პილატესი – დაე, მთელი თქვენი სხეული მუშაობდეს!

პილატესი – ასე ეწოდება ვარჯიშების კომპლექსს, რომელიც ჯოზეფ პილატესმა (1983-1967) თითქმის 100 წლის წინ შექმნა. ამ პერიოდის განმავლობაში პილატესის მეთოდმა დროის გამოცდას გაუძლო და საუკეთესო რეკომენდაცია მიიღო.

ჯოზეფ ჰუბერტ პილატესი

ჯოზეფ პილატესი დაიბადა 1883 წელს დიუსელდორფის მახლობლად. მამა ტანმოვარჯიშე გახლდათ და საპრიზო ადგილებს იღებდა შეჯიბრებებში, დედა კი ნატუროპათი იყო. ახალგაზრდობაში ჯოზეფი ასთმით, რაქიტით და რევმატიზმით იყო დაავადებული. ცუდი ჯანმრთელობის გამო შექმნილი პრობლემებისაგან თავის დასაღწევად, ის ბოდიბილდინგით, დაივინგით, თხილამურებით სრიალით და ტანვარჯიშით დაკავდა.

1912 წელს პილატესი ინგლისში გადასახლდა, სადაც ბოქსიორად, ცირკის მსახიობად მუშაობდა და სკოტლენდ-იარდის დეტექტივებს თავდაცვის გაკვეთილებს უტარებდა. პირველი მსოფლიო ომის დროს ჯოზეფ პილატესი ლანკასტერის ბანაკში მოათავსეს სხვა გერმანელებთან ერთად, სადაც თავისი ვარჯიშების მეთოდიკის დამუშვებას განაგრძობდა. ის სრულყოფდა თავის მეთოდს 1918 წლის გრიპის ეპიდემიით დაავადებულების დახმარებისას.  ომის შემდეგ პილატესი გერმანიაში დაბრუნდა, სადაც გერმანული არმიის ჯარისკაცებს და ჰამბურგელ პოლიციელებს თავდაცვის წესებს ასწავლიდა. ამის შემდეგ, ის ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1925 წელს თავის მეუღლესთან კლარასთან ერთად თავისი პირველი სტუდია გახსნა. მისი მეთოდის მომხიბვლელობის წყალობით, რასაც მომავალში „პილატესი“ ეწოდა, სტუდიამ მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

პილატესის მეთოდი:

თავისი ფილოსოფია ჯოზეფ პილატესმა ლაკონურ ფრაზაში გადმოსცა: „ჯანმრთელობა ბედნიერების პირველი შემადგენელი ნაწილია“.

პილატესის მეთოდის მიხედვით, ადამიანის განვითარება ცხოვრების იდეალური წესშია ჩადებული, რაც მხოლოდ ფიზიკური, გონებრივი და სულიერი წონასწორობის საშუალებით მიიღწევა. ამ მეთოდით, ვიზუალიზაციის, ფიზიკური გაჯანსაღების და სხეულის კუნთების დაჭიმვის საშუალებით, გონებრივი ენერგია და გასუფთავებული სისხლი ტვინის უმოქმედო უჯრედებთან ბრუნდება.

პილატესის სისტემაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, მიზნის და დადებითი ცვლილებების მისაღწევად, მთავარია – იდეის ფიზიკური და მენტალური ერთგულება.

ჯოზეფს სწამდა, რომ თავის დროს 50 წლის უსწრებდა. დღესაც კი, როცა პილატესის მეთოდიკამ, რომელიც მთელს მსოფლიოში გავრცელდა და გარკვეული სახეცვლილება განიცადა, მთავარი პრინციპები მაინც ხელუხლებელად შეინარჩუნა.

