მეტაბოლიზმის დონე, ნივთიერებათა ცვლის პროცესები

მეტაბოლიზმი ანუ ნივთიერებათა ცვლა არის ქიმიური რეაქციების ერთობლიობა, რომელიც მიმდინარეობს ცოცხალ ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების უზრუნველსაყოფად. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მიღებული საკვების სასიცოცხლო ენერგიად გადაქცევის პროცესი.

არსებობს სამი ტიპის მეტაბოლიზმი: დაჩქარებული, ნორმალური და ეკონომიური.  ხშირად შურთ დაჩქარებული მეტაბოლიზმის პატრონების – ეს სწორედ ის ადამიანები არიან, ვისაც შეუძლიათ ჭამონ ყველაფერი შეუზღუდავი რაოდენობით და ერთი ზედმეტი კილოგრამიც კი არ მოიმატონ წონაში. ნორმალური მეტაბოლიზმი აქვთ საშუალო აღნაგობის ადამიანებს, ისინი კარგ ფორმას ინარჩნებენ და არ იმატებენ წონაში, თუ თავს არიდებენ გადაჭარბებულ კვებას და ზომიერად აქტიურობენ.

კარგი ფორმების შენარჩუნება ყველაზე ძნელია შენელებული მეტაბოლიზმის დონის შემთხვევაში. მცირე გადაჭარბება კვებაში საკმარისია ზედმეტი კილოგრამების დასაგროვებლად. საკვები პროდუქტების დაშლის და სინთეზის პროცესები მათ ორგანიზმში ძალიან ნელა მიმდინარეობს.

ნივთიერებათა ცვლა შეგვიძია ორ ნაწილად დავყოთ – ერთი ესაა მეტაბოლიზმი სრული სიმშვიდის დროს, ანუ ის ენერგია რომელიც ორგანიზმს სჭირდება მაშინაც კი თუ მთელი დღე არ აქტიურობთ და ეს ენერგია სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობისათვისაა საჭირო, მეორე კი ენერგია რომელიც თქვენ ფიზიკური დატვირთვებისთვის, მოძრაობისთვის და აქტიურობისათვის გჭირდებათ.

ძალიან მნიშვნელოვან პარამეტრად ითვლება სიმშვიდის დროს (იგივე ძირითადი) მეტაბოლიზმის დონის მაჩვენებელი. სწორედ ეს მაჩვენებელი შეადგენს მთლიანი ენერგეტიკული ფონდის 75%-ს  და იგულისხმება ის ენერგია, რომელიც საჭიროა სიმშვიდის დრო ისეთი სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობისათვის როგორიცაა გულისცემა, სუნთქვა, სხეულის ტემპერატურა, საჭმლის გადამუშავება.

მოზრდილი ადამიანის ძირითადი ნივთიერება ცვლა საშუალოდ შეადგენს 1კკალ სხეულის მასის 1კგ-ზე 1 საათის განმავლობაში. ამ მაჩვენებლის სიდიდე დამოკიდებულია ასაკზე, სიმაღლეზე, მასაზე და ბევრ სხვა ფაქტორზე. ის შეიძლება შეიცვალოს ჭარბი ან დეფიციტური კვების დროს, დიდი ან არასაკმარისი ფიზიკური აქტიურობის დროს, კლიმატური ფაქტორების გავლენის დროს, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქიის დარღვევისას და სხვა მიზეზების გამო. ძირითადი მეტაბოლიზმის დონე ერთი და იგივე ადამიანისათვის სხვადასხვა დღეების პერიოდში შეიძლება დაახლოებით 10%-ით განსხვავდებოდეს.

ძირითადი ნივთიერებათა ცვლის დონე მოზრდილ ადამიანს ყოველ 10 წელიწადში 7-10%-ით უმცირდება.

გარდა ამისა, ის იცვლება სეზონების მიხედვითაც. ითვლება რომ ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება ზამთარში და ამის გამო წელიწადის ამ დროს წონის დაგროვება ადვილად ხდება. შესაბამისად ეს არც ისე კარგი დროა დიეტის დასაწყებად, რადგან ბუნება ხელს არ გიწყობთ.

ნივთიერებათა ცვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ტვინის ქსოვილებში, კუნთებში და მუცლის ღრუს ორგანოებში. სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველსაყოფად ენერგიის დანახარჯი ასეთ ორგანოებში გაცილებით დიდია, ვიდრე მაგალითად ცხიმოვან ქსოვილებში ან ძვლებში, სადაც ნივთიერებათა ცვლა ნელა მიმდინარეობს.

