პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა

დუკანის დიეტა. ზუსტი და სრული ვერსია. ფრანგი დიეტოლოგის პიერ დუკანის დიეტა 2000 წელს გამოჩნდა და მალე პოპულარობა მოიპოვა. დიეტის მენიუს შემადგენლობაში ცალსახად ცილები (იგივე პროტეინები) ჭარბობს ყველა სხვა პროდუქტს, რის გამოც მას “ცილოვან დიეტაც” ეწოდა. ამ მეთოდით უამრავმა ადამიანმა დაიკლო, მათ შორის ბევრმა პოპულარულმა ვარსკვლავმა, რამაც დიეტის ეფექტურობას უფრო ავტორიტეტი შესძინა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დუკანის დიეტას არამარტო დადებითი გამოხმაურებები ჰქონდა – უცხოურ პრესაში პარალელურად გამოჩნდა დიეტის სავალალო შედეგით დაზარალებული პაციენტების ისტორიებიც. გარდა ამისა დიეტა თავისი არადაბალანსებული რაციონის გამო ექიმების კრიტიკის ქარცეცხლშიც მოხვდა და დუკანისათვის სამედიცინო პრაქტიკის უფლების ჩამორთმევაც კი დადგა დღის წესრიგში.

უფრო დაწვრილებით ამის შესახებ იხ. წინა თემაში: დუკანის ცილოვანი დიეტა – ეფექტი და საფრთხეები

ახლა კონკრეტულად დიეტის შესახებ. პიერ დუნკანის დიეტის მეთოდოლოგია ოთხი ფაზისაგან შედგება, რომელთა დაცვის შემდეგ მიიღწევა სასურველი შედეგი.

პირველი ფაზა - შეტევა:

ყველაზე რთული ეტაპი – დაშვებულია მხოლოდ 72 სახის პროდუქტი (იხ. შემდეგ თემაში):

უნდა შეასრულოთ ყველაფერი წესების მიხედვით და არ გადაუხვიოთ დაწყებულ გზას. დასაწყის ეტაპზე არაა გამორიცხული დისკომფორტი განსხვავებული საკვების და რაციონის გამო. პირველი ფაზის დროს იკლებთ 2-დან 6კგ.-მდე. პირში სიმშრალის შეგრძნება და არც თუ ისე სასიამოვნო სუნი დუკანის დიეტის თანამდევი ნიშნებია.

პირველი ფაზის ხანგრძლივობას ადამიანი ინდივიდუალურად განსაზღვრავს, ეს დამოკიდებულია მიზანზე, საწყის წონაზე და ორგანიზმის უნარზე რამდენად სწრაფად შეუძლია გადაერთოს კვების რაციონის ცვლილებებზე. უნდა გესმოდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არაა აუცილებელი საკუთარი თავის წამება. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს ხართ წასული სიმსუქნეში, შედეგს წვალების გარეშეც მიაღწევთ, უბრალოდ ფაზის ხანგრძლივობა შედარებით გაიზრდება.

პირველი ფაზის ხანგრძლივობა:

10-20 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 3-5 დღე;

20-30 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 5-7 დღე;

30-ზე ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 7-10 დღე;

ყურადღება: დუკანის დიეტის პირველი ფაზა არ შეიძლება გაგრძელდეს 10 დღეზე მეტი. რეკომენდირებული ვადის გაზრდამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს და ზიანი მიაყენოს თქვენს ორგანიზმს.

პირველი ფაზის მენიუ:

„შეტევის“ ფაზაში უპირატესად ჭარბობს ცილოვანი საკვები. დუკანი რეკომენდაციას უწევს ქათმის და წიწილის ხორცს (აუცილებლად კანის გარეშე), მჭლე ლორი, ხბოს ღვიძლი, ნებისმიერი სახის თევზი (მოხარშული, შებოლილი, გრილზე მომზადებული, მაგრამ არა შემწვარი) და ზღვის პროდუქტებს. შემწვარი საკვები მთლიანად აკრძალულია. ხორცის კერძების გარდა შეიძლება მოხარშული კვერცხის (დღეში 2ც.) და უცხიმო რძის პროდუქტების მიღება. შეგიძლიათ საჭმელს საკმაზები, სანელებლები, მარილი დაამატოთ მცირე რაოდენობით, ისე რომ კერძი გემრიელი და არომატული იყოს. მთავარია არ გამოიყენოთ გემოს არომატიზატორები.

