადგილს აღარ დავთმობდი. წელს ყველა იმ უცხოელ ქალბატონს გავასწარი ვინც გასულ წელს მომიგო რბენა.

– რა შედის შენს ჩვეულებრივ სავარჯიშო რუტინაში? 

– სირბილის დაწყებამდე აუცილებლად ვაკეთებ მოთელვას და ინტენსიურ ვარჯიშებს კუნთების გასახურებლად. შემდეგ უკვე ვიწყებ სირბილს და  იწყება მოგზაურობაც გრძელ მანძილზე.

– ღებულობ თუ არა მონაწილეობას სხვა სპორტულ ღონისძიებებში ?

– დიახ, ვცდილობ არცერთ ღონისძიებას არ გამოვაკლდე. შეჯიბრებებიდან ბევრ გამოცდილებას ვღებულობ.

– თუ ხვდები ისეთ სიტუაციებში, სადაც არ ესმით, თუ რატომ ვარჯიშობ და აქვთ არაადეკვატური შეფასებები, მაგალითად „რად გინდა ვარჯიში, ისედაც გამხდარი ხარ“ და მსგავსი.

– როდესაც ვარჯიშობ და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობ, მაშინ ბევრი რამ იცვლება შენს გარშემო. საბედნიეროდ ისეთ გარემოში ვხვდები, რომ ასეთ არაადეკვატურ კომენტარებს ბევრს არ ვისმენ. პირიქით, ბევრმა ჩემმა მეგობარმა დაიწყო ვარჯიში და სწორი კვება.

– შენი სამსახური რამდენადაც ვიცი არასპორტულია, ხელს ხომ არ გიშლის და შენი უფროსის დამოკიდებულება? (ეს საკითხი ძალიან აქტუალურია ჩემს გარშემო, რადგან გოგოები ხშირად ჩივიან, რომ სწორედ უფროსები არ უშვებენ დროულად სამსახურიდან, რომ ივარჯიშონ, ან არასერიოზულად უდგებიან ამ საკითხს)

– ცოტა რთულია გყავდეს ისეთი თანამშრომელი, რომელსაც სერიოზული მიზნები აქვს სპორტში, მაგრამ ჩემი უფროსი ამას გაგებით ეკიდება. პირიქით, ჩემი თანამშრომლები  ძალიან მგულშემატკივრობენ და ხელს მიწყობენ. ჩემს წარმატებაში მათაც დიდი წვლილი მიუძღვით.

– რას ცვლის ვარჯიში ცხოვრებაში, აზროვნებაში, ხასიათში?

– ვარჯიში და სწორი კვება მთლიანად ცვლის შენი ცხოვრების წესს. იცვლება ყოველდღიურობა და ხდები სამყაროს მიმართ პოზიტიური. ამ ყველაფერს ახლავს სხეულის ფორმების სრულყოფილება.

– და ბოლოს, როგორია შენი გეგმები სამომავლოდ?

– ამ ეტაპზე ვემზადები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისთვის მძლეოსნობაში 3000 მეტრ დისტანციაზე. 2015 წელს  ბევრი შეჯიბრი მაქვს დაგეგმილი და მე  მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს –  ვიყო პირველი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.