დიდი გაფრენა – ჩემი მოგზაურობა საჰაერო ბურთით

კვირას გასულმა რეპორტაჟმა, რუსთავი2-ის ჟურნალისტის ანი ქორქიას და მისი ოპერატორის საჰაერო ბურთით მოგზაურობის და ავარიული დაშვების შესახებ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ისტორია გამახსენა.

ოთხი წლის წინ საქართველოში პირველად ჩატარდა ჰაერნაოსნობის ჩემპიონატი, სადაც ქართველ პილოტთა გუნდთან ერთად რამდენიმე სხვა ქვეყნის გუნდიც ასპარეზობდა. ჟურნალისტის ეგიდით შესულმა გავრისკე და უკრაინელ პილოტებთან ერთად ვიფრინე ამ ეგზოტიკური აპარატით, რომელსაც აქამდე მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოებებით ვიცნობდი. ჩემი ფრენის ისტორია დაახლოებით 1-1,5 საათი გაგრძელდა, თითქოს არც ისე ბევრია, მაგრამ მახსოვს მაშინ რა უსაშველოდ ხანგრძლივი იყო თითოეული წუთი, რომელიც 1500 მეტრის სიმაღლეზე ჰაერში, ერთ პატარა კალათაში გამოკიდებულმა გავატარე. მახსოვს ჩემი გარეგნული სიმშვიდე და აკანკალებული ხელი, რომელსაც ძლივს ვიმორჩილებდი, რომ ეს დაუვიწყარი სანახაობა ფოტოაპარატზე აღმებეჭდა. ჩემი ნერვიულობის ფონზე რადიკალურად ძალიან მშვიდები იყვნენ უკრაინელი პილოტები, რომლებიც კალათიდან გადაყუდებულები ისეთი აუღელვებელი სახით ათვალიერებდნენ კავკასიონის მთებს, თითქოს საკუთარი სახლის აივანზე მდგარიყვნენ.
ექსტრემალური სპორტი არასდროს მაინტერესებდა, მიკვირდა იმ ხალხის ვინც ასე უპასუხისმგებლოდ აყენებდა საფრთხის ქვეშ საკუთარ სიცოცხლეს, მაგრამ ამ ისტორიის შემდეგ შეიძლება ითქვას  მეც „გემო გავუსინჯე“ ადრენალინს და მესმის რა შეგრძნებაა ეს. რამხელა ბედნიერება იყო საათნახევრიანი უკიდურესი დაძაბულობის შემდეგ მიწაზე ფეხის დადგმა. მახსოვს ყველა სტრესი, ნერვული ფონი თუ ნეგატივის შეგრძნება აბსოლუტურად მოხსნილი მქონდა –  მოკლედ ამის ასე გადმოცემა ძალიან ძნელია, ეს უნდა განიცადო რომ აღითქვა. თუმცა გარისკვა ძალიან ძნელია და რეალურად სახიფათოც, ამას რუსთავი 2-ის ჟურნალისტების ავარიული დაშვება და მაშინ მსგავს ისტორიაში ჩემი მეგობრის აღმოჩენაც მოწმობს.

როგორ გავრისკე?

რამდენიმე დღე ვყოყმანობდი, გამთენიისას ბაზალეთის ტბაზე მისულმა თითქოს საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ხელი ამეღო ამ არანორმალურ გადაწყვეტილებაზე, მით უმეტეს რომ ვნახე როგორ ვერ გარისკა რამდენიმე ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა და უარი თქვა მოგზაურობაზე.

შეჯიბრება დილის 6 საათზე უნდა დაწყებულიყო ბაზალეთის ტბასთან. სამარშრუტო ტაქსებიდან გუნდებმა აღჭურვილობა, ტექნიკა და დაკეცილი ბურთები გადმოალაგეს და დაიწყეს მზადება. ნელ-ნელა მინდორი ულამაზეს სანახაობად გადაიქცა – მიმდევრობით წამოიმართნენ ფერადი გიგანტური ბურთები. პილოტებმა და მგზავრებმა თანდათან კალათებში გადაინაცვლეს და გასაფრენად მოემზადნენ. ყოყმანი შემეპარა, ვიცოდი რამდენიმე წუთში როცა ბალონები (ასე ეძახდნენ ინგლისელი პილოტები) ჰაერში აიწეოდნენ,  მე მიწაზე დარჩენილს საშინელი სინანული შემიპყრობდა გაშვებული შანსის გამო.

–         რას შვრებით, არ მოდიხართ? – შემომძახეს უკრაინელმა პილოტებმა უკვე ასაფრენად გამზადებული საჰაერო ბურთიდან, რომელიც უკვე გამალებით მიილტვოდა ჰაერში და რამდენიმე კაცი თოკით ძლივს აკავებდა მიწაზე.

მართალი გითხრათ ახლაც ვერ ვიხსენებ როგორ გადავწყვიტე, მაგრამ რამდენიმე წამში მეც კალათაში ვიყავი და როცა გავიაზრე საკუთარი გადაწყვეტილება, საჰაერო ბურთი უკვე მიწიდან საკმაოდ მოცილებული იყო.

პირველი წუთები სასიამოვნო ემოციებით იყო დატვირთული, ჯერ მხოლოდ ქვევით ვიყურებოდი და ვხედავდი ნელ-ნელა თეთრ ლაქებად როგორ გადაიქცნენ სამარშრუტო ტაქსები, აი მერე კი, როცა თავი ავიღე და გარშემო მიმოვიხედე, მომრგვალებული ჰორიზონტი და კავკასიონის დათოვლილი გრეხილები დავინახე …… გვარიანად შემეშინდა.