აუცილებელია:

– დუკანი ავალდებულებს ყოველდღიურად 1,5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამას – ეს წესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ! (ქატო შეგიძლიათ მიიღოთ უცხიმო კეფირთან ან იოგურტთან ერთად, ან რძის ფაფის სახით)

– ყოველდღიურად 20 წუთიანი ფეხით გასეირნება ან სპორტით დაკავება

– დღეში არანაკლებ 2 ლიტრი სითხის მიღება (ყავა და ჩაი შედის ამ რაოდენობაში)

რაციონიდან ამოიღეთ:

– სუფთა სახის შაქარი. დაშვებულია მხოლოდ შაქრის შემცვლელი ძალიან მცირე დოზით.

– მოხარშული: ბატის, იხვის, ღორის, ცხვრის ხორცი; ხბოს და კურდღლის ცხიმიანი ნაწილის ხორცი. აკრძლულია ყველა ამ სახეობის ხორცი მცირე რაოდენობითაც კი.

დუკანის დიეტა ცილოვანი დიეტა

მეორე ფაზა - მონაცვლეობა:

მეორე ფაზაში გადადიან ისინი, ვინც პირველი ფაზის დაცვის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია შედეგს. გააგრძელებთ თუ არა, ამას თქვენ წყვეტთ, რადგან თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ჯანმრთელობაზე და თქვენ უნდა იფიქროთ ფრანგი ექიმის დიეტის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე.

ამ ეტაპზე წინა ფაზის დაშვებულ 72 პროდუქტს ემატება 28 პროდუქტი ხილის და ბოსტნეულის სახით (იხ. შემდეგ თემაში):

მეორე ფაზა გრძელდება იქამდე, სანამ არ მიაღწევთ თქვენს ოპტიმალურ წონას (საშუალოდ 2-დან 6-თვემდე). ამ ფაზის დროს უნდა მოხდეს ცილოვანი საკვების და ბოსტნეულის მონაცვლეობა. საკვები რეჟიმების მონაცვლეობა დასაკლები წონის რაოდენობაზე დამოკიდებული:

– 10კგ.-ზე – ცილები – ცილები/ბოსტნეული 1/1 დღე (1 დღე ცილები, მეორე დღე ცილები/ბოსტნეული; შეიძლება 3/3 ან 5/5 ვარიანტი)

– 10კგ.-ზე მეტი – 5/5 დღის მონაცვლეობა

მეორე ფაზის მენიუ:

ნუ დაივიწყებთ, რომ დუკანის დიეტის ძირითად პროდუქტს შვრიის ქატო წარმოადგენს. ამ ფაზის დროს ყოველ დღე უნდა ჭამოთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო. ქატოს შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ბოსტნეული, გარდა სახამებლის შემცველის (ავოკადო, ოსპი, პარკოსნები, ბარდა, კარტოფილი). დაშვებული პროდუქტების სურვილისამებრ მომზადება შეგიძლიათ: მოხარშვა, გამოცხობა, გამოშრობა (არა შეწვა). ბრინჯის და სხვა მარცვლოვანი ღერღილის ჭამა ასევე აკრძალულია, რადგან ისინი დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავენ.

მეორე ფაზის დროს დაშვებულია სხვადასხვა სახის საკმაზების და სპეციების გამოყენება, თუმცა ზომიერად. როცა შედეგი დაგაკმაყოფილებთ, გადადიხართ მესამე ეტაპზე.

აუცილებელია:

–         დღეში 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება;

–         შეკრულობის შემთხვევაში შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზი ხორბლის ქატოს გამოყენება;

–         შეეცადეთ რძის პროდუქტების ნორმას 1კგ-ს არ გადააჭარბოთ;

–         სვით დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი;

–         ყოველდღიური გასეირნება გაზარდეთ 30 წუთამდე.

