რობერტ ატკინსის დიეტა

ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი ავტორია ექიმი, კარდიოლოგი რობერტ ატკინსი, რომელმაც თავისი მეთოდი 1972 წელს გამოცემულ წიგნში „ექიმი ატკინსის დიეტური რევოლუცია“ აღწერა.

„ექიმი ატკინსის დიეტური რევოლუცია“

მოგვიანებით გამოცემულ მეორე წიგნში „ექიმი ატკინსის ახალი დიეტური რევოლუცია“, მან გარკვეული ცვლილებები შეიტანა და შეავსო დიეტის ზოგიერთი ნიუანსები, თუმცა ძირითადი კონცეფცია უცვლელი დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ რობერტ ატკინსმა თავი „რევოლუციონერად“ და ახალი დიეტის აღმომჩენად გამოაცხადა, დაბალნახშირწყლოვანი დიეტები იქამდეც არსებობდა და საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. აღსანიშნავია, რომ ცხიმების და ნახშირწყლების განცალკევების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ინგლისში გაჩნდა, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მივიწყებული იქნა, რათა შემდგომ 1950 წელს ახლა უკვე პენინგტონის დიეტაში აღორძინებულიყო კვლავ.

თავის დროზე ატკინსის დიეტას იცავდნენ ცნობილი ვარსკვლავები – ჯენიფერ ენისტონი, რენე ზელვეგერი ბენ აფლეკი და სხვები. როგორც ამ დიეტის პროპაგანდისტები ირწმუნებიან, სულ რაღაც 2 კვირაში 3-დან 7 კილომდე წონის მოკლება შეიძლება. ატკინსის დიეტის კიდევ ერთი მიმზიდველი მხარე, შიმშილის გრძნობის არ ქონაა, რადგან იზღუდება ნახშირწყლების რაოდენობა და არა საკვების.

დიეტის ძირითადი არსი რაციონში ნახშირწყლების მკვეთრი შემცირებაა. პირველ ეტაპზე (2 კვირა) დღეში მხოლოდ 20გრ. ნახშირწყლების მიღება ხდება (რაც 4 კოვზ შაქარს შეესაბამება). ცილების და ცხიმების რაოდენობა რაციონში არ იზღუდება. ამ პერიოდში იწყება ენერგიის წყაროდ ნახშირწყლების ნაცვლად ცხიმების გამოყენება. იმის გამო, ეს ფაქტი საჭმლის  მომნელებელი პროცესში ცვლილებებს იწვევს, დიეტის პირველ დღეებში სხვადასხვა სახის უსიამოვნო შეგრძნებები ჩნდება. მომავალ დღეებში, როგორც ატკინსი და მისი დიეტის მიმდევრები ირწმუნებიან, იგრძობთ ემოციურ და ენერგეტიკულ აღმავლობას, მოგემატებათ აქტიურობა და სიცოცხლის ხალისი.

როგორ მოქმედებს დაბალნახშირწყლოვანი დიეტა?

პირველ რიგში, ნახშირწყლების შემცირება რაციონში მთელი რიგი დამოკიდებულებებისაგან ათავისუფლებს ადამიანს. ბევრ მათგანს, განსაკუთრებით ქალებს, გარკვეული პროდუქტების მიმართ სწრაფვა გააჩნიათ. უმეტესად ეს პროდუქტებია – ტკბილეული, ცომეული და სახამებლიანი (პური, კარტოფილი და სხვ.), ასევე კოფეინი და ალკოჰოლი. ყველაზე „საყვარელი“ კი ცხიმების და ნახშირწყლების კომბინაციაა – ტორტი, ნამცხვრები, შემწვარი კარტოფილი, ჩიპსები და ა.შ.). მსგავსი საკვები კი ფიგურის პირველი მტერია.

მეორე, დიეტა ეხმარება სისხლში შაქრის დონის დასტაბილურებას, რომელიც რაფინირებული ტკბილეულის მოყვარულებში მუდმივად მერყეობს. ორგანიზმის უნარი სწრაფად აითვისოს ნახშირწყლების დიდი დოზები, ინდივიდუალურ უნარზეა დამოკიდებული. ადამიანების უმეტესობას მაღალნახშირწყლოვანი კვების შედეგად ინსულინის რეზისტანტულობა უვითარდება, რაც დროთა განმავლობაში მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.

მესამე, ცილოვანი კვება ზრდის კვებით თერმოგენეზს, ანუ ენერგიის დანახარჯებს საჭმლის ათვისებაზე. აქედან 30%-მდე კალორიები, რომელიც მიეწოდება ცილოვან საკვებთან ერთად, მათ მონელებაზე იხარჯება. დაბალკალორიული მწვანე პროდუქტები, რომელთა წილი დიეტაში დიდია და უჯრედისის კარგ წყაროს წარმოადგენს, წონის დაკლებას უწყობს ხელს.

