პრობლემური ზონები – ფეხები, ბარძაყების ზომა

ქალების უმეტესობისთვის პრობლემურ ზონას ფეხები, განსაკუთრებით კი ბარძაყები წარმოადგენს. თუ გაქვთ “A ტიპის“ სხეული, აუცილებლად შეამჩნევდით, რომ წონის კლების დროს სხეულის ეს ნაწილი ყველაზე რთულად ემორჩილება კლების პროცესს. ამიტომ ხშირად, როცა სასურველი წონა უკვე მიღწეულია, ეს ზონა ისევ ზრუნვის საგნად რჩება, რადგან მათი პროპორცია სხეულთან შედარებით დიდია. რა არის ბარძაყების ზომის განმსაზღვრელი ფაქტორები, რა მიზეზით არ ემორჩილებიან ისინი კლებას ადვილად? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ სწორედ აარჩიოთ ვარჯიში, რომელიც ზუსტად იქნება გათვლილი თქვენს მიზანზე და მორგებული იქნება თქვენი სხეულის აღნაგობის ტიპზე.

რა განაპირობებს ბარძაყების ზომებს?

 1. სქესი

ქალებს და მამაკაცებს  ცხიმის მარაგები ე.წ. სქესობრივი სპეციფიკის თავისებურების მიხედვით აქვთ გადანაწილებული. ქალური ჰორმონები – ესტროგენები ცხიმის თეძოებზე, დუნდულებზე და ბარძაყის შიდა და გარე მხარეს დაგროვებას უწყობენ ხელს, ხოლო მამაკაცური ჰორმონი – ტესტოსტერონი კი მუცლის არეში. ამის გამოა, რომ ამ ადგილებზე ყველაზე მეტად უჭირთ ქალებს ცხიმისგან გათავისუფლება და ეს ყველაზე ჯიუტი და ძნელად მოსაცილებელი ცხიმია. თუმცა ამ პრობლემას ერთი ბიოლოგიური უპირატესობა მაინც გააჩნია – ამ ტიპის ცხიმი გარკვეულ როლს თამაშობს ქალის ნაყოფიერებაზე და ლაქტაციაზე. საინტერესოა, რომ როგორც აღმოჩნდა აღნიშნული პრობლემური ადგილების ცხიმი ლაქტაციის პერიოდში გაცილებით ადვილად ემორჩილება კლების პროცესს.

 2. აღნაგობის ტიპი

ბარძაყების ზომა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სხეულის აღნაგობის ტიპზე. “A ტიპის“ (იგივე მსხლის ფორმის) ქალებისთვის ბარძაყების და თეძოების ზომა ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, იმ დროს როდესაც “V ტიპის“ ქალებს ეს ადგილები დანარჩენ სხეულის ნაწილებთან შედარებით უფრო თხელი აქვთ. აღნაგობის თავისებურების გამო არც ისე ადვილია ცვლილებების შეტანა, ამიტომ თეძოების და ბარძაყების დასათხელებლად საკმაო შრომის გაწევა მოგიწევთ. თუმცა ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში გულს ნუ გაიტეხთ, ჯენიფერ ლოპესი შესანიშნავი მაგალითია “A ტიპის“ აღნაგობის – მისი დუნდულების ფორმა და ზომა მხოლოდ ქების საგანია.