დუკანის დიეტა ცილოვანი დიეტა

მესამე ფაზა - განმტკიცება:

სახელის მიხედვით ძნელი მისახვედრი არაა, რომ დიეტის ეს ეტაპი მიღწეული შედეგის განსამტკიცებლადაა საჭირო.

მესამე ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკლებულ კილოგრამებზე. თითოეულ დაკლებულ კილოგრამზე არანაკლებ 10 დღე უნდა დახარჯოთ გასამყარებლად. ანუ თუ დაიკლეთ 7კგ., განსამტკიცებლად 70 დღე დაგჭრდებათ.

ამ გრაფიკს მკაცრად უნდა მისდიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მარტო ვერ განამტკიცებთ მიღწეულ შედეგს, არამედ მოკლე დროში დაუბრუნდებით იმ წონას, საიდანაც დაიწყეთ.

მესამე ფაზის მენიუ:

– დაშვებულია პირველი ფაზის ყველა პროდუქტის გამოყენება;

– დაშვებულია მეორე ფაზის ყველა ბოსტნეულის გამოყენება;

– აუცილებელია ყოველ დღე ხილის ერთი პორცია (200გრ.) სალათის მიღება (აკრძლულია ყურძენი, ბანანი, ბალი);

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს ორი ნაჭრი პურის მიღება;

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს 40გრ. მწიფე ყველის გამოყენება;

– აუცილებელია სახამებლის შემცველი პროდუქტების გამოყენება (კარტოფილი, ბრინჯი, ბარდა, ლობიო, მაკარონის ნაწარმი), მაგრამ არა უმეტეს ორჯერ კვირაში;

– ყოველდღიური ფეხით სეირნობა არ უნდა იყოს 25 წუთზე ნაკლები.

ყურადღება: შვრიის ქატოს რაოდენობა გაზარდეთ 2,5 სუფრის კოვზამდე დღეში.

მესამე ფაზის პერიოდში არაუმეტეს კვირაში ერთი დღისა, შეგიძლიათ მოიწყოთ სადღესასწაულო დღე – ეს ნიშნავს, რომ ამ დღეს შეგიძლიათ შეჭამოთ რაც თქვენ გესიამოვნებათ, მაგრამ მხოლოდ კვირაში ერთხელ!

მეოთხე ფაზა - სტაბილიზაცია:

ყველაზე სასიამოვნო და ნანატრი ფაზა. სტაბილიზაციის პერიოდში მხოლოდ ორი წესი უნდა დაიცვათ:

– აუცილებელია დღეში არანაკლებ 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამა;

– კვირაში ერთხელ პროტეინის (ცილების) დღე მოაწყეთ.

დანარჩენ დროს არცერთ პროდუქტში არ ხართ შეზღუდული.

ამ ეტაპიდან დუკანი უფრო აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას უწევს რეკომენდაციას. რაც უფრო მეტი აქტიურობა, მით უკეთესი. ეს საშუალებას მოგცემთ ნაკლებად შეიზღუდოთ კვებაში.

ასევე იხ.

დუკანის ცილოვანი დიეტა – ეფექტი და საფრთხეები

100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის

ქატო – წონაში კლების პოპულარული საშუალება

3 thoughts on “პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა

  • დეკემბერი 15, 2017 at 9:53 pm
    Permalink

    gamarjobat manteresebs sad sheidzleba am shvriis qatos shedzena da aseve mainteresebs es 1.5 sufris kovzi ertad unda shevchamo tu davyo ramdenimed?

    Reply
    • იანვარი 23, 2018 at 1:47 pm
      Permalink

      გუდვილში, კარფურში, ყველა დიდ მარკეტში იყიდება
      1,5 კოვზი ერთიანი დოზაა

      Reply
  • ივნისი 20, 2018 at 7:58 am
    Permalink

    ES PIRVELI PAZA VER MIVXVDI ERTI KVIRA RAC PIRVEL FAZASHIA IS UNDA MIVIRTVAT?

    Reply

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: aleqsi კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.