ჰორმონების როლი წონის კლების პროცესში

ენდოკრინულ სიტემას ერთ-ერთი მთავარი როლი აკისრია წონის რეგულირების საკითხში. ენდოკრინულ სისტემას შეადგენენ ჯირკვლები, სადაც სხვადასხვა ჰორმონები გამომუშავდება, რომლებიც სხეულის პრაქტიკულად ყველა ფუნქციის მუშაობაზე ახდენენ გავლენას. ინსულინი, კორტიზოლი, ლეპტინი, გრელინი – სწორედ ეს და სხვა რიგი ჰორმონები არეგულირებენ ორგანიზმში ისეთ პროცესებს როგორიცაა სხეულის წონის ზრდა, კლება, ცხიმოვანი მასის დაგროვება, მადის რეგულირება, ნივთიერებათა ცვლის დონე და ა.შ.

რა როლს ასრულებენ ჰორმონები ჩვენს ორგანიზმში?

მეცნიერები ჰორმონებს ადარებენ საწარმოს მმართველ მენეჯერთა გუნდს: როცა ყველა ჩართულია პროცესში, ორგანიზმი შეფერხების გარეშე მუშაობს, მაგრამ საკმარისია ერთ-ერთმა მათგანმა მაინც ფუნქცია სრულად არ შეასრულოს, მთელი საწარმოს მუშაობა აირევა.

ჰორმონი ინსულინი გამომუშავდება კუჭქვეშა ჯირკვალში და გავლენას ახდენს უამრავ პროცესზე, მათ შორის ღვიძლში გლუკოზის სინთესში, ასევე საკვებიდან ცხიმების წარმოქმნაში. როგორც იელის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ბოლო დროის კვლევებმა აჩვენა, არა მარტო საკვები, არამედ მისი დანახვაც კი ინსულინის გამომუშავების პროვოცირებას იწვევს. როცა ძალიან მშიერი ადამიანი მადისაღმძვრელ საკვებს უყურებს, მისი ტვინი ავტომატურად ინსულინის გამომუშავებას იწყებს, ხოლო ის კი თავის მხრივ გლუკოზას ცხიმად გარდაქმნის.

იმისათვის, რომ ინსულინის დონის მკვეთრად აწევა არ დავუშავათ, საკუთარი თავი არ უნდა მივიყვანოთ ძლიერი შიმშილის გრძნობამდე, ვჭამოთ დროულად და შევამციროთ დიდი რაოდენობით ნახშირწყლოვანი საკვების მოხმარება. გარდა ამისა, უკეთესია თუ მოვერიდებით დატვირთულ შვედურ მაგიდებს, სადაც ძნელია ცდუნებას ადვილად გაუმკლავდე.

ჭამის დროს ყველა ერთნაირ სიამოვნებას ვერ ღებულობს, ამაში კი დამნაშავე დოფამინია – ნერვულ უჯრედებს შორის გზამკვლევი სიგნალი. როგორც ორეგონის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა გაარკვიეს, მათ ვისაც დოფამინი გენეტიკურად ნაკლები რაოდენობით გამოუმუშავდება, ჭამის დროს საკმარისად ვერ იღებენ საკვებით სიამოვნებას და ამის გამო ჭამენ უფრო მეტს, რითიც ხარისხის უკმარისობას რაოდენობით ინაზღაურებენ.

ასეთ ადამიანებს ბიოქიმიკოსები ფიზიკური აქტიურობის დონის გაზრდას ურჩევენ – ზომიერი ვარჯიში სისხლში ენდორფინების რაოდენობას ზრდიან. ბედნიერების ჰორმონებად წოდებული ენდორფინები აუმჯობესებს განწყობას და ცხოვრების ოპტიმისტურ აღქმას. გარდა ამისა, სპორტი ზედმეტი წონის დაგროვებას უშლის ხელს.

გრელინი აძლიერებს შიმშილის გრძნობას და მადას აღვიძებს ჭამის წინ. როცა მონრეალის უნივერსიტეტში ცდის მონაწილეებს ამ ჰორმონის დამატებითი დოზა შეუყვანეს, მათ ტვინში დაიწყო ნარკო- და ნიკოტინ დამოკიდებულების მსგავსი პროცესი, შოკოლადის ნამცხვრის ფოტოგრაფიას ისეთი დაუძლეველი სურვილით უცქერდნენ, როგორც მწეველი ტრანსატლანტიკური გადაფრენის დროს უყურებს Marlboro -ს  რეკლამას. ხოლო The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევებმა გააოცა საზოგადოება: აღმოჩნდა, რომ წონის დიდი რაოდენობით კლების შემდეგ კუჭში გრელინის დონე … კლებულობს. მისი გავლენის შედეგად შიმშილის გრძნობის შემოტევები უფრო ხშირია და მადასთან გამკლავება რთული ხდება.