ბურთი შეუსვენებლივ მაღლა მიიწევდა, სიმაღლის მაჩვენებელი მალე კილომეტრს მაღლა ასცდა…. 1200, 1300, 1400, 1500 … საშინელი და საოცარი შეგრძნება იყო უკიდეგანო სივრცეში გამოკიდება ერთ პაწაწინა წნელით დაწნული კალათის ამარა. თითქოს არც ეს კალათა არსებობდა საყრდენის სახით, ერთ გაუფრთხილებელ მოძრაობას შეეძლო წონასწორობის დარღვევა და მიწის გრავიტაციის მსხვერპლად ექციე.

ხელი მიკანკალებდა, მაგრამ არ შემეძლო არ გადამეღო პატარა გუბედ ქცეული ბაზალეთი, თეთრი კავკასიონი და გარშემო მიმობნეული ფერადი თანამგზავრები.

სიმაღლეს ბურთის ქვეშ დამაგრებული საცეცხლურით არეგულირებდნენ. ჩამოსწევდნენ სახელურს, იბუთქებდა გაზი, აინთებოდა ცეცხლი, ჰაერი გათბებოდა და ბურთი ზევით აიწევდა, მოხვდებოდა ჰაერის მოძრავ მასებში, რომლებსაც თავისი მიმართულებით მიჰყავდათ ჩვენი ტრასპორტი. მთლიანად ბუნების ხასიათზე ვიყავით დამოკიდებული, საიდან დაუბერავდა ზურგის ქარი. ვითვლიდი წუთებს, ვოცნებობდი მიწაზე, თან ეს წუთებიც მენანებოდა, რომელიც სიზმარს ჰგავდა.

პილოტებმა დაშვება გადაწყვიტეს, ბალონს სითბო დააკლეს და მიწას მივუახლოვდით. უკვე სიხარულს ვყავდი შეპყრობილი როცა უკვე ხეების სილუეტების გარჩევა დავიწყე და მიწის სიახლოვე ვიგრძენი. თუმცა ეს დასასრული არ იყო. ხიფათი მაინც არ აგვცდა. ჰაერის ნაკადმა მაღალი ძაბვის სადენებთან მიგვათრია და მიგვატოვა. 15-20 წუთი ამ სადენების ზევით გამოვეკიდეთ და ველოდით ნიავს. ბოლოს ეღირსა … ჩვენთვის უსაშველო ლოდინის შემდეგ დაუბერა ქარმა და სადენებიდან უსაფრთხო მანძილზე გადაგვიტანა. პილოტებმა დაშვება გადაწყვიტეს, მაგრამ სად ვეშვებოდით ეგ უკვე აღარ ვიცოდით – ჰაერის ნაკადს საკმაოდ შორს გადმოვეგდეთ ბაზალეთის ტბიდან. უკრაინელები რუკას უკირკიტებდნენ, მასშტაბს, აღმოსავლეთ-დასავლეთს ზომავდნენ და მხრებს იჩეჩავდნენ.

ბოლოს დავეშვით. თუმცა ეს დაშვება კი არა დანარცხება იყო. „ლოჟიიის!“ – დაიძახეს პილოტებმა და თავადაც კალათის ფსკერზე წაწვნენ. ჯერ კიდევ გაბერილმა ბურთმა კალათი წააყირავა და რაღაც მანძილზე გვაჩოჩიალა. ცოტა დავიბეჟე, მაგრამ ამას აღარ ვდარდობდი, ისეთი ენით აუწერელი ბედნიერება განვიცადე მიწასთან ჩახუტებულმა – გემის კატასტროფიდან გადარჩენილი, ნაპირზე გამორიყული მეზღვაურივით ვაკოცე ნიადაგს.

გარშემო უკაცრიელი მიდამო იყო, უსასრულო გრძელი ნახნავები. კიდევ ერთხელ გადაზომეს რუკა უკრაინელებმა და სავარაუდო მიმართულება მომცეს, რომ ჩვენს საძებრად წამოსული სამარშრუტო ტაქსი მომეძებნა, თავად კი საჰაერო ბურთის დემონტაჟს შეუდგნენ.

ფეხით გავუყევი ნახნავებს, კაი ხანი არავინ შემხვედრია, ბოლოს ადამიანების სილუეტები დავლანდე. ინგლისელი პილოტები აღმოჩნდნენ, რომელთაც ავუხსენი, რომ უკრაინელების გუნდთან ერთად გაფრენილი, უფრო სწორედ ჩამოვარდნილი მგზავრი ვიყავი. ”სამწუხაროდ, ძლიერ დინებაში მოვყევით და აქეთ გადმოგვისროლა” – დანანებით ხელი ჩაიქნია ერთმა ასაკოვანმა პილოტმა, რომელსაც ფრენის 2000 საათი ჰქონდა ანგარიშზე. ხოლო მეორემ, როცა გაიგო რომ ეს ჩემი ფრენის პირველი საათი იყო, ყურებამდე გაღიმებულმა მომილოცა შიშის დაძლევა და აღტაცებით ხელი ჩამომართვა: Welcome in balloning!

აი ასე დასრულდა ჩემი ექსტრემალური ისტორია, საიდანაც დამრჩა უძლიერესი შთაბეჭდილებები და ბევრი ლამაზი ფოტო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.