თოკით ხტომა სიმაღლიდან

გივი მურვანიძე: ზიარება ექსტრემალურ სპორტთან

ბავშვობიდან მქონდა სპორტის სიყვარული, მიდრეკილება, მაგრამ ექსტრემალური სპორტის სახეობებით არასოდეს დავინტერესებულვარ… მეტიც, ცოტა ირონიით ვუყურებდი ექსტრემალებს, ვერ ვხვდებოდი რა სიამოვნება უნდა მიეღოთ სახიფათო ქმედებების ჩადენის შედეგად… თხილამურები რომ თხილამურებია, მასზე დგომაც კი არ მიზიდავდა… ერთადერთი პარაშუტით გადმოხტომის ოცნება მქონდა სულ, მაგრამ სურვილის განხორციელების შესაძლებლობა არ მომცემია. არასოდეს მეგონა, რომ ოდესმე დავინტერესდებოდი ექსტრემალური სპორტის სახეობებით, მაგრამ აღმოჩნდა რომ ტყუილი არ ყოფილა ცნობილი გამოთქმა – “არასოდეს თქვა არასოდეს”-ო…

ჩემი პირველი ზიარება ექსტრემალურ სპორტთან სულ რაღაც ერთი წლის წინ მოხდა, სრულიად შემთხვევით… საქმე ის იყო, რომ ერთ მშვენიერ ორშაბათ დღეს, ჩემი მეგობარი თანამშრომელი გოგონა სამსახურში მოვიდა და მოყვა, თუ როგორ გადმოხტა თოკით მაღლივის ხიდიდან გასულ კვირას (Rope Jumping) და აღწერდა იმ შეგრძნებებს რაც განიცადა… უფრო სწორად ვერ გადმოსცემდა და სრულად რომ ვერ გადმოსცემდა ეტყობოდა… მაშინვე ცხოველური ინტერესი გამიჩნდა და მომენტალურად გადავწყვიტე, რომ მეც უნდა გადავმხტარიყავი…. ერთი დღით ადრე რომ შემოეთავაზებინა ვინმეს გადმოხტომა, კარგად დავცინებდი, სადა მაქვს მოსაკლავი თავი მეთქი, მაგრამ ეს გოგონა რომ გადმოხტა, გადმოხტომის ჟინმა მეც შემიპყრო… თან ეს ჩემი მეგობარი ლამაზი, ნაზი, უსაყვალესი გოგონაა და ნათია თუ გადახტა მე როგორ ვერ გადავხტები მეთქი ((-:
მოკლედ, დაახლოებით ორი კვირა დღეებს ვითვლიდი, რომ მეც გადავხტარიყავი…
დადგა ნანატრი დღეც და ავიყოლიე ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და გავეშურე ხიდისკენ…
მაგ დღეს დაემთხვა ის ფაქტი, რომ ექსტრემის კვირეული იყო, ეგ დღე ხიდიდან წელვადი თოკით ხტომას (Bungee Jumping) ეთმობოდა და უამრავი ხალხი იყო შეკრებილი – გადახტომის მსურველები, სეირის მაყურებლები, ჟურნალისტები…
და რამდენიმე საათს მომიწია ლოდინი…
ამ დროის მანძილზე ბევრის გადახტომას ვუყურე და ერთი წამითაც არ მიფიქრია უკან დახევაზე…
და დადგა ჩემი დროც…
დამიმაგრეს გადასხტომი აღჭურვილობა… გავემართე მოაჯირისკენ… და არ ვღელავ…
მერე გადავედი მოაჯირზე და ქვემოთ რომ ჩავიხედე, მანდ კი მაგრად შემეშინდა…
რა აზრმა აღარ გამიელვა თავში…
არადა ორი კვირაა სულ იმაზე ვლაპარაკობ, რომ უნდა გადავხტე, ჩემს უკან უამრავი ხალხია და მიყურებენ, ტელევიზიები მიღებენ…
მოკლედ ეს ყველაფერი რომ არა, იქიდან გადამხტომი არ ვიყავი…
მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა და სამ დათვლაზე გადავხტი…
იმ შეგრძნებების აღწერა რაც იქ იყო, ეხლაც მიჭირს და არც დავიწყებ მაგის მოყოლას…
უბრალოდ უფრო დიდი სიამოვნება რითი უნდა მიიღოს ადამიანმა ვერ წარმომიდგენია…
ბოლოს რო ჩამომხსნეს და მიწაზე დავდგი ფეხი, მეგონა რომ წონა საერთოდ არ მქონდა… დავფრინავდი…
რაც რამე უარყოფითი მქონდა ყველაფერი ჰაერში დავტოვე…
მოკლედ ახლიდან დავიბადე…

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის…

მე და ჩემ მეგობარს, ვინც ჩემს შემდეგ გადახტა, ისეთი სიამოვნება მოგვანიჭა ამ გადახტომამ, რომ შემდეგ კვირას ისევ მივედით ხიდზე გადასახტომად…
მაგრამ ამჯერად უფრო რთული რამ ავირჩიეთ – წყვილში ჩვეულებრივი თოკით გადახტომა…
ამ სახით მხოლოდ ორგანიზატორები – პროფესიონალი მთამსვლელები, ექსტრემალები ასრულებდნენ ნახტომს… მოყვარულებს უარს ეუბნებოდნენ რადგან ეს უკვე სახიფათო იყო…
ამ სახით ხტომის პრინციპი ასეთია – დგას ორი პოტენციური მხტომელი დაახლოებით ორი მეტრის დაშორებით და ერთმანეთზე გადაბმულები არიან თოკებით… ერთ-ერთი კი მიბმულია მთავარ თოკზე, რაც ხიდზეა დამაგრებული…
ეს ორი ადამიანი დგას ერთმანეთის პირისპირ, უყურებენ ერთმანეთს… და დათვლაზე ერთი გადაეშვება ზურგით, მეორე კი იმავე წამს უნდა მიყვეს სახით…. და ასე მიფრინავენ ქვემოთ სანამ თოკი არ შეაჩერებთ…. შემდეგ კი აქეთ-იქეთ ქანაობენ…
ამ ნახტომის მთელი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ორივე ერთდროულად უნდა გადახტეს… თუ ერთდროულად არ გადახტებიან ერთი დაქაჩავს მეორეს და შეიძლება სერიოზული ტრავმები მიიღონ…
ზუსტად მაგიტომ თავიდან უარი გვითხრეს ორგანიზატორებმა, მაგრამ შემდეგ დიდი წვალების შემდეგ დავარწმუნეთ რომ არცერთი არ ვიყოყმანებდით და არ ჩავაგდებდით ერთმანეთის ჯანმრთელობას საფრთხეში…

ამ შთაბეჭდილებებზეც ვერ ვიტყვი ვერაფერს…
და საერთოდ, ერთი და ორი გადახტომის გამოცდილების მქონე ადამიანისგან განცდების სწორ აღწერას არც უნდა ელოდოთ.

მოკლედ ყველას ვურჩევ რომ თვითონ გამოსცადოს ეს უდიდესი სიამოვნება…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.