ატკინსის დიეტა 4 ეტაპისაგან შედგება:

შესავალი ეტაპი, როცა ორგანიზმი ეჩვევა ახალ მდგომარეობას; დიეტის ძირითადი ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე მორგება, მიღწეული შედეგების დასტაბილურება და მეოთხე ეტაპი, მუდმივი წონის კონტროლი.

პირველი ეტაპის განმავლობაში იწყება ცვლილებები ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ორგანიზმი ეჩვევა ენერგიის წყაროდ არა ნახშირწყლების, არამედ ცხიმების გამოყენებას. ხდება ფსიქოლოგიური მიჩვევა კვების და ცხოვრების ახალ წესთან. ატკინსის დიეტის პირველ ეტაპზე წონის კლება მაქსიმალურად სწრაფად ხდება ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის გამოდევნის, ნახშირწყლების მკაცრი შეზღუდვის და ცხოვრების წესის შეცვლის ხარჯზე.

მეორე ეტაპზე, იწყება რაციონში ახალი პროდუქტების დამატება და ნახშირწყლების სადღეღამისო ნორმის გაზრდა. ასევე ემატება ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტები და მენიუს შედგენა საყვარელი კერძებით ხდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე მოსინჯვის და შეცდომების საშუალებით შეიძლება ნახშირწყლების მოხმარების საკუთარი დოზის პოვნა, რომელიც შეიძლება ან 20 ან 100 გრამს შეადგენდეს ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების მიხედვით: ნივთიერებათა ცვლის სისწრაფე, ასაკი, ფიზიკური აქტიურობის დონე და სხვა ფაქტორები.

მესამე ეტაპზე, ხდება მიღწეული შედეგების დასტაბილურება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში კი ცოტაოდენი კლებაც. თუ ნახშირწყლების ინდივიდუალური ნორმა ნაპოვნი არაა, გრძელდება სადღეღამისო მოხმარების რაოდენობის ზრდა და პროდუქტების დიაპაზონის გაფართოება. ფიზიკური აქტიურობის მომატება საშუალებას იძლევა გაიზარდოს რაციონში ნახშირწყლების რაოდენობა ფიგურისათვის ზიანის მიყენების რისკის გარეშე.

მეოთხე ეტაპი ეს დაბალნახშირწყლოვანი კვებაა მთელი ცხოვრება. ოპტიმალური წონის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რეკომენდირებულია სამუდამოდ რაციონიდან გამოირიცხოს მაღალნახშირწყლოვანი პროდუქტები, ისეთი როგორიცაა ნამცხვრები, ცომეული, ტკბილეული ან მათი მოხმარება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი (ნახშირწყლების ინდივიდუალური ნორმის ფარგლებში).

ატკინსის დიეტის უარყოფითი მხარეები

სპეციალისტებს დაბალნახშირწყლოვანი დიეტის თაობაზე არ გააჩნიათ საერთო აზრი. ითვლება, რომ მსგავს დიეტებს შეუძლიათ ზიანი მიაყენონ მათ, ვისაც აქვთ შაქრის დიაბეტი, თირკმელების და ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. დიეტის დაწყების წინ რეკომენდირებულია სამედიცინო შემოწმების გავლა, სისხლის ანალიზის გაკეთება, წნევის კონტროლი. 4-6 კვირის შემდეგ აუცილებელია განმეორებითი ანალიზების გავლა. თუ შედეგები დამაკმაყოფილებელი იქნება, ე.ი. ატკინსის დიეტა თქვენთვისა. სხვა შემთხვევაში დიეტა უნდა შეწყვიტოთ და უფრო დაბალანსებულ კვებაზე გადახვიდეთ.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ატკინსის დიეტა ცილოვანი დიეტების რიცხვს მიეკუთვნება. ამიტომ, რაციონში ნახშირწყლების და ცხიმების რაოდენობის შემცირებასთან ერთად თქვენს ორგანიზმს არა მარტო ზედმეტი კილოგრამები, არამედ ბევრი ვიტამინებიმიკროელემენტები და საჭირო ცხიმოვანი მჟავებიც მოაკლდება.

უნდა გაითვალისწინოთ ცილოვანი დიეტის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე – ეს თირკმელებზე გაზრდილი დატვირთვაა. ამ დროს ხდება ბევრი სითხის დაკარგვა, ამიტომ ცილოვანი დიეტის დროს რეკომენდირებულია რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება, უკეთესია მინერალური წყლის. ცილოვანი დიეტის დროს ასევე საკმაო რაოდენობის კალციუმის მოხმარება ხდება.

ცილოვანი დიეტა არაა რეკომენდირებული ხანში შესული ადამიანებისათვის, რადგან ცილები ზრდიან სისხლის შედედების უნარს, რაც სისხლძარღვებში ტრომბების გაჩენის რისკს ზრდის.

იხ. ასევე:

რობერტ ატკინსის დიეტა – პირველი ეტაპი

რობერტ ატკინსის დიეტა – მეორე ეტაპი

რობერტ ატკინსის ცილოვანი დიეტა – მესამე ეტაპი

რობერტ ატკინსის ცილოვანი დიეტა – მეოთხე ეტაპი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.