რატომ ვიმატებთ ისევ წონაში – “იო-იოს ეფექტი”

„იო-იოს ეფექტს“ – წონის რყევას, მის მუდმივ მატება-კლებას უწოდებენ. ეს პრობლემა – წონაში დაკლების მსურველთა 80% საკუთარ თავზე გამოუცდია. ეს ის პროცესია, როცა დიეტის და კვირების განმავლობაში საყვარელ კერძებზე, ტკბილეულზე უარის თქმის წყალობით წონა ჯერ მცირდება, ხოლო მისი დასრულების შემდეგ კი ისევ იზრდება.

რა არის „იო-იოს ეფექტის“ მიზეზი და როგორ ავიცილოთ თავიდან?

„იო-იოს ეფექტი“ ეს მარტო შეკრული წრე არ არის: მოიმატა-დაიკლო-მოიმატა-დაიკლო. რეალურად, უფრო სერიოზული და არასასურველი პროცესები მიდის ორგანიზმში. მკაცრი და სწრაფი დიეტის შედეგად, ადამიანი არა მარტო ზედმეტ ცხიმს კარგავს. ამასთან ერთად მცირდება კუნთოვანი ქსოვილების გარკვეული რაოდენობაც. ტერმინი „წონაში დაკლება“ სიტყვასიტყვით პირდაპირი განმატებაა, ანუ ვიკლებთ არა ცხიმს, არამედ წონას, რომელშიც შედის როგორც ცხიმი, ისე კუნთები და წყალი.

დიეტის და ჩვეულ რეჟიმზე დაბრუნების შემდეგ იწყება წონის მატება. ოღონდ, ამ შემთხვევაში არ ბრუნდება წონა თავისი ძველი შემადგენლობით (ცხიმი, კუნთოვანი ქსოვილები და წყალი), მატულობს მხოლოდ ცხიმი. ასე რომ, გახდომის შემდეგ ციკლს  ადამიანი უფრო ნაკლები რაოდენობის კუნთებით და მეტი ცხიმით იწყებს, ვიდრე დიეტის პირველ წრეზე. მომდევნო ჯერზე შედეგი კვლავ იგივე დგება, მცირდება წონა ცხიმის, კუნთების და წყლის ხარჯზე. დიეტის დასრულების შემდეგ მატება ისევ მეორდება. აი ამ შეკრულ ციკლს „იო-იოს ეფექტი“ ეწოდება. გარდა ამისა, ყოველი მორიგი დიეტის დასრულების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ცხიმის და კუნთოვანი ქსოვილების თანაფარდობა უფრო და უფრო გაუარესებული პროპორციით  რჩება. ძველი კვების რეჟიმზე დაბრუნება, თან იმ დროს როცა კუნთოვანი ქსოვილები შემცირებულია (ცნობილია, რომ კუნთოვანი ქსოვილების კალორიების ყველაზე დიდი მომხმარებელია) და დაბალკალორიული დიეტის გამო ნივთიერებათა ცვლის პროცესები შენელებული – ეს ყველაფერი წონაში მატების საუკეთესო მასტიმულირებელია. ეს პროცესები ხსნის იმ მიზეზს, თუ რატომ ხდება ასაკის მატებასთან ერთად წონის დაკლება რთული – ასაკის მატებასთან ერთად სხეულში კუნთოვანი ქსოვილების რაოდენობა მცირდება. იგივე მიზეზითაა, რომ პირველ ან მეორე ჯერზე დიეტა მუშაობს, შემდეგ კი არაეფექტური ხდება.

შევინარჩუნებთ შედეგს?

შეამჩნევდით, რომ დიეტების უმეტესობას ჩვენთვის ასე სანუკვარი ფრაზა აქვს დართული – „უზრუნველყოფს ხანგრძლივ გახდომას“, „დაიკელით წონაში ერთხელ და სამუდამოდ“, „ცხიმი აღარ ბრუნდება“. რა ბედნიერება იქნებოდა ეს რომ სიმართლე იყოს, ერთხელ თავის გაწირვით და დიეტის დაცვით მუდამ სასურველ მოხდენილ ფორმაში ვრჩებოდეთ. რეალურად კი, ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებაა, რაც უმეტესობა ჩვენთაგანს საკუთარ თავზე, უფრო სწორედ სხეულზე გამოუცდია.