გრელინის დონის კონტროლის საუკეთესო საშუალება – გამოძინებაა. საქმე იმაშია, რომ ძილი არანაკლებ 8 საათის ხანგრძლივობით, ხელს უწყობს დანაყრების ჰორმონის – ლეპტინის გამომუშავებას. იმ დროს როდესაც გრელინი მადას აღვიძებს, ლეპტინი პირიქით – მას ამცირებს. სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, საკმარისია ჩვეული ძილის ხანგრძლივობას კიდევ ნახევარი საათი დაამატოთ, ამით ნივთიერებათა ცვლის დონეს აამაღლებთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა – მოერიდეთ ფრუქტოზაზე დამზადებულ ტკბილ სასმელებს (ისინი მადას აძლიერებენ) და მკაცრ დიეტებს. კალორიების მკვეთრი შემცირება გრელინის გამომუშავების დამატებით პროვოცირებას იწვევს, ის კი უფრო მეტ და მეტ კვებას მოითხოვს.

სტრესის ჰორმონი კორტიზოლი ორგანიზმში მოქმედებას იწყებს ფიზიკური საფრთხის ან ემოციური სტრესის დროს. ის დამატებით ენერგიას გამოყოფს – თავის დროზე წინაისტორიულ პერიოდში ჩვენს წინაპრებს ველური ნადირებისაგან სირბილით თავის დასაღწევად ეხმარებოდა. შემდეგ ტვინს სიგნალს აძლევდა რომ ეჭამა, ამით აენაზღაურებინა დახარჯული ენერგეტიკული მარაგი. დღესდღეისობით მუდმივად სტრესის ქვეშ ვიმყოფებით, ამის გამო კი ჩვენი ტვინი ლამის ყოველ წუთს გამოჰყოფს კორტიზოლს. შესაბამისად, ჭამის მოთხოვნილება გახშირებულია. სიტუაციას ისიც აუარესებს, რომ სტრესის დრო გლუკოზა ცხიმად გადამუშავდება.

ნერვული სისტემის გადასარჩენად ასეთ დროს საუკეთესო გადაწყვეტილება – ფიტნესი, იოგა, ცეკვები, სუნთქვითი ვარჯიშები. კოლუმბიის უნივერსიტეტის სიმსუქნის კვლევის ცენტრი გვირჩევს რაც შეიძლება მეტად ვასიამოვნოთ საკუთარ თავს, თურმე არომატული ზეთების აბაზანაც კი ამცირებს კორტიზოლის დონეს.

ესტროგენი, ანუ „ქალური ჰორმონი“, ასევე მჭიდრო კავშირშია ცხიმის დაგროვებასთან: გარდა იმისა, რომ ფორმების სიმრგვალეზე მოქმედებს, ის ასევე წყლის შეკავებას ახდენს. ამ დროს კი „მამაკაცური ჰორმონი“ ტესტოსტერონი, მუდამ ცდილობს ცხიმების დაშლას. ტესტოსტერონის დონის ამაღლებას ხელს უწყობს სპორტი.

უჯრედულ დონეზე ნივთიერებათა ცვლაზე პასუხისმგებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები Т3 (ტრიიოდთირონინი) და Т4 (თიროქსინი). მათ მდგომარეობას ამოწმებს ენდოკრინოლოგი, სანამ დიეტის დაცვის უფლებას მოგცემთ. ჰორმონების ამ წყვილის ტონუსში ყოფნისთვის ლინდა პეიჯი, Healthy Healing: A Guide to Self-Healing for Everyone წიგნის ავტორი, იოდით მდიდარი ზღვის კომბოსტის საკვებ რაციონში ჩართვას გვირჩევს.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ჯანმრთელობისათვის და ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ჰორმონალური ბალანსის არსებობა. დიეტის დაწყებამდე, კარგია თუ ანალიზებს გაიკეთებთ, რომ გაარკვიოთ როგორი ჰორმონალური ფონი გაქვთ. თუ ყველაფერი ნორმაშია, ეს უკვე თავის მხრივ დიდი სტიმულია, რომ საკუთარი ფორმებისათვის ზრუნვას შეუდგეთ.

One thought on “ჰორმონების როლი წონის კლების პროცესში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.