პოლ ბრეგი – შიმშილობის სასწაული

ამერიკელი დიეტოლოგი და ცხოვრების ჯანსაღი წესის უდიდესი პროპაგანდისტი პოლ ბრეგი წერდა „ჩემს სხეულს ასაკი არა აქვს“. მართლაც, ექიმებმა რომლებმაც უკანასკნელად გამოიკვლიეს მისი სხეული, აღიარეს რომ მას 20 წლის ადამიანის ორგანიზმი ჰქონდა. მის მიერ შემუშვებული სისტემა, უამრავ ადამიანს დაეხმარა ჯანმრთელობის და სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნებაში. ამ მეთოდოლოგიის პირველი პაციენტი კი თავად „შიმშილობის სასწაული“-ს ავტორი გახდა.

პოლ ბრეგი შიმშილობას ბუნებრივ ინსტიქტად თვლიდა – ცხოველი როცა ავად ხდება, ის უარს აცხადებს საკვების მიღებაზე, მაგრამ საუკუნეების მანძილზე ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ადამიანებმა დაკარგეს ეს ინსტიქტი. რაციონალური შიმშილი, ჯანმრთელი კვება და საკუთარ სხეულზე და სულზე მუშაობა – ეს არის სულიერი და ფიზიკური გაახალგაზრდავების მიღწევის საშუალება, რასაც პოლ ბრეგი თანამედროვეობის ყველაზე დიდ აღმოჩენად თვლიდა. ამ სამი პრინციპის პროპაგანდას მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა და თავადაც მუდამ იცავდა.

თავად დაბადებიდან არაერთი დაავადება გამოიარა. სუსტი ჯანმრთელობის გამო რამდენიმე წელი სანატორიუმებში გაატარა, სადაც ექიმები მის მშობლებს ბავშვის გამოჯანმრთელების იმედს თითქმის არ უტოვებდნენ.

12 წლის ასაკში მშობლებმა ის შვეიცარიაში ცნობილ ექიმ როლიესთან გაგზავნეს. სწორედ მისი ზედამხედველობის ქვეშ დაიწყო ბრეგმა პირველი შიმშილობა. პირველ ეტაპზე დაიწყეს 24 საათიანი შიმშილობით, შემდეგი 9 თვის განმავლობაში კი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 7- , 14- და 21- დღიანი შიმშილობის კურსი გაიარა.
შედეგები საოცარი იყოს.
ექიმის რეკომენდაციით შიმშილობებს შორის პერიოდებში ბრეგი ტუტოვანი დიეტას იცავდა, რომელიც ძირითადად ცოცხალი ხილის და ბოსტნეულისაგან შედგებოდა, ან მოხარშული ბოსტნეულისგან. როგორც ბრეგი წერს, შიმშილობიდან 2 კვირის შემდეგ ისეთი სიმსუბუქის და საოცარი განწყობა დაეუფლა, რომელიც ცხოვრების მანძილზე არასოდეს განეცადა.
მისი ცხოვრების ამ ეტაპმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა პოლზე, რომ გადაწყვიტა მთელი ცხოვრება ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლისთვის მიეძღვნა.
პოლ ბრეგმა მალე ბერნარდ მაკფადენი გაიცნო, ფიზიკური კულტურის დიდ პროპაგანდისტი, რომელიც გამოსცემდა ჟურნალს, რომელსაც გარეკანზე ასეთი სლოგანი ჰქონდა – „სისუსტე – ეს დანაშაულია. ნუ იქნები დამნაშავე!“ გარდა ამისა, მაკფადენის მიზანი მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულების მოძიება იყო, ამ იდეამ შთააგონა ბრეგი. მან მოიარა მთელი მსოფლიო და ეცნობოდა ყველაზე ასაკოვანი ადამიანების ცხოვრებას. თავად ბრეგი 120 წლის სიცოცხლეს გეგმავდა – „ ადამიანის ორგანიზმის ცალკეული უჯრედების ერთობლიობაა. თუ თქვენ ნორმალურად იკვებებით, თუ თქვენი საკვები აკმაყოფილებს ზრდის და ფუნქციონირების ძირითად მოთხოვნილებებს, ამ უჯრედებს უნარი აქვთ იცოცხლონ 120 წელი და მეტი“.
ამ მოგზაურობებში ბრეგი ჯანმრთელი ცხოვრების პრინციპებს ასწავლიდა ხალხს, იძლეოდა რაციონალური კვების შესახებ რეკომენდაციებს: ადარებდა ერთმანეთს სასუქების გარეშე და განსხვავებულ პირობებში მოყვანილ ხილს და ბოსტნეულს; ხელმძღვანელობდა ადამიანის, ცხოველების და მცენარეების კვების კვლევებს; წერდა სტატიებს და წიგნებს. ბრეგი დარწმუნებული იყო, რომ მისი ბავშვობის ავადმყოფობების ძირითადი მიზეზი ორგანიზმის მძიმე ინტოქსიკაცია იყო, რომელსაც არასწორი კვება იწვევდა: საკვების 90% მზადდებოდა ტაფაზე და იწვებოდა – ქათამი, ხორცი, ბეკონი, კარტოფილი. ბრეგი ყოველ დღე დარბოდა, დაკავებული იყო იოგით, შიმშილობდა, ცურაობდა ყინულიან წყალში.

