კალორიების თვლის დიეტა – დიეტოლოგის მოსაზრებები

ზედმეტ კილოგრამებთან საბრძოლველად უამრავი დიეტა არსებობს და მათ შორის ძალიან პოპულარულია კალორიების თვლის დიეტა. პრინციპი ძალიან მარტივია. ითვლი რამდენ კალორიას იღებ ყოველდღიურად, რამდენი კალორიიით გჭირდება რაციონის შემცირება, იმისათვის რომ დაიწყოს წონის კლება და იანგარიშებ ამას სასურველ დროში – ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კალკულატორები, რომლებიც ჩვენს საიტზეც შეგიძლიათ ნახოთ. მაგალითად, თუ თქვენ გამოითვლით, რომ წონის დასაკლებად გჭირდებათ დღეში 1200 კალორიის მიღება, თითოეული საკვები პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების გამოთვლით შეადგენ რაციონს, რომელსაც მთელი დღის კვებაზე გადაანაწილებ. კვების რაოდენობის შემცირებას, რა თქმა უნდა გვერდს ვერ ავუვლით კლების პროცესის დროს, რადგან ჭარბი წონის მიზეზი, უმეტესად უკონტროლო მოცულობის რაციონი და ზედმეტი ჭამა ხდება. თუმცა ხშირად წონის პრობლემის დასაძლევად ბევრი მეორე უკიდურესობაში ვარდება – ბრძოლას უცხადებს კალორიებს და აქცენტს მხოლოდ მის რაოდენობაზე აკეთებს, საკვების შემადგენლობას კი ყურადღებას ნაკლებად აქცევს.

რა არის კალორია და ასე მარტივადაა თუ არა საქმე, როგორც კალორიების თვლის მომხრეები მიიჩნევენ – მხოლოდ რაოდენობის შემცირებაც საკმარისია წარმატებული შედეგის მისაღწევად.

ამ საკითხში ნათელის შესატანად ცნობილი დიეტოლოგის ა.კოვალკოვის პუბლიკაციას გამოვიყენებ, სადაც საკმაოდ კარგადაა ჩამოყალიბებული კალორიების თვლის მეთოდოლოგიის შეცდომები და სუსტი წერტილები. ორი სიტყვით თავად ავტორის შესახებ –  ის პროფესიით ექიმია, დიეტოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, „წონის კორექციის კლინიკის“ ხელმძღვანელი, მუშაობდა აშშ-ს და ისრაელის კლინიკებში, არის დასახელებული რუსეთის ხუთ საუკეთესო დიეტოლოგთა შორის, როგორც თავად განაცხადა – „ბევრი ვარსკვლავი აცხადებს რომ დაიკლო დიეტის საშუალებით, თუმცა უფრო დაწვრილებით თუ ჩაეკითხებით, აღმოაჩენთ, რომ ის დიეტა ჩემი შედგენილი გახლდათ“. თავად საკუთარი მეთოდოლოგიის წყალობით ნახევარ წელიწადში 50 კილოგრამი დაიკლო.

 ვისაუბროთ კალორიების შესახებ

ერთი კალორია არის ის ენერგია, რომელიც საჭიროა 1 გრ. წყლის 1 გრადუსით გასათბობად

დღესდღეისობით გახდომის მსურველთა უმეტესობა ცდილობს ზედმიწევნით ზუსტად ითვალოს კალორიები, თუმცა ამას აბსოლურად ტყუილად აკეთებენ, რადგან მიღებული კალორიების რაოდენობა (მხოლოდ რაოდენობა! – ფიტნის შენიშვნა) არაფერზე არ ახდენს განსაკუთრებულ გავლენას.

გაგიკვირდათ?

საქმის არსი არა საკვების რაოდენობაში (კალორიებში), არამედ მის შემადგენლობაშია – ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების პროპორციებში. უმთავრესად კი – ნახშირწყლებში. სწორედ ისინი, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გარდაიქმნებიან გლუკოზაში, რაც ერთის მხრივ გვაძლევს ენერგიას, მეორე მხრივ კი სისხლში შაქრის დონეს ზრდის და ცხიმოვანი ფენების წარმოქმნის მიზეზი ხდება.