პილატესის მეთოდის პრინციპები:
  1. ყურადღების კონცენტრაცია. ინტეგრაცია.
  2. კუნთოვანი კონტროლი დაძაბვის გარეშე. ინტუიცია: ვარჯიშის დროს ტკივილის წარმოშობის შემთხვევაში ვარჯიშის მოდიფიკაციის აუცილებლობა.
  3. სხეულის არსის წარმოდგენის გადაფასება მისი ცენტრალიზაციის დახმარებით.
  4. წარმოდგენა (ვიზუალიზაცია)
  5. მოძრაობის თანაბარი შესრულება პაუზის და გაჩერების გარეშე
  6. სიზუსტე
  7. სწორი სუნთქვა
  8. რეგულარული ვარჯიში

„პილატესის’ ვარჯიშებში ჩართულია ყველა კუნთები: ხელის თითებიდან დაწყებული ფეხის წვერებით დამთავრებული, არცერთი კუნთების ჯგუფი არაა იზოლირებული და ყურადღების მიღმა დარჩენილი.

ჯოზეფ პილატესი აუცილებლად მიიჩნევდა ბუნებრივი ინტუიციის გამოყენებას. ჩვენ იშვიათად ვუსმენთ საკუთარ სხეულს, ვამყოფებთ მას ტკივილის, დაძაბულობის ზემოქმედების ქვეშ, რასაც თავის მხრივ ცუდ მდგომარეობამდე და ტრავმებამდე მივყევართ. პილატესის მეთოდი იდეალურ ფორმაში ყოფნის საშუალებას გვაძლევს და ეს არაა ხერხი, რათა სასწრაფოდ მოვიდეთ ფორმაში ზღვის სეზონისათვის. „ნუ ელოდებით იმას, რაც არაბუნებრივია“ – ამბობდა პილატესი.

პილატესის მთავარი ღირსებაა ის, რომ მუშაობს კომპლექსურად მთელს სხეულზე. პილატესი ამაღლებს კუნთების ტონუსს, თქვენს მოძრაობებს ისეთ პლასტიურს ქმნის, თითქოს მთელი ცხოვრება საცეკვაო დარბაზში გქონდეთ გატარებული. ნაცვლად იმისა, რომ ამუშაოთ ცალკე ზურგი, ცალკე პრესი, ცალკე ფეხები, თქვენ მთელი სხეულით მუშაობთ – პლიუს ამ ფონზე ვარჯიშებში ჩართულია თქვენი გონება, რადგან სერიოზული კონცენტრაციის გარეშე ამ ილეთების შესრულება შეუძლებელია! ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტურობის მხრივ და შედეგს მაქსიმალურად ზრდის.

ტრადიციულ პილატესში არსებობს ვარჯიშები, რომელსაც საფენზე ასრულებთ და ვარჯიშები, რომელსაც ტრენაჟორები სჭირდება. ეს განსაკუთრებული ტრენაჟორებია, ჯოზეფ პილატესის მიერ შემუშავებული, თითქმის 100 წლის წინ. ამ ტრენაჟორების ზედაპირი არასტაბილურია, ამიტომ თქვენ მუდმივი ძალისხმევის დახარჯვა გჭირდებათ, რათა წონასწორობა შეინარჩუნოთ. ამის გამო მუშაობაში ერთვება პატარა კუნთების ჯგუფი, რომლებიც ჩვეულებრივი ვარჯიშის დროს არც კი გახსენდებათ. პილატესის ტრენაჟორებზე შესრულებული უბრალო ვარჯიშიც კი, თქვენგან მაქსიმალურ კონცენტრაციას ითხოვს. ეს ნამდვილად არ ჰგავს თანამედროვე ტრენაჟორზე ვარჯიშის, როცა შეგიძლიათ ატრიალოთ ველოტრენაჟორის პედლები და თან მობილურზე ისაუბროთ ან იჭორაოთ მეზობელ ტრენაჟორზე მყოფ დაქალთან.

ჩვენი მუსკულატურა შედგება კუნთების ორი ფენისგან – ზედაპირული და შიდა. პილატესი ამუშავებს კუნთების ე.წ. შიდა ანუ ღრმა ფენას, რომელსაც ჩვეულებრივი ძალოვანი ვარჯიშები ვერ სწვდება. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად კი საჭიროა კუნთების ორივე ფენის ამუშვება, ამიტომ კარგია პილატესის და ჩვეულებრივი ფიტნეს-ვარჯიშების შეთავსება. ასე თქვენ შეძლებთ მთელი სხეული ფლობას, გექნებათ გამორჩეულად დახვეწილი და გრაციოზული აღნაგობა… ეს ყველაფერი კი ღირს შრომად!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.