ამ პროცესებში განსაკუთრებულ როლს თამაშობს კუნთოვანი ქსოვილები, რომლის განვითარების ხარისხი და მასა სხვადასხვა ადამიანებს საკმაოდ განსხვავებული აქვთ. მათ ვისაც კარგად განვითარებული მუსკულატურა აქვთ, მათი ორგანიზმი სიმშვიდის დროსაც კი გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს (მოიხმარს მეტ კალორიებს), ვიდრე ნაკლები კუნთოვანი ქსოვილის მქონე ადამიანების. კარგად განვითარებულ კუნთოვან ქსოვილსა და ძირითად მეტაბოლიზმს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს: ერთი და იგივე მასის და სიმაღლის ორ ადამიანს შორის, გამხდარი და კარგი მუსკულატურის ადამიანი მოიხმარს 10-15%-ით  მეტ ენერგიას ძირითადი მეტაბოლიზმისათვის, ვიდრე სრული და მოშვებული სხეულის პატრონი. შენიშვნის სახით მინდა აღვნიშნო, ვისთვისაც შეიძლება ახალი იყოს, ერთი და იგივე მოცულობის კუნთოვანი მასა უფრო მეტს იწონის, ვიდრე ცხიმოვანი, ამიტომ გარეგნულად გამხდარი და კუნთოვანი ადამიანის მასა შეიძლება იგივე იყოს, რაც მასთან შედარებით ჭარბწონიანის.

ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა ცხიმოვან ქსოვილში 3-ჯერ დაბალია, ვიდრე ორგანიზმის დანარჩენ მასაში. ცხიმოვანი ქსოვილის თითოეული გრამი წვავს 25-30%-ზე ნაკლებ ენერგიას, ვიდრე სხვა „საშუალოსტატისტიკური“ ქსოვილის მასის ერთი გრამი. მეორე ხარისხის სიმსუქნის ენერგოდანახარჯები ერთ კილოგრამზე 20-25%-ით დაბალია, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების, ხოლო მესამე ხარისხის სიმსუქნის კი 30%-ით. ამიტომ ჭარბწონიანობის დროს ნივთიერებათა ცვლის ძირითადი მაჩვენებელი იზრდება შედარებით ნელა, ვიდრე სხეულის წონა.

მეტაბოლიზმის დონე ქალებს უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე კაცებს. ერთი და იგივე სიმაღლის დროს ქალს უფრო ნაკლები აქვთ კუნთოვანი მასა, ნაკლებად აქვთ განვითარებული კუნთოვანი სისტემა, ხოლო ცხიმოვანი ქსოვილი კი მეტად. ეს ყველაფერი არის მიზეზი, რომ ძირითადი ნივთიერებათა ცვლის დონე ერთ კილოგრამ სხეულის მასაზე ქალს უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე მამაკაცს. შესაბამისად ძირითადი მეტაბოლიზმისათვის ქალს ნაკლები ენერგია სჭირდება, ვიდრე იგივე წონის კაცს. საშუალოდ ეს განსხვავება 5-6%-ს შეადგენს.

ძირითადი ნივთიერებათა ცვლის დონე დამოკიდებულია ასევე კვების რეჟიმზე. კვების ხანგრძლივი შეზღუდვა ან ჭარბი კვება მნიშვნელოვან ცვლილებას ახდენს ამ მაჩვენებელზე.

კვების ხანგრძლივი შეზღუდვის, შემცირების და დაბალკალორიული დიეტების დროს ძირითადი მეტაბოლიზმის დონე მცირდება.  ამის მიზეზია ის, რომ ასეთი დიეტების დროს ცხიმზე მეტად ხდება კუნთოვანი მასის დაკარგვა, გარდა ამისა ორგანიზმი გადადის ენერგიის ეკონომიურ ხარჯვაზე. ამიტომ ეცადეთ მოერიდოთ კალორაჟის მკვეთ კლებას, გაცილებით ოპტიმალურია დიეტები 1200-1500 კალორაჟის მოცულობით. დიეტა უნდა იყოს დაბალანსებული და შეიცავდეს ხილს, ბოსტნეულს, მარცვლოვნებს, რთულ ნახშირწყლებს, ცილებს. შემცირებული მეტაბოლიზმის დონე არის მიზეზი, რის გამოც დიეტის შეწყვეტის შემდეგ ხდება წონაში სწრაფი მატება.

მეტაბოლიზმის დონის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია, ის მეტი კალორიების ხარჯვას ნიშნავს და ჭარბი წონისგან თავის დაცვის კარგი საშუალებაა. ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარება შეგიძლიათ ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად უვნებელი საშუალებებით და ეს რეალურია – თუმცა ამაზე მომდევნო თემაში – პროდუქტები, რომლებიც ზრდიან მეტაბოლიზმის დონეს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.