რატომაა ეფექტური ფიტბოლით ვარჯიში

ბოლო წლებში პოპულარული გახდა ისეთი ვარჯიშები, რომლებიც სპეციალური სპორტული ბურთის – ფიტბოლის საშუალებით სრულდება.

ფიტბოლი ანუ ფიტნეს-ბურთი, გამოიყენება როგორც აერობული, ისე ძალოვანი ვარჯიშების დროს. ფიტბოლით შესრულებული ვარჯიშები აძლიერებს კუნთების ტონუსს, ძვლოვან სისტემას და სახსრებს, კარგია ხერხემლის პრობლემების დროს, აუმჯობესებს კოორდინაციას.

სკამზე ჯდომის დროს, ხერხემლის დისკოები 30%-ით მეტ დატვირთვას იღებენ, ვიდრე ფეხზე დგომის დროს. დატვირთვის ინტენსივობა კიდევ უფრო იზრდება სხეულის არასწორად დაჭერის გამო. ეს თავის მხრივ ართულებს სუნთქვის პროცესს და ხელს უშლის შინაგანი ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას. ხერხემლის დიდი დატვირთვის გამო მცირდება ზურგის კუნთების ტონუსი. ასე ირღვევა კუნთების ბალანსი, რაც შემდგომ იწვევს ტკივილს ზურგისა და წელის არეში. ხერხემლის დისკოებზე დატვირთვის გაზრდა შესაძლებელია თიაქარის განვითარების მიზეზიც გახდეს.

რატომაა ეფექტური ფიტბოლით ვარჯიში?

ფიქსირებული ტრენაჟორებისაგან განსხვავებით, ბურთი არ უზრუნველყოფს სტაბილურ პოზიციას. ამიტომ, როცა ავარჯიშებთ კუნთების ერთ ჯგუფს, ამ დროს მუშაობაში ერთვება სხვა კუნთებიც, რათა შენარჩუნებული იქნას წონასწორობა – ეს კი ვარჯიშის ეფექტს საკმაოდ ამაღლებს.

ფიტბოლი ზრდის მოქნილობას. მისი საშუალებით შეგიძლიათ შეასრულოთ ეფექტური ვარჯიშები ზურგის და მუცლის კუნთების ტონუსში მოსაყვანად, პრესის ვარჯიშის დროს მოქმედებაში მოდის ღრმა კუნთები. გარდა ამისა, ხდება შინაგანი ორგანოების მუშაობის სტიმულაცია, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და მცირდება დატვირთვა ხერხემლის დისკოებზე.

ფიტბოლის ისტორია

პირველად დიდი გასაბერი ბურთების გამოყენება შვეიცარიაში დაიწყეს, მას იყენებდნენ ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების მკურნალობის პროცესში, მათი ნერვული რეაქციების და წონასწორობის გასაუმჯობესებლად. ამის შემდეგ, ფიტბოლის გამოყენება დაიწყეს მოზრდილების ნევროლოგიური და ორთოპედიული დაავადებების მკურნალობისასაც.

მოგვიანებით ფიტბოლის მოხმარება აქტიურად დაიწყეს აერობულ ვარჯიშებში, სატრენაჟორო დარბაზებში, დარღვეული აღნაგობის პრობლემების გასაუმჯობესებელ სხვადასხვა პროგრამებში, საყრდენ-სამოძრაო აპარატის პათოლოგიური დაავადებების მკურნალობაში.

ფიტბოლით ვარჯიშის უპირატესობა

– ფიტბოლით ვარჯიში არ არის დაკავშირებული მძიმე ფიზიკურ დატვირთვებთან. ფიტბოლით შეუძლიათ ივარჯიშონ როგორც მოზრდილებმა, ისე ბავშვებმა და ორსულმა ქალებმა. ამ ვარჯიშებს არა მხოლოდ გართულებების თავიდან აცილება შეუძლიათ, არამედ ორსულობის მიმდინარეობასაც ამსუბუქებენ. გარდა ამისა, ფიტბოლი აუმჯობესებს მენჯის ნაწილის, მუცლის, ზურგის კუნთების ელასტიურობასაც. რელაქსაციის ვარჯიშები ხსნის ტკივილს წელის არეში, რომელიც ხერხემალზე სტატიკური დატვირთვის ზრდითაა გამოწვეული.

– ფიტბოლით ვარჯიშს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი და დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებაზე, ღვიძლზე და თირკმელებზე. ბოლო პერიოდში გამოყენება ჰპოვა ვენების ვარიკოზული გაფართოების, სქოლიოზის და სიმსუქნის მკურნალობის დროს.
– ფიტბოლი ხელს უწყობს ამტანობის, მოქნილობის და ფიზიკური აქტიურობის გაზრდას.
– ის შეუცვლელია სწორი ტანადობის ფორმირებისას, ეხმარება წონასწორობის და მოძრაობის კოორდინაციის გაუმჯობესებას.
– ფიტბოლით ვარჯიშების რეგულარულ შესრულებას ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა, ამცირებს სხეულის წონას და კუთების ყველა ჯგუფი ტონუსში მოჰყავს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სწორი ტანადობის ჩამოყალიბებას და აძლიერებს ზურგის კუნთებს.
– ფიტბოლი ადვილად უმკლავდება პრობლემურ ზონებში მოშვებულ კუნთებს (მუცელი, თეძოები, დუნდულები) თუ მის ვარჯიშებს აერობიკასთან, პილატესთან, გაჭიმვით ვარჯიშებთან და ტაი-ბოსთან შევათავსებთ. ძალიან ეფექტურია აზიდვების ფიტბოლზე შესრულება, რადგან ამ დროს ფეხები საკმაოდ მაღლაა აწეული და არასტაბილურ მდგომარეობაშია. ეს მუცლის კუნთების აქტიურ მუშაობას იწვევს.
– ფიტბოლი ეფექტურად განტვირთავს სტრესისგან, დაძაბულობისგან და სახსრების ტკივილისაგან.

როგორ ამოვარჩიოთ ფიტბოლი?

ფიტბოლის ზომა 30სმ-დან 75-მდე მერყეობს. ბურთის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ იმ ადამიანის სიმაღლე ვინც ვარჯიშს აპირებს. ყველაზე ხშირად იყენებენ 65სმ დიამეტრის ბურთს, რადგან ყველაზე გავრცელებეული სიმაღლე 165-175 სანტიმეტრია. 150-165სმ. სიმაღლის რეკომენდირებულია 55სმ დიამეტრის ბურთი, ხოლო 175სმ-ზე მაღლა კი – 70სმ დიამეტრის. 30სმ. დიამეტრის ფიტბოლი ძირითადად ბავშვებისათვის გამოიყენება.

როგორ განისაზღვრება ზომები?

ბურთის დიამეტრის განსაზღვრა ადამიანის სიმაღლის მიხედვით ხდება. ბურთზე ჯდომისას, ფეხები მყარად უნდა გედგათ იატაკზე, ხოლო მუხლები 90 გრადუსით უნდა იყოს მოხრილი. შედარებით მაღალ ბურთს, იატაკთან ნაკლები მოჭიდება აქვს, სწრაფად მოძრაობს და წონასწორობის შესანარჩუნებლად მეტი ძალისხმევა სჭირდება. თუმცა მეორე მხრივ, არასტაბილური მდგომარეობა კუნთების ყველა ჯგუფის მეტ დაძაბვას ითხოვს და შესაბამისად დატვირთვაც მეტია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.