მე ვთვლი, რომ წონაში კლების თეორია, რომელიც დაბალკალორიულ დიეტაზეა დაფუძნებული, არის ყველაზე დიდი შეცდომა დიეტოლოგიის სფეროში. ამ გამარტივებულ ჰიპოთეზას არავითარი რეალური მეცნიერული საფუძვლები არ გააჩნია.

გავიხსენოთ ისტორია.

1930 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის ორმა ამერიკელმა ექიმმა – ნიუბორგმა და ჯონსტონმა, ერთერთ პუბლიკაციაში წამოაყენეს იდეა, იმის შესახებ, რომ „სიმსუქნე – ეს არის კალორიებით მდიდარი საკვები პროდუქტების გამოყენების შედეგი“. რადგან, იმ პერიოდისათვის არ არსებობდა არცერთი თეორია, რომელიც მეცნიერული თვალსაზრისით ახსნიდა ჭარბი წონის დაგროვების მიზეზებს, ამიტომ როგორც კი ამ ნამუშევარმა დღის შუქი იხილა, ის ყოველგვარი დიდი განხილვების გარეშე უეჭველ სამეცნიერო დოგმად მიიღეს. მიუხედავად უკანასკნელ წლებში გაკეთებული აღმოჩენებისა, მათი თეორია შეტანილია და წამყვანი ადგილი უკავია დასავლეთის ქვეყნების ბევრი სამედიცინო ინსტიტუტების სასწავლო პროგრამაში.

რა არის კალორიები, რომლის შესახებაც ამდენს საუბრობენ?

პროდუქტის კალორიულობის განსაზღვრა ძალიან მარტივად ხდება: მას წვავენ ე.წ. „კალორიულ ბომბში“ და ითვლიან გამოყოფილი სითბოს რაოდენობას კალორიებში. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ კალორიულ ბომბში შეიძლება ტაბურეტის ჩადებაც და ის ჩვეულებრივ გამოყოფს განსაზღვრულ კილოკალორიებს. თუმცა აქედან არ გამომდინარეობს ის, რომ ტაბურეტს გააჩნია საკვები ღირებულება და ის, რომ ადამიანის ორგანიზმი კალორიული ბომბის მსგავსია. მასში არ იწვება ყველაფერი, რასაც ჩააგდებთ. რაღაც პროდუქტები აითვისება ნაწილობრივ, ზოგი კი საერთოდ არ აითვისება.

რამდენიმე ათეული წლის წინ აკადემიკოსმა ა.უგოლევმა გამოაქვეყნა თავისი ცნობილი კვების თეორია. ამ თეორიის მთავარი დებულება ასე ჟღერდა: კვების რაციონის კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანახარჯებს.

გავიდა დრო და ამ თეორიამ ცვლილებები განიცადა. აღმოჩნდა რომ სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვანაირად ითვისებს მიღებულ კალორიებს, მაგალითად:

–   უჯრედისის მნიშვნელოვანი რაოდენობა (მათ შორის ხსნადი) ხელს უწყობს ათვისების შემცირებას, შესაბამისად ორგანიზმში ზედმეტი კალორიების მოხვედრას.

–  საკვებში არსებული ზოგიერთი მიკროელემენტი ზეგავლენას ახდენს ნივთიერების წვრილ ნაწლავში შეწოვაზე. მაგალითად, ლ.ფაკამბის სამეცნიერო შრომებმა აჩვენა, რომ „მწიფე“ ყველი გამოირჩევა კალცის დიდი შემცველობით, აკავებენ ცხიმების ნაწილს და აფერხებენ ნაწლავებში მათ შეწოვას. შესაბამისად, ამ ცხიმების ნაწილი, შესაბამისად კი კალორიები, არ ხვდება ორგანიზმში და გამოიყოფა ფეკალიებთან ერთად.

– სხვადასხვა სახის ცხიმები სხვანაირად შეითვისება. მაგალითად, გაჯერებული ცხოველური ცხიმები შეითვისება და გარდაიქმნება ადამიანის ცხიმად გაცილებით უკეთ, ვიდრე ნახევრადგაჯერებული მცენარეული ცხიმები, რომლებიც პრაქტიკულად არ მონაწილეობენ ცხიმის წარმოქმნაში.

–  ნახშირწყლების, ცხიმების და ცილების შეთვისება კუჭ-ნაწლავის მიერ რამდენადმე იცვლება დღეღამის დროის, წელიწადის სეზონის და ასევე იმ საკვები პროდუქტის შემადგენლობასთან ურთიერთქმედებაში, რომელთან შეხვედრაც უწევთ კუჭ-ნაწლავში მოხვედრისას.

