იოგა ჯანმრთელობისათვის – აშტანგა იოგა

 

აშტანგა იოგა – ასანების ზუსტად განსაზღვრული დინამიური თანამიმდევრობა, რომელიც შეიქმნა ჰათჰა იოგას საფუძველზე მე-20 საუკუნის შუა პერიოდში შრი პატტაბხი ჯოისის მიერ. აშტანგას ახალგაზრდების იოგასაც უწოდებენ, რადგან მასში იოგას სხვა მიმართულებებისაგან განსხვავებით არაა ხანგრძლივი ფიქსაციები, ის დინამიურია და გარკვეულ მომენტებში ცეკვასაც გვაგონებს.

აშტანგა-ვინიასინი იოგას წარმოშობა

სანკრისტიდან თარგმანში „აშტანგა“ ნიშნავს „რვა საფუძველს“ ან „რვა ტოტს“ ნიშნავს. ამ მიმართულების დამაარსებელი და ტრადიციის შემქმნელია შრი პატტაბხი ჯოისი (1915-2009) მაისორიდან (ინდოეთი). ჯოისის მოძღვრად გასული საუკუნის დიდი მასწავლებელი შრი კრიშნამაჩარი ითვლება. მან მიიღო თავისი მასწავლებლისგან რამა მოჰან ბრახმაჩარისგან უძველესი ტექსტი „იოგა-კორუნტა“, რომელიც აღწერდა აშტანგა-ვინიასის პრაქტიკას და თავისი ცოდნა ჯოისს გადასცა. თავად მანუსკრიპტი სამწუხაროდ არაა შემონახული.

მე-20 საუკუნის 60-იანი წლების შუა პერიოდში მაისორი, სადაც ასწავლიდა ჯოისი, ბელგიელმა ანდრე ვან ლისბეტმა მოინახულა. მოგზაურობის შთაბეჭდილებების ზემოქმედების ქვეშ მან თვითმასწავლებელი დაწერა, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ევროპაში. მაისორში უამრავი უცხოელი გაემგზავრა, რომელთაც სურდათ პირადად გაეცნოთ პატტაბხი ჯოისი.

აშტანგა-ვინიასის დინამიური ელემენტები, ერთი ვერსიის მიხედვით, ინგლისური ტანვარჯიშის და ინდოელების საბრძოლო ტექნიკიდან  იყო გადმოღებული. სხვა ვერსიის მიხედვით კი – ტრადიციული იოგასათვის არადამახასიათებელი მოძრაობები ტიბეტიდან წამოვიდა. ეს ტექნიკა მოძრავია და ყურადღება გამახვილებულია ვინიასის – ასანების დინამიური კომბინაციის მრავალჯერად რიტმულ გამეორებაზე – პრანაიამას შეხამებით. სხვა იოგას სკოლებისაგან განსხვავებით აქ ყურადღება არა მხოლოდ ასანებზე, არამედ მათ შორის გადასვლის პროცესზეცაა გამახვილებული. ასევე გამოიყენება კუნთოვანი „საკეტები“ – ბანდხი, რომლებიც სასიცოცხლო ენერგიას (პრანა) აგროვებენ, ამასთან ერთად სირთულეები ყოველი მეცადინეობის შემდეგ იზრდება. ეს ეხმარება სხეულში ენერგეტიკული ნაკადების გააზრებას და რეგულირებას. ამ ყველაფერის შედეგად მალე ძლიერდება ყველა ჯგუფის კუნთები, იზრდება სხეულის მოქნილობა, ნორმაში მოდის წონა, მაღლდება სტრესის მიმართ წინააღმდეგობის უნარი.

აშტანგა-ვინიასის პოპულარიზაციას და გავრცელებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ამ პრაქტიკას შოუ-ბიზნესის ბევრი ვარსკვლავი ეწეოდა – გვინეტ პელტროუ, უილემ დეფო, მოდელიერი დონა კარანი. ხოლო მადონამ თავის სიმღერაში Shanti / Ashtangi ალბომიდან Ray of Light, მანტრაც კი ჩართო, რომლითაც როგორც წესი, ნებისმიერი აშტანგა იოგას-კლასი იწყება.

აშტანგა იოგას კომპლექსის შესრულების დროს სხეული ხურდება და ოფლიანდება. ასე ხდება ფიზიკური, ენერგეტიკული და ინფორმაციული დასუფთავება. სწავლების მიხედვით ადამიანის სხეულში იმთავითვე არსებობს „ექვსი შხამი, სულიერი გულის გარშემო“ და დროდადრო საჭიროა მათგან გათავისუფლება. აშტანგაში არსებობს ექვსი საფეხური, რომელსაც სამადხისაკენ  (გასხივოსნება) მიჰყავხარ. ამბობენ, რომ როგორც კი მოსწავლეები პრაქტიკაში შესამჩნევ წარმატებებს აღწევენ, გურუ მათ საიდუმლოებებს აზიარებენ, რომლებსაც იოგას ზოგადად ხელმისაწვდომ ლიტერატურაში ვერ ამოიკითხავ.

იოგას ეს მიმდინარეობა მოსწავლისაგან ნებისყოფას და კარგ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. ვისაც სერიოზული ტრავმები ან ავადმყოფობა აქვს გადატანილი, ან პრობლემები აქვს კონცენტრაციასთან დაკავშირებით, უმჯობესია უფრო ადვილი და მარტივი სტილის პრაქტიკის ასანებით დაიწყოს, მაგალითად აიენგარა იოგით. დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი კვალიფიციური მასწავლებლის არსებობას, რომელიც სწავლებას ინდოეთის ტრადიციების მცველების საშუალებით არის ნაზიარები.

ჯოისის მიხედვით, იოგა არ უნდა მოერგოს პრაქტიკანტის სისუსტეს და არასრულყოფილებას, არამედ პირიქით, პრაქტიკანტი უნდა განვითარდეს იოგას იდეალების შესაბამისად.

დღესდღეისობით აშტანგა იოგას ტრადიციების მცველად მისი ქალიშვილი სარასვატი რანგასვამი და მისი შვილიშვილი რანგვასვამი შარატ ჯოისი ითვლება. კარნატაკას შტატის ქალაქ მაისორში ფუნქციონირებს „შრი კ.პატტაბხი ჯოისის სახ. აშტანგა იოგას ინსტიტუტი“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.