ბრეგი შიმშილობა„შიმშილობის სასწაულის“ დაწერამდე რამდენიმე წლით ადრე ბრეგმა უნიკალური ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელიც შემდეგ წიგნში აღწერა: დედამიწის ერთერთი ყველაზე ცხელი მხარე – სიკვდილის ველი გადაიარა. ამ ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად ბრეგმა ათი ახალგაზრდა სპორტსმენი მოიწვია. მან მონაწილეები მარილის ტაბლეტებით და წყლით უზრუნველყო. მათთან ერთად გზაში ფურგონი მოძრაობდა, რომელიც დატვირთული იყო პურით, ფუნთუშებით, კრეკერებით, ყველით, სოსისით და სხვა პროდუქტებით. თავად ბრეგმა კი შიმშილი გადაწყვიტა. ტემპერატურა 41 გრადუსს აღწევდა, შუადღისთვის კი 54 გრადუსს მიაღწია. ახალგაზრდა სპორტსმენები სვავდნენ მარილიან ტაბლეტებს და ლიტრობით წყალს. საუზმეზე მიირთმევდნენ ლორის და ყველის სენდვიჩებს და სვავდნენ კოლას. მალე სამი მათგანი ძალიან დასუსტდა, დაეწყოთ პირღებინება და ისინი სასწრაფოდ უახლოეს რანჩოზე გაგზავნეს. დანარჩენმა შვიდმა გააგრძელეს ექსპერიმენტში მონაწილეობა და ძველებურად იკვებებოდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ხუთი მათგანი ცუდად გახდა და კუჭის სპაზმები დაეწყოთ. მოგზაურობის შეწყვეტა მათაც მოუწიათ. დარჩენილმა ორმა კი მალე მზის დარტყმა მიიღო და ვეღარ გააგრძელეს გზა. ლაშქრობა ბრეგმა მარტო დაასრულა. ის თავს სავსებით მხნედ გრძნობდა და ღამის გათევის შემდეგ იგივე მარშუტით დაბრუნდა უკან.

პოლ ბრეგი 1976 წელს 95 წლის ასაკში დაიღუპა სერფინგის დროს – ის ცუდ ამინდში უზარმაზარმა ტალღამ იმსხვერპლა. მისი სხეულის შესწავლის შემდეგ ექიმები აღიარებდნენ რომ მას ყველა ორგანო ჯანმრთელი ჰქონდა და კიდევ დიდხანს იცოცხლებდა.

პოლ ბრეგის სამი ძირითადი პრინციპი:

შიმშილობა – ის კომპლექსურად მოქმედებს ადამიანის მთელ ორგანიზმზე, აღადგენს სულს, სხეულს და გონებას. თავად კვირაში ერთ დღეს შიმშილობდა, წელიწადში ოთხჯერ 7-10 დღეს. ათდღიანი შიმშილობის დროს ჩვეულ აქტიურ ცხოვრებას აგრძელებდა – მუშაობდა, კითხულობდა ლექციებს, ისე რომ არ განიცდიდა შიმშილის გრძნობას. „შიმშილობა – ეს უძლიერესი განმწმენდავია და არა ავადმყოფობის წამალი“ – წერდა ბრეგი.
რაციონალური შიმშილი ათასობით ადამიანს დაეხმარა დაეძლია მძიმე დიაგნოზი და დაებრუნებინა ჯანმრთელობა. ბევრი 60-70 წლის ასაკში, ბრეგის სისტემით შიმშილობის დაწყების შემდეგ იწყებდა აქტიურ სპორტულ ცხოვრებას, ფიზიკურად და სულიერად ახალგაზრდებოდა, ცხოვრებას ოპტიმიზმით აღიქვავდა. თუმცა თავად ბრეგი საკმაოდ ფრთხილად ეკიდებოდა გრძელვადიან შიმშილს. დასაწყისში აუცილებელი იყო ორგანიზმი ერთდღიან შიმშილს მიჩვეოდა. გარდა ამისა, აუცილებელი მომენტი იყო თვითრწმენა, ადამიანს უნდა სჯეროდეს რომ ამ განტვირთვის დროს მისი ორგანიზმი შხამებისაგან იწმინდება. ამის შემდეგ სამდღიან შიმშილობაზე გადასვლა შეიძლება, ხოლო შემდეგ ერთკვირიანზე. უფრო დიდი ვადით შიმშილობას, ბრეგი რეკომენდაციას მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ უწევდა.
ჯანმრთელი კვება – ბრეგი თვლიდა, რომ ავადმყოფობების უმეტესობა არასწორი კვების შედეგია. ბევრი საკვები პროდუქტი ქიმიურ გადამუშვებას განიცდის და ტოქსინებითაა სავსე. ბრეგი მომხრე იყო ბუნებრივი ენერგიის შემცველი ნატურალური საკვების მიღების. ბრეგის მიხედვით იდეალური დიეტა 60% ცოცხალი ხილის და ბოსტნეულისგან უნდა შედგებოდეს, 20% ცილოვანი საკვებისგან, დარჩენილი 20% კი თავის მხრივ სამი ნაწილისგან იყოფა. პირველი – ეს ბუნებრივი სახამებელია, რომელსაც პურიდან, ბრინჯიდან, მარცვლოვნებიდან ვიღებთ. მეორე – ბუნებრივი შაქარი, რომელიც ჩირიდან, თაფლიდან და წვენებიდან უნდა მივიღოთ. მესამე – ნატურალური უჯერი ცხიმებია, ისეთი როგორც მცენარეული, ზეთისხილის და სოიოს ზეთია ან სხვა უჯერი ზეთები. ბრეგი მოითხოვდა სიგარეტი, ალკოჰოლი, შოკოლადი, ყავა, ჩაი, შაქარზე და მარილზე სრულ უარის თქმას.
ბრეგი ირწმუნებოდა, რომ შიმშილობის საშუალებით შეიძებოდა მავნე ჩვევებისაგან გათავისუფლება – „როცა სხეული იწმინდება, მისთვის აღარაა მისაღები შხამები“.

საკუთარ ორგანიზმზე მუდმივი მუშაობა – ბრეგის სისტემის მესამე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამაში ადამიანს ეხმარება ცხრა „უდიდესი მკურნალი“: მზის სხივი, სუფთა ჰაერი, ღრმა სუნთქვა, სუფთა წყალი, ბუნებრივი კვება, ფიზიკური ვარჯიშები, დასვენება, კარგი ტანადობა და გონება.
„დაე თქვენი შიშველი ფეხები შეეხებიან მიწას და შეიგრძნობენ ცოცხალ ქვებს და მსუბუქ ტალახს ფეხთქვეშ. იყავით მჭიდრო კონტაქტში დედა-მიწასთან, დაე მისი ენერგია თქვენს სხეულში ჩაიღვრება. ცივილიზაციამ ადამიანს ცხოვრება გაურთულა, მას სასათბურე პირობები შეუქმნა. ადამიანი უფრო ჯანმრთელი და ბედნიერი იყო, როცა ბუნებასთან მეგობრობდა“.

პირადი გამოცდილებიდან:

ბრეგი შიმშილიპოლ ბრეგის „შიმშილობის სასწაულმა“ საბჭოთა კავშირში 70-იან წლებში შემოაღწია თვითნაბეჭდი სახით. ის არაოფიციალურად ვრცელდებოდა. ასეთი ფორმით მოხვდა მამაჩემის და მისი მეგობრების ხელში და დიდი ინტერესიც გამოიწვია. პირველი ეტაპზე საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტების შემდეგ, რომლის შედეგებმაც შეიძლება ითქვას რომ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, ბრეგის მეთოდოლოგია და მისი კვების პრინციპები უკვე ოჯახის წევრებზე გავრცელდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბრეგის „შიმშილობის სასწაულის“ რეალური სასწაული თავად მაქვს ნანახი მამაჩემის დამსახურებით. 45 წლის ასაკში გლაუკომის მძიმე დიაგნოზით არაერთი ექიმი და პროფესორი მოიარა, მაგრამ პერსპექტივა საკმაოდ უიმედო იყო. ერთერთ პროფესორთან მორიგი ვიზიტის დროს, მისაღებში მსგავსი დიაგნოზით რამდენიმე უკვე ნაოპერაციევი და ცალთვალ დაკარგულ პაციენტთან გასაუბრებამ და შოკმა, რადიკალური გადაწყვეტილება მიაღებინა. მოსაცდელიდანვე გაბრუნდა, მკურნალ ექიმს ბიულეტენის საკუთარი სურვილით დახურვა აიძულა, მოაწერა ხელი რომ მკურნალობაზე უარს თავად აცხადებდა და შინ დაბრუნდა. ბრეგის მეთოდები უკვე ნაცადი ჰქონდა, თუმცა გამოცდილება ჯერჯერობით მხოლოდ მოკლევადიანი შიმშილობით შემოიფარგლებოდა.
შიმშილობა 15 დღე გაგრძელდა. პირველი 5 დღე სრული შიმშილი, გამოხდილ წყალზე, ხოლო დარჩენილი 10 დღე მხოლოდ საკუთარი ხელით ჩამოწურულ სტაფილოს ნატურალურ წვენს იღებდა (სტაფილოში უამრავი ვიტამინია, მათ შორის რაც მხედველობისთვის აუცილებელია). შედეგი საოცარი იყო. მხედველობა არამარტო აბსოლუტურად დაუბრუნდა, არამედ იმაზე უკეთესიც გაუხდა ვიდრე ავადმყოფობამდე. უკვე გამოჯანმრთელებული ექიმებს ეწვია, რომელთათვის ასევე დაუჯერებელი იყო 2 კვირაში მიღებული ასეთი აბსოლუტურად წარმატებული შედეგი.
მას შემდეგ წლები გავიდა, მამაჩემი ამ პრობლემას აღარასდროს შეუწუხებია, სათვალის ხმარება მხოლოდ 65 წლის შემდეგ დაიწყო. ამ წლების განმავლობაში, მუდმივად იცავდა მოკლევადიან შიმშილობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ასაკთან ერთად ჯანმრთელობის რამე პრობლემა იჩენდა თავს. იმ შემთხვევიდან მოყოლებული დღემდე – 72 ასაკში, მას არასდროს აღარ მიუმართია ექიმისთვის და არ მიუღია არანაირი წამალი (თავის ტკივილის ან გაციებისაც კი). მუდმივად ფიზიკურად აქტიურია, ბევრს მოძრაობს, ვარჯიშობს და ცხოვრების ჯანსაღი წესის მაგალითია.
მსგავსი რადიკალური ზომების მიღება მას კიდევ ერთხელ, ჩემს მცირეწლოვან ძმაზე დასჭირდა, რომელსაც არასწორად ჩატარებული სამედიცინო მკურნალობის გამო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაეწყო. როგორც თვითონ იხსენებს, დღეების განმავლობაში, ბავშვი რომ საკვებს მოეცილებინა და ჰაერზე ემყოფებინა, მასთან ერთად კილომეტრებს გადიოდა კოჯრის და წყნეთის ტყეებში. ერთერთი ასეთი კრიტიკული პერიოდის დროს ოთხი წლის ბავშვი ოთხი დღე მხოლოდ ვაშლზე ამყოფა, ისე რომ ყოველდღე 10 კმ-ს გადიოდნენ. საბედნიეროდ ყველაფერი განკურნებით დასრულდა.
პოლ ბრეგი შიმშილირა თქმა უნდა მსგავსი თვითმკურნალობა და ექსპერიმენტების ჩატარება საკმაოდ სახიფათოა და რეკომენდაცია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაუკეთო – ეს გადაწყვეტილებები უკიდურეს და უიმედო მომენტებში იქნა მიღებული. ბრეგის პოპულარიზაციის ბუმის დროს ბევრმა მიმართა მის მეთოდებს, და ვაღიარებ, რომ მსმენია როგორც წარმატებული, ასევე ცუდად დამთავრებული შედეგების შესახებ. თუმცა ცუდი ისტორიების განხილვისას და გაანალიზებისას, რა თქმა უნდა ჩანდა ის შეცდომები, რომლებიც დაშვებული იქნა თვითმკურნალობის დროს.
ამ პროცესის დროს, შემიძლია გითხრათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში უდიდეს ყურადღებას საკუთარი ორგანიზმის მიმართ, მის მოსმენას, ყველა ნაბიჯის და შემდგომი მოქმედების გონიერ განსაზღვრას. დიდი მნიშვნელობა აქვს შიმშილობის დასრულების შემდეგ, ამ მდგომარეობიდან სწორედ გამოსვლას. ზოგი სავალალო შედეგი სწორედ არასწორმა პოსტ ქმედებებმა გამოიწვია.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს რწმენას და შინაგან განწყობას, როგორც ბრეგი წერდა – უნდა გჯეროდეს, რომ შენი ორგანიზმი იწმინდება უამრავი შხამისაგან.
ჩემი რეკორდი ჯერჯერობით 48 საათიანი შიმშილია. წონის კლების პერიოდში კვირაში ერთხელ 24 ან 36 საათიან შიმშილობას ვაკეთებდი და საკმაოდ დამეხმარა ორგანიზმის ზოგად გაჯანსაღებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *