ტკბილი სიკვდილი – მავნებელია თუ არა შაქარი?

შაქრის შესახებ არსებობს ასეთი გავრცელებული გამონათქვამი: „შაქარი – ტკბილი სიკვდილია!“

რატომ დაიმსახურა ამ გემრიელმა პროდუქტმა ასეთი მკაცრი შეფასება?

შაქარი ერთის მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია, მიეკუთვნება ნახშირწყლებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის ფუნქციონირებისათვის, მაგრამ მეორე მხრივ შეუძლია საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას და მისი ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში ცხიმების დაგროვების მიზეზად იქცეს.

ამიტომ საჭიროა დასაწყისშივე განვასხვავოთ რაფინირებული გადამუშვებული თეთრი შაქარი და შაქარი ბუნებრივი ნატურალური ფორმით, რომლიც მოიპოვება ხილში, ბოსტნეულში, თაფლში.

ჩვენი ჯანმრთელობისთვის სახიფათო სწორედ რაფინირებული დამუშავებული შაქარია, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ – ჩაის და ყავის სმისას, მისით უხვად გაჯერებულია სხვადასხვა ტკბილი გაზირებული წყლები, ლიმონათები, კოკა-კოლა და მისი მსგავსი სასმელები, იგივე ითქმის ვითომ ნატურალურად წოდებულ ქარხნულ წვენებზე,  შაქარი უხვადაა საკონდიტრო ნაწარმში, ტორტებში, ნამცხვრებში, ფერად-ფერადი კანფეტებში და საღეჭი რეზინებში.

სხვათა შორის ერთ-ერთ საიტზე ძალიან საინტერესო სტატიას წავაწყდი, სადაც აღფრთოვანებულები წერდნენ, რომ შაქრის კვლევის საერთაშორისო ასოციაციამ (თურმე ასეთიც არსებობს) დაადგინა, რომ შაქარი სულაც არ ყოფილა ჯანმრთელობისათვის სახიფათო. არგუმენტის სახით კითხულობდნენ, იცით თუ არა რატომაა ასე ტკბილი საზამთრო ან სტაფილო? – ის შაქარს შეიცავს! სამწუხაროდ აღფრთოვანებულ ავტორს, არ დაუზუსტებია, რომ ხსენებული საზამთრო შეიცავს ადვილად ათვისებად შაქარს  (გლუკოზა, ფრუქტოზა, სახაროზა) და არა რაფინირებულს. დამწიფების პროცესში საზამთროში ჭარბობს ფრუქტოზა და გლუკოზა, ხოლო შენახვის პროცესში კი იზრდება სახაროზის წილი. ამ ტიპის შაქარი არაა საშიში ჯანმრთელობისათვის, ის ბუნებრივი წარმოშობისაა, მიუხედავად იმისა, რომ ჭარბი რაოდენობით შეიძლება წონის მატების მიზეზიც გახდეს. რასაც ვერ ვიტყვით რაფინირებულ შაქარზე. აღნიშნულ საიტს რაც შეეხება … მას შემდეგ რაც შევამჩნიე, რომ თურმე საკონდიტრო ნაწარმის რეცეპტების გვერდზე მოვხვედრილვარ, სტატიის დანიშნულების მიზეზი ნათელი გახდა.

შაქრის მავნებლობა100გრ. შაქარი 387 კკალორიაა. მისი 99,9% ნახშირწყლებია.

თეთრ რაფინირებულ შაქარს „ცარიელ ნახშირწყლებს“ უწოდებენ, რადგან გადამუშავების და რაფინირების პროცესში იკარგება ყველა სასარგებლო მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები, რაც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება. ამგვარად, იქმნება ძირითადი მინერალური მარილების დეფიციტი და ამინომჟავების დისბალანსი საკვებ რაციონში. ამას მივყევართ კალცის და სხვა მიკროელემენტების ბალანსის დარღვევამდე, რომელთა გარეშეც არ ხდება ვიტამინების ათვისება და ეს იწვევს ნივთიერებათა ცვლის ზოგად დარღვევას. აქედან მოდის – სიმსუქნე, დიაბეტი და სხვა არანაკლებ სერიოზული დაავადებები.

რაფინირებული შაქრის ათვისებაზე იხარჯება დიდი რაოდენობით კალცი და B ჯგუფის ვიტამინები, ამ უკანასკნელის დეფიციტი კი სხვადასხვა ნერვული დაავადებების მიზეზი ხდება.

რაფინირებული შაქარი  უცხოა ჩვენი ორგანიზმისთვის. მისი მასიური მოხმარება მე-20 საუკუნის მეორე მეოთხედიდან ინდუსტრიალური რევოლუციის შედეგად შემოვიდა.

შაქარი მავნებლობა ნახშირწყლებიბევრი დაავადება, რომელიც დღეს ასე ხშირად გვხვდება, 200 წლის წინ პრაქტიკულად უცნობი იყო. 1912 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში მოყვანილი მონაცემებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები იმდენად იშვიათი მოვლენა იყო, რომ მათ ფაქტიურად არც შეისწავლიდნენ. გამოკვლევები 1912 წელს დაიწყო და მაშინაც ეს დაავადებები არ იყო ფართოდ გავრცელებული.

მაშ რა შეიცვალა ასე რადიკალურად იმ პერიოდის მერე?

უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება (სხვა რამდენიმე ფაქტორთან ერთად) ეს კვების რაციონის ცვლილებაა, კონკრეტულად კი შაქრის მოხმარების ზრდაა. სტატისტიკის მიხედვით მე-18 საუკუნის ბოლოს შაქრის წლიური მოხმარება ერთ ადამიანზე 20 ფუნტზე ნაკლებს შეადგენდა, მე-19 საუკუნის ბოლოს 63 ფუნტს, ხოლო დღესდღეისობით, ანუ დაახლოებით 100 წლის შემდეგ – 152 ფუნტს!

მეცნიერების უკანასკნელი კვლევები ადასტურებს იმ ფაქტის, რომ არცერთი პროდუქტი ისე არ უწყობს ხელს ავადმყოფობის განვითარებას და ორგანიზმის დაბერების პროცესს ხელს, როგორც შაქარი. შაქარი და მისი დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები, სულაც არაა ის „ენერგეტიკული ბომბი“, რასაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ათასგვარი რეკლამის საშუალებით გვარწმუნებენ. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აგორებულმა კამპანიამ და ცხიმების ჭარბწონიანობის მთავარ მიზეზად გამოცხადება, ფაქტიურად დაჩრდილა შაქრის მავნებლობის პრობლემა.

სამედიცინო ლიტერატურა მოწმობს, რომ არსებობს 60 დაავადებაზე მეტი, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია შაქრის გამოყენებასთან. ამ დაავადებების სიას მიეკუთვნება კიბო, ასთმა, ალერგია, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებები.

ტკბილეულის მოყვარულებს ხშირად „მშრალ ალკოჰოლიკებადაც“ მოიხსენიებენ.

ის ბავშვები, ვინც ნახშირწყლებს არ ღებულობს ბუნებრივი ფორმით (ხილი, ჩირი, ტკბილი ბოსტნეული, თხილეული, მზესუმზირა, თაფლი) და აქვს ლტოლვა კანფეტების, შოკოლადის, ნაყინის და მსგავსი საკონდიტრო ტკბილეულის მიმართ, თანდათან ეჩვევიან შაქრის ამ მავნე შემცვლელებს. არსებობს მოსაზრება, რომ ასეთ ბავშვებს  მოზარდობის ასაკში, ადვილად უვითარდებათ მიდრეკილება ალკოჰოლური სასმელების მიმართ.

ტკბილი ნარკოტიკი შაქარიგანსაკუთრებით მავნეა ის პროდუქტები, რომლებიც ერთდროულად შეიცავს ცხიმებს და შაქარს, მაგალითად, ფხვიერი ცომის ნამცხვრები. შაქარი მიმზიდველი „საწვავია“ ორგანიზმისთვის, ამიტომ სანამ შაქარი კვებავს ორგანიზმს ენერგიით, ცხიმები მშვიდად ლაგდება თეძოებზე, მუცელზე და სხვა პრობლემურ ადგილებზე. მოუხმარებელი, ჭარბად მიღებული შაქარი (ანუ ნახშირწყლები) კი ფერმენტაციის გზით ცხიმად გადაიქცევა და ისიც ორგანიზმში ინახება.

ტკბილეულს “მსუბუქ ნარკოტიკებსაც” უწოდებენ, რადგან ისინიც მიჩვევას იწვევენ. მათგან ზოგიერთი, მაგალითად შოკოლადი, ენდორფინების მოზღვავებას იწვევს და ამით მსუბუქი ბედნიერების შეგრძნებას ქმნის. აი ამიტომ უჭირთ ტკბილეულის მოყვარულებს უარის თქმა ამ ცდუნებაზე.

როგორც დასაწყისში ვთქვით, შაქარი აუცილებელია ორგანიზმისათვის და უარს ვერ ვიტყვით. ოღონდ არჩევანი ბუნებრივი შაქრის ფორმაზე უნდა გავაკეთოთ – ხილი, ბოსტნეული, ჩირი, თაფლი, თხილეული, რომლებიც ორგანიზმს არ ავნებენ. თუმცა ზომიერება რა თქმა უნდა აქაც უნდა დავიცვათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.