ამგვარად, კალორიების თეორიის ძირითადი მიდგომა ასე ყალიბდება: „ინდივიდუალური ორგანიზმის მიერ სხვადასხვაგვარად ათვისებული საკვები რაციონის კალორიულობა, უნდა შეესაბამებოდეს ენერგეტიკულ დანახარჯებს“.

სამწუხაროდ, კალორიულობის თეორიამ მთლიანად მოიცვა თანამედროვე დიეტოლოგების გონება, რადგან ის საშუალებას იძლევა მოხერხებული მარტივი სახით შეფასდეს საკვები პროდუქტების ენერგეტიკულობა. ის, რომ ეს ციფრების შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვადასხვა ადამიანებისათვის, ეს ნაკლებად აინტერესებთ.

მაშ ასე. ამ თეორიის თანახმად, თუ ადამიანის ენერგეტიკული დანახარჯი დღეში 2500 კალორიას შეადგენს და ის ღებულობს მხოლოდ 2000 კალორიას, იმისათვის რომ 500 კალორიის დეფიციტი შეივსოს, ორგანიზმი ამ დანაკლისს ცხიმოვანი მარაგებიდან ინაზღაურებს. ამის შედეგად მოხდება წონის კლება. და მეორე სიტუაცია, თუ ადამიანი ყოველდღე მოიხმარს 3500 კალორიას, ნაცვლად საჭირო 2500-სა, მაშინ ეს 1000 ზედმეტი კალორია ავტომატურად ცხიმოვან რეზერვებად იქცევა. როგორც ხედავთ საკმაოდ მარტივი არითმეტიკაა. სწორედ ამ სიმარტივის და ხელმისაწვდომობის გამო კალორიების დათვლის თეორია დღემდე ბევრი დიეტოლოგის პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება.

ასეთ შემთხვევაში მინდა შეგეკითხოთ, როგორ გადარჩა ხალხი ცოცხალი საკონცენტრაციო ბანაკებში, რომლებიც დამქანცველი შრომის პარალელურად დღეში სულ მხოლოდ 200-დან 400 კალორიამდე იღებდა? თუ ეს თეორია სწორია, მაშინ ისინი ძალიან მალე უნდა დაღუპულიყვნენ, როგორც კი მთელ ცხიმოვან მარაგებს ამოწურავდნენ. დიახ, ისინი ძალიან ხდებოდნენ, მაგრამ აგრძელებდნენ ცხოვრებას. ბლოკადის დროს ლენინგრადის მაცხოვრებლები? რამდენი დღე გაძლეს მიზერულ ულუფებზე?

ასევე მინდა გითხრათ ზოგიერთ კარგი ჭამის მოყვარულზე, დღეში 4000-5000 კალორიას რომ იღებს და არასდროს არ აქვთ ჭარბი წონის პრობლემა. უფრო მეტიც, მათ შორის ბევრი გამხდარი ადამიანია. კალორიების თეორიის თანახმად, ამ „ღორმუცელებმა“ რამდენიმე წელიწადში 400-500 ზედმეტი კილოგრამი უნდა აკრიფონ. როგორ ავხსნათ, რომ ზოგიერთი მიუხედავად საკვების რაოდენობის და შესაბამისად კალორიულობის შემცირებისას აგრძელებენ წონაში მატებას?