 3. ცხიმი

მსხვილი ზომის ბარძაყების მიზეზი ამ არეში განლაგებული ჭარბი რაოდენობის ცხიმი შეიძლება იყოს. როგორც ზევით უკვე აღვნიშნეთ, ქალების უმეტესობა მიდრეკილია სხეულის სწორედ ამ ნაწილში ცხიმის დაგროვებისკენ, რაც სამწუხაროდ ნიშნავს, რომ წონის კლებისას ეს ადგილები ყველაზე რთულად ემორჩილება ცხიმისგან გათავისუფლებასაც. ამიტომ, შედეგის მიღწევა არც ისე ადვილი იქნება და საკმაო ნებისყოფის გამოჩენა და მოთმინებით აღჭურვა მოგიწევთ სასურველი რეზულტატების მისაღწევად.  ქალებისთვის არსებობს შემდეგი ტენდენცია – ფეხები თხელდება, როცა ცხიმის შემცველობის პროცენტულობა დაახლოებით 18% აღწევს. სხეულში ცხიმის შემცველობის მაჩვენებელის განსაზღვრა ხდება სხვადასხვა მეთოდით და შესაბამისად მეტ-ნაკლები სიზუსტით. აქედან ყველაზე მარტივია სპეციალური კალკულატორის გამოყენება.

ბარძაყებისთვის საუკეთესოა ისეთი ტიპის ვარჯიში, რომელიც მხოლოდ კუნთების ტონუსში მოსაყვანად და ფორმის მისაცემად არაა განკუთვნილი. საჭიროა ცხიმის წვაზე ორიენტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბარძაყების გაუმჯობესებული ფორმები ცხიმის ფენის ქვეშ დარჩება დამალული.

 4. კუნთები

მსხვილი ზომის ბარძაყების მიზეზი შეიძლება იყოს ბუნებრივად ფართო ბარძაყის კუნთები. კუნთები შედგება კუნთოვანი ქსოვილებისგან, რომელიც სხვადასხვა ტიპის და ზომისაა. შესაძლებელია თქვენ გქონდეთ ფართო პროპორციის II ტიპის კუნთოვანი ქსოვილები, რომლებიც ძირითადად ახასიათებთ სპრინტერებს და ძალოვან ათლეტებს, ხოლო I ტიპის (პატარა) კუნთოვანი ქსოვილები კი გააჩნიათ ხანგრძლივი ამტანობის სპორტსმენებს. კუნთიანი ბარძაყები ნიშნავს ფართო ბარძაყებს. კუნთების მოცილება ისე არ შეგიძლიათ, როგორც ცხიმისგან გათავისუფლება. ამასთან იცოდეთ, რომ კუნთები ჯანმრთელობაა, ზედმეტი ცხიმისგან განსხვავებით. თუმცა ფართო კუნთების არსებობას შეიძლება ისეთი მიზეზებიც ჰქონდეს, რომ ცვლილების შეტანის საშუალებით შევძლოთ მივაღწიოთ ბარძაყების დათხელებას:

  • შეიძლება გენეტიკურად არ გქონდეთ თანდაყოლილი ფართო კუნთები, მაგრამ შეიძინოთ ისინი ვარჯიშის შედეგად. მძიმე ძალოვანი ან მაღალი დახრილობის სარბენ ბილიკზე ან ელიპტიკურ ტრენაჟორზე ვარჯიში, სხეულის კონკრეტულ ადგილებზე (მაგ. ბარძაყებზე) ცხიმის მოსაცილებლად განკუთვნილი სპეციალური ვარჯიშების შედეგად თქვენი კუნთები გაიზარდოს. კუნთებს სპორტის ზოგიერთი სახეობაც ზრდის, მაგ: ციგურებით სრიალი. ასეთი მიზეზების შემთხვევაში ვარჯიშის რეჟიმის ცვლილებით შეიძლება კუნთების შემცირებას მიაღწიოთ.
  • გენეტიკურად მიდრეკილი ხართ ფართო კუნთების მიმართ, მაგრამ ასევე გაქვთ ზედმეტი ცხიმი ბარძაყებზე ამ კუნთების გარშემო. ანუ გაქვთ დიდი კუნთები და პლიუს ჭარბი ცხიმი. ცხიმის მოცილებით რა თქმა უნდა ფეხების დათხელებას მიაღწევთ.

იხ. ასევე:

სხეულის აღნაგობის ტიპები და ვარჯიშები მათთვის

პრობლემური ზონები – როგორ დავითხელოთ ფეხები და შევამციროთ ბარძაყების გარშემოწერილობა?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.