რას გვიპასუხებდა ამაზე პროფესიონალი დიეტოლოგი: გვაძლევთ გარანტიას, რომ წონაში დაკლების შემდეგ შედეგს სამუდამოდ შევინარჩნებთ? არცერთი სერიოზული გაცნობიერებული დიეტოლოგი ამის 100% გარანტიას არ მოგცემთ. თუ დიეტის დასრულების შემდეგ არ შევცვლით კვებით ჩვევებს და ფიზიკური აქტიურობის რეჟიმს, გავაგრძელებთ ძველებულ ცხოვრების წესს, რამაც წონის დაგროვებამდე მიგვიყვანა – დივანზე კოტრიალს ან კომპიუტერთან საათობით ჯდომას, ჩიპსების ან სხვა სასმუსნავის უკონტროლოდ ჭამას, რა გარანტიაზე შეიძლება იყოს საუბარი?  გარანტია მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება მიიღოთ, თუ დიეტოლოგს კლიენტის დაკარგვა არ სურს.

თვითშეფასება და პოზიტიური განწყობა

„იო-იოს ეფექტის“ კიდევ ერთი არასასიამოვნო შედეგი – თვითშეფასების კლება და ნეგატიური განწყობა. ბუნებრივია, ამდენი ძალისხმევის შემდეგ, ნახევარი წლის მერე იგივე მდგომარეობაში დაბრუნება, ბევრს საკუთარ ძალებში რწმენას უკარგავს და იმედი უქრებათ, რომ ოდესმე ამ პრობლემას სამუდამოდ დაძლევენ. ზედმეტ კილოგრამებთან განცდილი მორიგი მარცხის გამო, უმტესობას უჩნდება განცდა, რომ მას არ შეუძლია იყოს მოხდენილი, ჰქონდეს სასურველი ფორმები, რადგან ჭარბი წონა მისი ბუნებრივი მდგომარეობაა და მას სხეულის ასეთი კონსტიტუცია გააჩნია.

ამიტომ, საჭიროა ვიცოდეთ, რომ „იო-იოს ეფექტის“ მიზეზი უმეტეს შემთხვევებში წონაში კლების არასწორი სტრატეგიის არჩევაა. შეუძლებელია მტკიცე, ხანგრძლივი რეზულტატის მიღწევა ექსტრემალური და არაჯანსაღი დიეტების საშუალებით.

ჯანსაღი კვება და სპორტი

არსებობს „იო-იოს ეფექტის“ თავიდან აცილების ხერხები, აუცილებელია, რომ წონის დაკლება ნელა მოხდეს, არ შემცირდეს კვების კალორაჟი მკვეთრად 1200-1500 კალორიაზე ქვევით. ასეთ დროს სხეული საკმარის ენერგიას მიიღებს და ნაკლებად დაზარლდება კუნთოვანი ქსოვილები, რადგან ორგანიზმი მათ აღარ მიმართავს, როგორც ენერგიის დამატებით წყაროს კალორიების მკვეთრი დეფიციტის დროს. შესაბამისად, ნაკლებად მოხდება კუნთოვანი ქსოვილების დაკარგვა და ამის შედეგად მეტაბოლიზმის დონის შემცირება.

ასევე, წონის კლების დროს კუნთოვანი ქსოვილების დაკარგვის თავიდან აცილება შეიძლება აქტიური ვარჯიშით. ჯერ კიდევ 80-იან წლებში აშშ-ში ჭარბწონიან მამაკაცებზე ჩატარებულმა კლევებმა აჩვენა, რომ ვარჯიში აფერხებს კუნთების დაკარგვას დიეტის დროს. მამაკაცები დაყოფილი იქნენ ორ ჯგუფად. იმ ჯგუფს, რომელიც დიეტის დროს ვარჯიშობდნენ წონაში კლების დროს ცხიმის დაკარგვის წილი 95% ჰქონდათ, ხოლო მათ ვინც დიეტის დროს არ ვარჯიშობდნენ ცხიმის მხოლოდ 64% დაკარგეს.

ასე რომ, „იო-იოს ეფექტის“ დაძლევა შეიძლება, თუ სამუდამოდ შევიცვლით კვებით ჩვევებს და გავზრდით ფიზიკურ აქტიურობას. თუმცა, არ შეგეშინდეთ, მიღწეული შედეგების შესანარჩუნებლად არაა აუცილებელი ჯანსაღი კვების თავგანწირული მიმდევარი გახდეთ ან ვარჯიშში განსაკუთრებული სპორტული მიღწევები აჩვენოთ. იმავდროულად კი, არასასურველია ძველ ჩვევებზე დაბრუნება. შეეცადეთ იპოვოთ ბალანსი „პატარა სიამოვნებებს“ და ცხოვრების ჯანსაღ წესს შორის. ლამაზი ფიგურის შენარჩუნების კონკრეტული საზღვრები ყველასთვის ინდივიდუალურია.

იხ. მსგავსი თემა: პლატოს ეფექტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.