დავუშვათ, ყოველდღიურად 2500 ნორმის შემთხვევაში, ადამიანი იღებს ზუსტად ამ რაოდენობას. თუ მოულოდნელად კალორიების რაოდენობა 2000-მდე შემცირდება, ორგანიზმი დაიწყებს ამ დეფიციტის კომპენსაციას ცხიმოვანი რეზერვებიდან. მოხდება წონის დაკლება – ლოგიკურია. მაგრამ ამის შემდეგ თქვენი ორგანიზმი, რომელსაც ბუნებით თან დაყვა შემგუებლობის უნარი, რამდენიმე დღეში მოერგება ახალი კალორიების რაოდენობას. ირთვება ერთი შეხედვით უხილავი ორგანიზმის დაცვის და რეზერვის მექანიზმები. შეიძლება უმნიშვნელოდ დაიკლოს ორგანიზმის ტემპერატურამ, ოდნავ ნაკლები იყოს გულისცემა, უფრო ნელი და ეკონომიური გახდეს მოძრაობები, – და ადამიანი აგრძელებს მშვიდად ცხოვრებას 2000 კალორიაზე. ამის შემდეგ წონის კლება ბუნებრივია შეწყდება. თუმცა ეს ყველაფერი არაა.
საქმე იმაშია, რომ ჩვენმა ორგანიზმმა ევოლუციის შედეგად, შემგუებლობის უნარი გამოიმუშავა, რომელიც რეზერვების შექმნაზე მიმართული. თუ მას მხოლოდ 2000 კალორიას მივაწოდებთ, ის უბრალოდ შეამცირებს ენერგეტიკულ დანახარჯებს, ასე დავუშვათ 1700 კალორიამდე, ხოლო განსხვავებას 300 კალორიის სახით ის რეზერვად შეინახავს. აქ ხდება პარადოქსალური რამ, ადამიანი ჭამს ნაკლებს (მისი ორგანიზმი, შესაბამისად იღებს ნაკლებ კალორიას), მაგრამ იწყებს ნელ-ნელა მატებას. გარკვეული წონის კლების შემდეგ, იწყება აღდგენა, ხანდახან კი საწყისი წონის გადაჭარბებაც. ამასთან ეს პროცესი ყველასთან სხვადასხვანაირად მოხდება. ამიტომ არ შეიძლება დაბალკალორიული დიეტის გამოყენება, ისე რომ არ დაინტერესდე მისი შემადგენლობით და არ იცოდე კონკრეტული ადამიანის ორგანიზმის რეაქციის თავისებურებები.

საკვების მიღების პროცესი შეიძლება პირობითად სამ ნაწილად დავყოთ:

  1. მექანიკური დამუშავება (დაქუცმაცება)
  2. მონელება
  3. შეწოვა

არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ეტაპები სხვანაირად აქვს მოწყობილი.

ეს ყველაფერი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ადამიანი შეითვისებს საკვები ნივთიერებების 99%-ს, მეორე კი არაუმეტეს 30%-ს. ერთი ადამიანის შემთხვევაში ეს ნივთიერებები ენერგეტიკული მოთხოვნილებების შესავსებად წავა, სხვას კი ცხიმის სახით ჩაულაგდება. დღესდღეისობით ბევრი პროგრესული დიეტოლოგი ამტკიცებს: „იმისათვის, რომ გახდეთ არაა საკმარისი რაციონის კალორიულობა შეამციროთ, ამასთან ერთად აუცილებელია შეცვალოთ მისი შემადგენლობა“. ამაში მდგომარეობს ჭარბ წონასთან ბრძოლის თანამედროვე საფუძვლები.

მაშ ასე, რაციონალური კვების პრობლების მიმართ თანამედროვე მიდგომა – ის არ იფარგლება მხოლოდ კალორიების ზუსტი კალკულაციით, საჭიროა ინდივიდუალური დაბალანსებული რაციონის გამოთვლა მიკრო და მაკროელემენტების გათვალისწინებით. მათი დეფიციტი გადაჭარბებული ჭამის პროვოცირებას ახდენს, რადგან ორგანიზმი ცდილობს მათი სიმცირის კომპენსირებას. ამიტომ აუცილებელია განისაზღვროს კვების ყველა კომპონენტის საკმარისი რაოდენობით მიწოდება. წონის ისევ მატება, სადღაც ამოკითხული დიეტების დაცვის შემდეგ, მდგომარეობს იმაში, რომ რაციონიდან გარკვეული პროდუქტების ამოღებით, თქვენ არ იღებთ საკმარისი რაოდენობით იმ ნივთიერებებს  რომელსაც ისინი შეიცავენ. ამ დანაკლისს ორგანიზმი თავისი რეზერვებიდან მოიხმარს. როცა უბრუნდებით ჩვეული კვების რეჟიმს, ორგანიზმი, რომელმაც სტრესი გადაიტანა დიეტის გამო, გაორმაგებული ძალებით იწყებს დახარჯული ნივთიერებების აღდგენას. ეს კი იმაზე მეტი წონის აკრეფვას ნიშნავს, ვიდრე ადრე დაკარგეთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.